Designup

საქართველოში ტუბერკულოზის სფეროში სამედიცინო პერსონალის  შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება (RBF4TB)

შესავალი და მოკლე მიმოხილვა

საერთაშორისო ფონდი კურაციო დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტთან (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტთან (ბელგია) ერთად ახორციელებს კვლევას “სქართველოში ტუბერკულოზის მკურნალობის შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შემუშავება და შეფასება: ხარჯების, ეფექტიანობისა და გავლენის განსაზღვრა ”. კვლევითი პროექტი, რომლის ხანგრძლივობა 48 თვეს შეადგენს, საქართველოს მთავრობას ტუბერკულოზის მკურნალობისთვის პროვაიდერების ანაზღაურების წამახალისებელი სისტემის (პილოტური პროექტი) შემუშავებაში დაეხმარება.

კერძოდ, კვლევის ფარგლებში შემდეგ კითხვებს გაეცემა პასუხი:

(1) რა გავლენა აქვს პროვაიდერებზე ფოკუსირებულ, შედეგზე დაფუძნებულ დაფინანსებას (Results Based Financing- RBF) ტუბერკულოზის მკურნალობაზე პაციენტთა დამყოლობაზე და  მულტირეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის შედეგებზე საქართველოში?

(2) არის თუ არა RBF მოდელი ხარჯთეფექტიანი?

(3) როგორ და რა პირობებში მუშაობს სისტემა? ვისთვის არის იგი განკუთვნილი?

(4) რა სახის ცვლილებები უნდა შევიდეს RBF მოდელში, რომ იგი ქვეყნის მასშტაბით დაინერგოს, როგორც ტუბერკულოზის ისე სხვა სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიმართულებით?

პროექტი 2017 წლის მარტში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე გაგრძელდება.

 

კვლევაში მონაწილე ორგანიზაციები

ჯანდაცვის სისტემების ერთობლივი კვლევის ინიციატივის საშუალებით პროექტს აფინანსებს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი  (DFID), ეკონომიკისა და სოციალური კვლევის საბჭო  (ESRC), სამედიცინო კვლევების საბჭო (MRC) და  სამეცნიერო ფონდი Wellcome Trust (WT).

კვლევას განახორციელებს  საერთაშორისო ფონდი კურაციო, დედოფალ მარგარეტის სახელობის უნივერსიტეტი (გაერთიანებული სამეფო), ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა (გაერთიანებული სამეფო) და ანტვერპენის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი (ბელგია).

 

კვლევის მოსალოდნელი შედეგები

კვლევის ბენეფიციარები არიან ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები, ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესში ჩართული ექთნები და ექიმები, სამედიცინო დაწესებულების მენეჯერები, პოლიტიკის განმსაზღვრელები, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები და მეცნიერები,  როგორც რეგიონის, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

კვლევა ხელს შეუწყობს RBF მოდელის შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას სახელმწიფო და კერძო სექტორში მოდელის ხარჯთეფექტიანობის, წარმატების წინაპირობებისა და შედეგების შესახებ.

კვლევა ასევე გულისხმობს მეთოდოლოგიური სიახლის – რეალისტური შეფასების გამოყენებას, ხარჯთეფექტიანობის ანალიზთან ერთად.

კვლევის შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს გამოიყენებენ  ქვეყანაში პოლიტიკის განმსაზღვრელები პირველადი ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების სისტემის რეფორმებისა და მომსახურების ეფექტიანობის, ხარისხის, მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით.  გარდა ამისა, კვლევის შედეგები სარგებელს მოუტანს სხვა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს, განსაკუთრებით სადაც ტუბერკულოზის მართვის ანალოგიური ვერტიკალური სისტემა მუშაობს (აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ასევე ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები) და სადაც კერძო პროვაიდერები ტუბერკულოზთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.