Designup

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეექვსე ტალღა

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღაში აფასებს მიმდინარე მოვლენებს.

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მიგნებები კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ნააზრევს ეყრდნობა და ამავდროულად დარდება სხვა (ანგარიშში მითითებული) წყაროების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

კვლევა საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ა) ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა ჯანდაცვის სფეროში; ბ) მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; გ) ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა; დ) კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარების პერსპექტივები და ჯანდაცვის სფეროს სამომავლო მოლოდინები.

რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, წარმოდგენილი ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებები, სადაც შესაძლებელი იყო,  შედარდა არსებულ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს.

ბარომეტრის მეექვსე ტალღის მთავარი მიგნებები ასეთია:

  • ექსპერტები და სპეციალისტები ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად C ჰეპატიტისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების უწყვეტად მიმდინარეობას ასახელებენ;
  • თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება და ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა უმთავრეს პრობლემად, ჯანდაცვის სფეროს გამოწვევად აღიარეს;
  • ბარომეტრის რესპონდენტთა მოსაზრებებით იმატა კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობამ, რაც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებითაც დასტურდება: 2014 წლიდან სახეზეა კერძოდ დაზღვეულთა რიცხვის მნიშვნელოვანი მატება. 2015 წლის III კვარტლის ბოლოს დაზღვეულთა რაოდენობა – 533,711 ადამიანი იგივე ნიშნულს დაუბრუნდა, რაც 2013 წლის დასაწყისში იყო;
  • 2013 წლიდან სახეზეა სამედიცინო მომსახურებასა და განსაკუთრებით მედიკამენტებზე ფასების მაღალი ტემპით ზრდა, რომელიც მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს ზრდის. ამ ნაწილშიც ბარომეტრის რესპონდენტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები თანხვედრაშია. ფასების ამგვარი მატება ყოველწლიურად ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას და შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს;
  • ამასთანავე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბარომეტრის რესპონდენტებს შორის განუხრელად იზრდება პესიმისტური მოლოდინები.

კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბარომეტრის მეექვსე ტალღის ანგარიშში..

წინა 5 ტალღის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე.