Designup

აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015

აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015

საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას.

წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში პატიმრებს შორის ქცევაზე და ბიომარკერებზე ზედამხედველობის (Bio-BSS) კვლევის შემდგომ ტალღას. პირველი ასეთი კვლევა ჩატარდა 2008 წელს, მარტივი რანდომული შერჩევის  გამოყენებით.

ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე სიფილისის პრევალენტობა პატიმრებში. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორი ორგანიზაციების – “საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის თანადგომასა” და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ.

კვლევაში მარტივი რანდომული შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რეკრუტირებული იყო 300 პატიმარი 3 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევის ძირითადი შედეგები:

სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები

  • რეკრუტირებული პატიმრების მედიანური ასაკი იყო 34 წელი, 18-დან 78 წლამდე დიაპაზონით, განათლების დონის მიხევით, რესპონდენტების თითქმის სამ მეოთხედს (74.1%) მიღებული ჰქონდა საშუალო განათლება და პატიმრების ნახევარზე ნაკლები (46.8%) იყო დაქორწინებული.
  • პატიმრობის ხანგრძლივობის მედიანაა 1.5 წელი, დიაპაზონით 0.08-დან 19 წლამდე.

სქესობრივი ქცევა

  • სქესობრივი კონტაქტები პატიმრებში არ არის გავრცელებული (35.2%). უმრავლესობა (95.3% ) ამბობს, რომ ეს იყო ჰეტეროსექსუალური კონტაქტი, 4-მა რესპონდენტმა აღნიშნა როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალური კონტაქტები და მხოლოდ ერთმა პატიმარმა აღნიშნა, რომ ჰქონდა ჰომოსექსუალური კონტაქტი.
  • რაც შეეხება კონდომის გამოყენებას ბოლო ანალური კონტაქტის დროს, 3-მა რესპონდენტმა 5-დან აღნიშნა, რომ გამოიყენა კონდომი, და სხვებმა კი არ გამოიყენეს, რის მიზეზადაც პარტნიორისადმი ნდობას ასახელებენ.

ნარკოტიკების მოხმარება და დამატებითი რისკები

  • რესპონდენტების ნახევარზე ოდნავ მეტს (52.2%) ოდესმე მოუხმარია ნარკოტიკები. იმათგან, ვისაც ოდესმე მოუხმარია ნარკოტიკები, 87.9% ინექციურ მოხმარებას აღნიშნავს, ხოლო 68.8% – არაინექციურ მოხმარებას.
  • რესპონდენტების  10.3%-მა აღნიშნა ნარკოტიკის არაინექციური მოხმარება ბოლო 12 თვის განმავლობაში, და მხოლოდ 8 პატიმარმა აღნიშნა, რომ მოუხმარია ინექციური ნარკოტიკები. აღსანიშნავია, რომ არც ერთმა რესპონდენტმა არ აღნიშნა ნემსებისა და შპრიცების საზიარო მოხმარება ბოლო 12 თვის განმავლობაში.
  • აივ-ის მიმართ დამატებითი რისკები ასევე მცირე აღმოჩნდა. პატიმრების თითქმის ერთი მესამედი აღნიშნავდა პატიმრობის დროს ტატუირებას (31.6%). მხოლოდ ხუთმა პატიმარმა დააფიქსირა, რომ მოუხმარია საზიარო შპრიცები სამკურნალო მიზნით, ხოლო 3%-ს გამოყენებული ჰქონდა სხვის მიერ ნახმარი საპარსი. ალკოჰოლის მოხმარება ციხეებში ძალიან დაბალია – 3%-მა აღნიშნა მისი მიღება ბოლო 12 თვის განმავლობაში.

ცოდნა აივ-ზე და აივ ტესტირების პრაქტიკა

  • რესპონდენტების უმრავლესობა (91.4%) აცხადებს, რომ სმენია აივ/შიდსის შესახებ.
  • აივ-ის შესახებ ცოდნა, გაზომილი აივ/შიდსის საპასუხო ღონისძიებების პროგრესის გლობალური ანგარიშის ინდიკატორით, დაბალია – რესპონდენტების 23.3%-მა შეძლო, სწორი პასუხი გაეცა აივ-ის შესახებ შეკითხვებისათვის.  აივ-ის შესახებ ცოდნა არ შეცვლილა 2011-დან 2015 წლამდე.
  • აივ-ზე ტესტირების შეთავაზება ციხეებში, ისევე, როგორც ტესტირების ჩატარება პატიმრების მიერ მომატებულია, რაც მეტყველებს პრევენციული პროგრამების მიერ პენიტენციურ სისტემაში დაარსებული ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების კაბინეტების წარმატებულობაზე.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

  • სგგი-ის შესახებ გათვითცნობიერებულობა მაღალია, რესპონდენტების უმრავლესობას (91.0%) სმენია სგგი-ის შესახებ, პატიმრების ცოდნა და მკურნალობისათვის მიმართვის ქცევა არ შეცვლილა 2012 წლის შემდგომ.

პრევენციული პროგრამებით მოცვა/მედია

  • რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა ტელევიზია დაასახელა აივ-სა და სგგი-იზე ინფორმაციის პირველ წყაროდ, მას მოჰყვება სპეციალური ბუკლეტები, სხვა პატიმრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
  • კვლევამ აღმოაჩინა სტატისტიკურად სარწმუნო ზრდა იმ რესპონდენტების პროპორციისა (25.2% 2015 წელს და 18.3% 2012 წელს, p<0.05), რომლებიც მოცული იყვნენ პრევენციული პროგრამით.

აივ-ის და სიფილისის პრევალენტობა

  • საკვლევ შერჩევაში აივ ინფექციის პრევალენტობამ შეადგინა 2%. წინა კვლევაში პრევალენტობა იყო 0.3%. თუმცა, ის არ აღმოჩნდა სტატისტიკურად სარწმუნო.
  • სიფილისის პრევალენტობა დაბალია. სიფილისის გავრცელების შედარება 2012 წლის კვლევის მონაცემებთან გვიჩვენებს სტატისტიკურად სარწმუნო შემცირებას (p<0.001).

სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.