Designup

Tag: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მე-8 ტალღა

    7 აპრილი მსოფლიო ჯანმრთელობისდღეა. საერთაშორისო ფინდი კურაციო ამ თარიღს საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის ახალი ტალღით ეხმიანება და 2016 წლის ბოლო 6 თვის ტენდენციებს აფასებს.

    ისევე როგორც წინა ტალღებში, მერვე ტალღაც დარგის სპეციალისტების მოსაზრებებთან ერთად იყენებს საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს, რესპონდენტთა მოსაზრებების განსამტკიცებლადკვლევის მონაწილეები აფასებენ დარგში მიმდინარე წარმატებულ პროცესებსა და არსებულ გამოწვევებს. კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია:

    1. ბოლო 2 წლის მანძილზე ბარომეტრის რესპონდენტები ”C ჰეპატიტის პროგრამის” მიმდინარეობას ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ
    2. VIII ტალღაში ჯანდაცვის სფეროს შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ცვლილებები დასახელდა
    3. რიგით მესამე წარმატებად სამედიცინო დაწესებულებების დონეებად განსაზღვრის დაწყება სახელდება.

    ჯანდაცვის სფეროს წინაშე დგას გამოწვევებიც, რომლებიც შემდეგი მიმართულებით იკვეთება: 1) ხარჯთ-ეფექტურობის მიღწევა ჯანდაცვის დაფინანსებაში 2) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა-ადმინისტრირების კუთხით არსებული ხარვეზები 3) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი.

    • რესპოდენტები შემდეგნაირად აფასებენ სამედიცინო მომსახურების ფასებსა და მოსახლეობის ფინანსურ დაცულობას:
    • 81.5% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურება გაძვირდა
    • 59% თვლის, რომ ამ პერიოდში ჯიბიდან გადახდებმა იმატა
    • 89% მიიჩნევს, რომ ბოლო 6 თვეში მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა

    სპეციალისტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2016 წლის მანძილზე:

    • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა 5.78%-ით
    • საავადმყოფოების მომსახურება კი უმნიშვნელოდ გაძვირდა 0.92%-ით
    • მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებაზე მიუთითებს შინამეურნეობების კვლევის მონაცემებიც: 2010 წლიდან 2015 წლამდე 14%-ით არის მომატებული იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი* დაუდგათ.
    • თუმცა, 2015 წელს მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯის მოცულობა უფრო ნაკლებია ვიდრე 2010 წელს იყო.

    ბარომეტრის პრეზენტაცია სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.

    მადლობას ვუხდით ყველა რესპონდენტს კვლევაში მონაწილეობისთვის.

     

     

  • ვიდეო-კომენტარი ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებზე

    წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო თუმცა ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება.

    საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი და ჯანდაცვის სიტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე ბარომეტრის მეშვიდე ტალღის შედეგებს მიმოიხილავს. ნახეთ ვიდეო-კომენტარი.

  • საქართველოს ჯანადცვის სფეროს ბარომეტრი, მე-7 ტალღა

     წამლის ფასის რეგლირებისთვის მთავრობის მიერ გატარებულმა ახალმა ინიციატივამ შედეგი გამოიღო.

    ჯანდაცვაში დაფინანსების ხარჯთეფექტური მექანიზმების დანერგვა კვლავ საჭიროებად რჩება.

    საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.

    ბარომეტრის მეშვიდე ტალღა  უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებებს და გამოწვევებს აანალიზებს. კვლევა აქცენტს აკეთებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორებიცაა: სამედიცინო სერვისების მოხმარება, სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის ფინანსური დაცულობა, მედიკამენტების ფასების ცვლილება.

    ანგარიშში გამოტანილი დასკვნები ემყარება დარგის სპეციალისტების მოსაზრებებს და ამასთანავე დარდება ჯანდაცვის სფეროს ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ/ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც საჯარო სივრცეშია.

    ბარომეტრის მეშვიდე ტალღის მთავარი მიგნებები შემდეგია:

    • უკვე 18 თვეა, რაც ბარომეტრის რესპონდენტები C ჰეპატიტის და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს ჯანდაცვის სფეროს მნიშვნელოვან წარმატებად ასახელებენ;
    • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ გააუმჯობესა სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობა. წლიდან წლამდე იზრდება როგორც ამბულატორიული, ისე ქირურგიული სერვისების მოხმარება;

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბარომეტრის მეშვიდე ტალღაში რესპოდენტთა ნეგატიური შეფასებების ტენდენცია იცვლება:

    • VII ტალღაში შემცირებულია იმ რესპონდენტთა რადენობა, რომლებიც სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას, ფინანსური ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუარესებას პროგნოზირებენ. მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი რომ ჯიბიდან გადახდები გაიზრდება კვლავ მაღალი რჩება;

    მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, რესპონდენტთა შეფასებები თანხვედრაშია საქსტატის მონაცემებთან. ეს უკანსაკნელი 2016 წლის პირველი 6 თვის მანძილზე სამედიცინო პროდუქციის (წამლების, აპარატურის და მოწყობილობების)  -12.4%-ით გაიაფებას აღნიშნავს მაშინ როცა  ფასები ამბულატორიულ და ჰოსპიტალურ მომსახურებაზე კვლავაც იზრდება:

      • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაძვირდა  5.5%-ით
      • საავადმყოფოების მომსახურება გაძვირდა  1.1%-ით

    რესპონდენტები ჯანდაცვის სფეროს ორ მთავარ გამოწვევად ასახელებენ:

    1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისმართვის ხარვეზებს და
    2. ჯანდაცვის დაფინანსების ხარჯთ-ეფექტური მექანიზმებისდანერგვის აუცილებლობას.

    სრულად კვლევის შედეგების გასაცნობად ჩამოტვირთეთ კვლევა.

    წინა 6 ტალღის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე.

     

  • ვიდეო კომენტარი ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღის შედეგებზე

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღის შედეგები 4 მარტს გახდა საჯარო. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი, გიორგი გოცაძე მოკლედ საუბრობს იმ მნიშვნელოვანი მიგნებების და გამოწვევების შესახებ, რაც ამ კვლევის შედეგად დაფიქსირდა.

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მიგნებები კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ნააზრევს ეყრდნობა და ამავდროულად დარდება სხვა (ანგარიშში მითითებული) წყაროების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

    კვლევა საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ა) ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა ჯანდაცვის სფეროში; ბ) მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; გ) ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა; დ) კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარების პერსპექტივები და ჯანდაცვის სფეროს სამომავლო მოლოდინები.

    კვლევის ანგარიში სრულად შეგიძლია იხილოთ ბმულზე. 

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეხუთე ტალღა

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეხუთე ტალღა საერთაშორისო ფონდი კურაციო განაგრძობს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრში“ მონაწილე სპეციალისტების და ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით გთავაზობთ ბარომეტრის მეხუთე ტალღის შედეგებს.

    ამ ტალღის აქცენტები ისეთ საკითხებზე გაკეთდა, როგორიცაა: მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე, სამედიცინო მომსახურების მოხმარების ტენდენციები, საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი და კერძო სამედიცინო დაზღვევის პერსპექტივები, და სხვა. ბარომეტრის მეხუთე ტალღის მთავარი მიგნებები ასეთია:

    • ექსპერტებისა და სპეციალისტების მოსაზრებებით ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად “C” ჰეპატიტის პროგრამა დასახელდა;
    • ბარომეტრის მეოთხე და მეხუთე ტალღების მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედება ნაყოფიერი აღმოჩნდა, რადგან ექსპერტთა მოსაზრებებით მნიშვნელოვნად შემცირდა მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება;
    • საინტერესოა, რომ 2015 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებით კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ დროისთვის შეადგენს 522,637 დაზღვეულს. რამაც მოსალოდნელია, რომ შეამციროს საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის ტვირთი;
    • საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მოსახლეობის მიმართვიანობის მაჩვენებელი, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი პოზიტივია;
    • გაზრდილია ასევე ჰოსპიტალური სერვისების მოხმარებაც, განსაკუთრებით კი გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების მოხმარების მაჩვენებელი (314%-ით), რაც ბადებს ლოგიკურ კითხვას: გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების ზრდა ხომ არ არის საავადმყოფოების ხელოვნური პასუხი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ხომ არ შეუქმნის პრობლემებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს, რომელიც უკვე გადახარჯულია?
    ზოგადი მოლოდინები
    • ბარომეტრის მესამე ტალღიდან (ივნისი, 2014წ) დღემდე, ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდა სახელდება.
    • მედიკამენებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემებს ასევე ხაზს უსვამს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული „ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა 2014“, სადაც ნათქვამია, რომ ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე გაიზარდა და განსაკუთრებით მოსახლეობის უღარიბეს ფენებში. სავარაუდოა, რომ ღარიბებს შორის მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ზრდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე მოხდა. და ბოლოს, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მიხედვით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დახარჯულია 14%-ით, ანუ 32 მილიონი ლარით მეტი. აღნიშნული, შესაძლოა, გამოწვეული იყოს ჯანდაცვის სერვისების მაღალი უტილიზაციით და განსაკუთრებით გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის სწრაფი ზრდის ტემპით.

    მეტი ინფორმაციისთვის: იხილეთ ბარომეტრის მეხუთე ტალღის ანგარიში.  

    შენიშვნა: ბარომეტრის შედეგები ასახავს კვლევაში ჩართულ სპეციალისტთა მოსაზრებებს და მოლოდინებს. რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, რესპონდენტთა მოსაზრებები შედარებულია ფაქტობრივ სტატისტიკურ და სხვა კვლევების მონაცემებს. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მესამე ტალღა

    საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გთავაზობთ „საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის“, მესამე ტალღის შედეგებს, რომელიც მოიცავს ექვს თვიან პერიოდს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი ტრადიციულად, ცდილობს შეაფასოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენები და მათი სავარაუდო გავლენები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

    ბარომეტრის მესამე ტალღაში ყურადღება გამახვილებულია სახლემწიფო დაფინანსების ადეკვატურობაზე, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასებზე, ასევე მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასა და კერძო სადაზღვევო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე. სპეციალისტთა მოსაზრებები შედარებულია სახელმწიფოს ოფიციალურ მონაცემებსა და სფეროში არსებულ სხვა კვლევებს, რათა ნათელი გახდეს, რამდენად დაახლოებულია სპეციალისტთა მოსაზრებები დარგში მიმდინარე პროცესებთან. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.

    ბარომეტრის ძირითადი მიგნებები
    • 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო დანახარჯი ჯანდაცვაზე, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;
      • NDI-ს მიერ 2014 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”- თანახმად მოსახლეობის 40% აღნიშნავს სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას
      • საქსტატის მონაცემებით, გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. თუმცა, ფინანსური დაცულობის კუთხით სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა 2013 წელს წინა წელთან შედარებით გაუარესდა.
    • სრულად რომ დაფინანსებულიყო 2013 წლის „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ 48%-ით დაფინანსდა, საფიქრებელია, რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობის მხრივ, საზოგადოება ალბათ უკეთეს შედეგს მიიღებდა;
    • მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ კერძოდ დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდებოდა, 2012-2013 წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 117,000 ადამიანით ანუ (20%-ით) შემცირდა და ეს ხალხი ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვა;
    • 2014 წლისთვის მნიშვნელოვნადაა გაზრდილი „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ რისკები, რადგან:
      • 117,000 ადამიანით არის გაზრდილი პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ადრე კერძოდ იყო დაზღვეული და მოსალოდნელია, რომ კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს 2014 წელს და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაფინანსება დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს;
      • 2014 წლის აპრილის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობაზე ფასები გაიზარდა 7.1%-ით და მედიკამენტებზე 6.8%-ით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროგრამის 2014 წლის ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას;
      • დაბოლოს, 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც 12 თვეს მოიცავს 5.5%-ით ნაკლებია, ვიდრე იგივე პროგრამის 2013 არასრული წლის ბიუჯეტი, თუმცა იგი შესადარისია იმ დანახარჯისა, რომელიც მთავრობამ რეალურად დახარჯა 2013 წელს.

    მეტი: იხილეთ ბარომეტრის ანგარიშში.

  • საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეორე ტალღა

    საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომელშიც წარმოდგენილია ექსპერტული შეფასებები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ცვლილებებზე.

    “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” ეყრდნობა გამოკითხული 98 ექსპერტის შეფასებებს და მოიცავს 6 თვიან პერიოდს- 2013 წლის მაისიდან ოქტომბრამდე.

    კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის მოსალოდნელ შედეგებზე, ჯანდაცვის სფეროში კერძო ინვესტიციებზე მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სავარაუდო გავლენაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე, ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

    საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ბარომეტრი პირველად 2013 წლის აპრილში გამოაქვეყნა. მეორე გამოკითხვისას მიღებული ზოგიერთი შეფასება უფრო ოპტიმისტური აღმოჩნდა, თუმცა ასევე წარმოჩინდა საკითხები სადაც პესიმისტურმა მოლოდინებმა იმატა.

    კვლევის ძირითადი მიგნებები

    ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ გატარებული ინიციატივები ზოგადად ეფექტური იყო – ამ პერიოდში სკეპტიკოსთა წილი საგრძნობლად შემცირდა 52.4%-დან 33%-მდე;
    მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ახლა უფრო მეტი რესპონდენტი მიიჩნევს ეფექტურად, თუმცა დარგის დაფინანსების მოცულობა შეფასებულია როგორც “ნაკლებად ადეკვატური”;
    მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდისა, ექსპერტთა მოლოდინები, რომ ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება და/ან ფასები დაიკლებს, მეორე ტალღაში უფრო მეტად პესიმისტური გახდა;
    მეორე ტალღაში შემცირდა ოპტიმისტური მოლოდინები 38.8%-დან 25.5%-მდე, რომ მედიკამენტების ფასები შემცირდება, რაც ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ექსპერტების 47.3% თვლის რომ ფარმაცევტული ბაზრის მართვა-რეგულირების კუთხით ბოლო 6 თვეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა;
    ექსპერტების შეფასებით, ისევე როგორც პირველ ტალღაში, კვლავაც პრობლემურად რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო განათლების სისტემა;
    სამედიცინო კადრის მომზადების სისტემა, ექსპერტების უმრავლესობის აზრით კვლავაც არ პასუხობს დღევანდელობის მოთხოვნებს და 69.8% აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები ბოლო 6 თვეშიც არ გადადგმულა;
    საყოველთაოდ ცნობილია, რომ დარგის განვითარებისთვის აუცილებელია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ექსპერტების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე გატარებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების ზრდას სადაზღვევო ინდუსტრიაში (70.3%) თუ სამედიცინო დაწესებულებებში (61.6%);
    ექსპერტები თვლიან რომ დარგში გატარებული პოლიტიკა გაზრდის სახელმწიფოს როლს სადაზღვევო კომპანიებში (54.9%) და სამკურნალო დაწესებულებებში (76.9%);
    ექსპერტების მიერ პოზიტიურად აღქმული შედეგები და ტენდენციები, სავარაუდოდ, განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პრიორიტეტების მკაფიო ფორმულირებამ და კომუნიკაციამ პროგრამული და/ან სახელმწიფო დოკუმენტებით და მედიით. უარყოფით შედეგები კი სავარაუდოდ გამოწვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან განცხადებული პრიორიტეტების ან არარსებობით ან არასაკმარისი დეტალიზაციით.

    მკვლევართა დასკვნით, მთავრობის მხრიდან დარგის პრიორიტეტების მკაფიოდ და გამჭვირვალედ ჩამოყალიბებამ და ადეკვატურმა კომუნიკაციამ შესაძლებელია პოზიტიური გავლენა იქონიოს დარგის მომავალზე და შესაბამისად საზოგადოებრივ აზრზე.

    კვლევაში მონაწილე ექსპერტები წარმოადგენენ სამინისტროებს და სამთავრობო სტრუქტურებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და კვლევით ჯგუფებს.

    საერთაშორისო ფონდი “კურაციო” ამგვარ კვლევას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაატარებს, რათა დინამიკაში დააკვირდეს დარგში მიმდინარე მოვლენებს და ამ ცვლილებების მიმართ ექსპერტების დამოკიდებულებას.

    საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი 2013

     

  • საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, პირველი ტალღა

    25 აპრილს საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აქვეყნებს კვლევის “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” შედეგებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და ცვლილებებს აფასებს და ჯანდაცვის ექსპერტთა სამომავლო მოლოდინებს აღწერს.

    გამოკითხულ ექსპერტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე კვლევაში შეფასებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილის თვემდე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 91-მა ექსპერტმა.

    კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის ეკონომიკურ შედეგებზე, მთავრობის მიერ ბოლო თვეებში გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელ გავლენაზე კერძო ინვესტიციებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე; ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

    ექსპერტთა შეფასებით
    1. სამედიცინო მომსახურების ხარისხი კვლავაც რჩება დარგის ერთერთ საჭირბოროტო საკითხად, სადაც საგრძნობი ცვლილებები ჯერ არ გატარებულა;
    2. სამედიცინო განათლების გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. შესაბამისად ქვეყანაში არსებული სამედიცინო განათლების სისტემა ექსპერტთა აზრით არ არის ადეკვატური;
    3. ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ექსპერტების სკეპტიკურ შეფასებებს იმსახურებს. ექსპერტების 59% ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს ნაკლებად ადეკვატურად მიიჩნევს, ხოლო 25%-ს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად არ იყო ადეკვატური. ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად მხოლოდ ექსპერტთა 15 % აფასებს;
    4. ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების მოცულობებს ათიდან ცხრა ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამოყოფილი დაფინანსება ნაკლებად ან საერთოდ არ არის ადეკვატური;
    5. ექსპერტთა 66 %-ის აზრით, მოსალოდნელია რომ სახელმწიფო პოლიტიკა კერძო ინვესტიციებს ყველაზე მეტად შეაფერხებს სადაზღვევო ინდუსტრიაში. გამოკითხულთა 39 % ფიქრობს, რომ კერძო ინვესტიციები შეფერხდება საავადმყოფო/სამკურნალო დაწესებულებებშიც;
    6. ექსპერტთა 61 % ელოდება, რომ მთავრობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანრმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

    კვლევაში მონაწილე ექსპერტები წარმოადგენენ სამინისტროებს და სამთავრობო სტრუქტურებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და კვლევით ჯგუფებს.

    საერთაშორისო ფონდი “კურაციო” ამგვარ კვლევას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაატარებს, რათა დინამიკაში დააკვირდეს დარგში მიმდინარე მოვლენებს და ამ ცვლილებების მიმართ ექსპერტების დამოკიდებულებას. ფონდი იმედს გამოთქვამს რომ ამით საკუთარ წვლილს შეიტანს ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში.