Designup

ინტერვიუ თამარ სირბილაძესთან საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ზომასა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკის შემცველი ქცევების შესახებ

ინტერვიუ ეყრდნობა საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში  ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის ინტეგრირებული კვლევის უახლეს ტალღას. კვლევა მიზნად ისახავს შეაფასოს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში აივ ინფექციის და C ჰეპატიტის ვირუსის გავრცელება, განსაზღვროს აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევები და მოიძიოს მტკიცებულებები ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.

კვლევა განხორციელდა საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონთან“ თანამშრომლობით და შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდის საზოგადოებრივ გაერთიანება „ბემონის” წარმომადგენელს და კვლევის ტექნიკურ ექსპერტს თამარ სირბილაძეს ინტერვიუსთვის.

1. როგორ ვაფასებთ ნარკომომხმარებლების რაოდენობას ქვეყანაში და რა ტენდენცია იკვეთება?

ბოლო კვლევის თანახმად, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა სავარაუდო რაოდენობა 52,500-ია. ზრდასრულ (18-65 წლის) მოსახლეობაზე გადათვლით, პრევალენტობის, ანუ გავრცელების მაჩვენებელი გამოვიდა 2,24%. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი – პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით, მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ სეიშელის კუნულებისა და რუსეთის შემდეგ. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რომ სახეზეა ნარკოტიკების მომხმარებელთა სტაბილური ზრდის ტენდენცია – ამ ტიპის კვლევები საქართველოში ტარდება 2009 წლიდან და ყოველ ორ წელიწადში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა რამოდენიმე ათასით იზრდება.

ჩამოტვირთეთ კვლევა: ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2017

2. რომელი მედიკამენტებია მეტად მოხმარებადი? რა შეიცვალა ამ კუთხით წინა კვლევებთან შედარებით? 

ინექციური გზით მოხმარებად ნარკოტიკებს შორის ლიდერობენ ბუპრენორფინი (პრეპარატები სუბუტექსი და სუბოქსონი) და ჰეროინი, განსაკუთრებით, მისი შედარებით იაფფასიანი ნაირსახეობა, ე.წ. „სირეცი“ (არასუფთა ჰეროინი). კვლევის წინა რაუნდთან (2014) შედარებით, ბუპრენორფინის მოხმარება თითქმის ორჯერ გაიზარდა, მცირედ შემცირდა ჰეროინის მოხმარების მაჩვენებელი; მკვეთრად შემცირდა აფთიაქში შეძენილი კომბინირებული პრეპარატების გამოყენებით მიღებული თვითნაკეთი საინექციო ნარკოტიკების – ე.წ. „კრაკადილის“ (დეზომორფინი), „ვინტისა“ (მეთამფეტამინი) და „ჯეფის” (მეთკათინონი) მოხმარება. და, გაჩნდა ახალი საინექციო ნარკოტიკი – ე.წ. „წიწვები“(„ეფედრა ვინტი“, მარადმწვანე ეფედრას ბუჩქების წიწვოვანი ფოთლებისგან კუსტარულად დამზადებული საინექციო ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც მასტიმულირებელი ეფექტი გააჩნია).

რაც შეეხება არასაინექციო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ამ პოპულაციაში კვლავ ძალიან გავრცელებულია კანაფის (მარიხუანა) და ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება. ძირითადად, მოიხმარენ გამაბრუებელი ეფექტის მქონე ფსიქოტროპულ პრეპარატებს. უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით ამ მედიკამენტების მოხმარების მაჩვენებელი შემცირებულია.

3. როგორია ინმების სარისკო ქცევა? გაზიარების პრაქტიკა?

აივ ინფიცირების რისკის თვალსაზრისით, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების ქცევების სპექტრი, ძირითადად, 2 ჯგუფად იყოფა, ესენია ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკის შემცველი ქცევები და ქცევა სქესობრივი კონტაქტის დროს. წინა კვლევებთან შედარებით, ყველა ქალაქში გაუმჯობესდა ნარკოტიკის უსაფრთხო მოხმარების მაჩვენებელი – შემცირდა ნახმარი ნემისის/შპრიცისა და სხვა საინექციო მოწყობილობის გაზიარების პრაქტიკა. რაც შეეხება სქესობრივ ქცევას, ფასიან და შემთხვევით სქესობრივ პარტნიორებთან კონდომის გამოყენების სიხშირე მაღალია, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება კონდომის გამოყენება რეგულარულ სქესობრივ პარტნიორთან.

4. ზოგადად როგორ აფასებთ არსებულ მდგომარეობას აივის და C ჰეპატიტის პრევალენტობაზე?

უნდა აღინიშნოს, რომ ნარკოტიკების ინექციური                                                                            გზით მომხმარებელთა პოპულაციაში C ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი ბევრად მაღალია აივ-თან შედარებით. აივ პრევალენტობის საშუალო მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა 2015 წლის შემდეგ; კვლევის შედეგად გამოვლინდა 47 დადასტურებული აივ დადებითი შემთხვევა. C ჰეპატიტის ვირუსის მაღალი გავრცელების მაჩვენებელი ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის წინა რაუნდებშიც ფიქსირდებოდა.

 

ჩამოტვირთეთ კვლევა: აივ ინფიცირების რისკის შემცველი და უსაფრთხო ქცევები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში საქართველოს 7 ქალაქში, 2017

 

5. საქართველოს რომელ ქალაქებშია მეტად გავრცელებული აივ და C ჰეპატიტი?

იმ შვიდი ქალაქიდან, სადაც კვლევა ჩატარდა,  ორივე ინფექციის ყველაზე მაღალი გავრცელება დაფიქსირდა ბათუმში. აივ-ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით, ასევე ლიდერობენ გორი და ქუთაისი; რაც შეეხება ზუგდიდს, სადაც წინა ორი რაუნდის დროს ყველაზე მაღალი მონაცემი ფიქსირდებოდა, 2017 წელს აღინიშნა პრევალენტობის მაჩვენებლის შემცირება, ყველაზე დაბალი პრევალენტობა არის რუსთავში.  C ჰეპატიტის პრევალენტობა ასევე მაღალია თბილისში, გორში და ქუთაისში. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი თელავშია.

6. C ჰეპატიტზე ტესტირება მომხმარებლების 27% – საერთოდ არ ჩაუტარებია. ხომ არ უნდა გავზარდოთ ნარკომომხმარებლების ინფორმირებულობა არსებულ საფრთხეებზე?

მთლიანად მოსახლეობის და, კონკრეტულად, ნარკოტიკების მოხმარებელთა პოპულაციის ინფორმირება როგორც C ჰეპატიტზე ტესტირების, ასევე მკურნალობის შესახებ, აუცილებელია. სამწუხაროდ, საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი მოსაზრებები და შეხედულებები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ. ზოგიერთ ჩვენს რესპონდენტს ეშინია პროგრამაში ჩართვა მკურნალობასთან დაკავშირებული გარკვეული უარყოფითი სტერეოტიპების გამო და ამიტომ, არც ტესტირებას იტარებს. ზოგიერთისთვის ტესტირების ბარიერია კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩასატარებლად საჭირო თანხა.

 

7. კვლევის მიხედვით ნარკომომხმარებლების 71% უმუშევარია და  მესამედის საშუალო თვიური შემოსავალი 100- დან 300 ლარამდე მერყეობს. რამდენად არის ეს ფაქტორი დაკავშირებული იმ სარისკო ქცევებთან, რაზეც კვლევა აქცენტს აკეთებს?

საინტერესო კითხვაა… თუმცა, ჩვენი კვლევა ამ კითხვაზე პასუხს ვერ იძლევა. და, საერთოდ, ძალიან რთულია პასუხი კითხვაზე, რატომ ახორციელებენ ადამიანები მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ ქცევებს. აქ ბევრი სხვადასხვა ფაქტორის თანხვედრა ხდება. ნარკოტიკებ

ის მომხმარებლებთან მიმართებაში ეს ფაქტორები შეიძლება იყოს ნარკოტიკის მომზადების წესი – თუკი ნარკოტიკის ხსნარი საერთო ჭურჭელში მზადდება, საინექციო ატრიბუტიკის გაზიარების რისკი  უფრო მაღალია; ასევეა მოხმარების სიხშირე – რაც უფრო ხშირად მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს, მით უფრო იზრდება რისკის შემცველი საინექციო ქცევების ალბათობა. გარკვეულ ზეგავლენას ახდენს თანასწორთა ნორმები და შეხედულებები, ინფორმირებულობის დონე და ა.შ. თუ თქვენს კითხვას დავუბრუნდებით, ისიც ხომ საყოველთაოდ ცნობილია, რომ მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანები ბევრად უფრო ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

8. პირველი არაინექციური და ინექციური მოხმარების ასაკი შესაბამისად 16 და 19 წელია, როგორ ედარება ეს ციფრი მსოფლიო სტატისტიკას?

ჩვენი კვლევების თანახმად,  ნარკოტიკის გასინჯვისა და პირველი ინექციის ასაკი პრაქტიკულად არ შეცვლილა 2009 წლის შემდეგ. ეს ციფრები დიდად არ განსხვავდება სხვა ქვეყნების მონაცემებისგან.

9. კვლევის მიხედვით დაბალია მიმართვიანობა ნარკოლოგიურ დაწესებულებებში. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (47%) აცხადებს, რომ არ აქვს სურვილი იმკურნალოს.  ეს მაჩვენებელი სერვისის ხელმისაწვდომობის ნაკლოვანებაზე მიუთითებს, თუ სხვა ფაქტორებით იხნსება?

დავიწყოთ იმით, რომ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული ქცევების ფართო სპექტრი, სამედიცინო თვალსაზრისით,  ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: ნარკოტიკის ეპიზოდური მოხმარება და ნარკოტიკზე დამოკიდებულება. იმ ადამიანებს, ვინც არარეგულარულად მოიხმარენ ნარკოტიკებს, წამალდამოკიდებულება ჩამოყალიბებული არა აქვთ, შესაბამისად, არც მკურნალობა ესაჭიროებათ. რაც შეეხება წამალდამოკიდებულ პირებს, ანუ მათ, ვისაც ესაჭიროება მკურნალობა, აქ მთავარი ბარიერი არის ნარკოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა –  საქართველოში ნარკოლოგიური საწოლების რაოდენობა  შეზღუდულია. არსებობს მკვეთრი დისბალანსი ცენტრსა და რეგიონში შესაბამისი მომსახურების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ქვეყნის მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფინანსდება პაციენტების შეზღუდული რაოდენობა.  შესაბამისად, უფასო მკურნალობის მისაღებად პაციენტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ ლოდინი. დღესდღეობით, წამალდამოკიდებულთა უმრავლესობას თავად უხდება მკურნალობის საფასურის გადახდა, რაც მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს.