თებერვალში საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი გიორგი გოცაძე ფორბსის ქართულ გამოცემას ესაუბრა. ინტერვიუში აქცენტი ჯანდაცვის სისტემების ეფექტიან მართვაზე და ჯანდაცვაში ინოვაციების როლზე გაკეთდა. ამ კონტექსტში ისაუბრეს გლობალური ჯანდაცვის სისტემების (HSG) და საერთაშორისო ფონდი კურაციოს თანამშრომლობაზეც. გთავაზობთ ინტერვიუს:
გლობალური ჯანდაცვის სისტემები (HSG) პირველი საერთაშორისო საზოგადოებაა, რომლის მიზანია, იკვლიოს ჯანმრთელობის სისტემები და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში დანერგვას შეუწყოს ხელი. HSG მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს 1900 წევრს: მკვლევრებს, პოლიტიკის შემქმნელებს, დონორებს, განმახორციელებლებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
2015 წლის მარტამდე HSG-ის სამდივნო კოპენჰაგენში იყო განთავსებული. 2015 წლის მარტიდან კი თბილისში გადმოინაცვლა და გიორგი გოცაძე სამდივნოს საერთაშორისო ფონდ კურაციოს გუნდთან ერთად ხელმძღვანელობს.
ამ გუნდს პირველი სერიოზული გამოწვევა შარშან ნოემბერში ვანკუვერში, კანადაში ჰქონდა, როცა მეოთხე გლობალური სიმპოზიუმი ჩაატარა, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტი პროფესიონალი შეიკრიბა და ყველაზე მწვავე პრობლემებზე იმსჯელა – მათ შორის აღმოჩნდა Forbes Georgia-სთვის საინტერესო თემატური საკითხები: მაგალითად, ჯანდაცვა და ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემები ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ; ჯანდაცვის სისტემების ეფექტიანი მართვა და ინოვაციების როლი ჯანდაცვაში.
კონფერენციას სამი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გასდევდა ლაიტმოტივად: პირველი, ჯანდაცვის სისტემების მდგრადობა – რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემას უნდა გააჩნდეს შოკების აბსორბციისა და უკვე მიღწეული შედეგების შენარჩუნების უნარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ათწლეულების მანძილზე ამ სფეროში ჩადებული ინვესტიციები შეიძლება უკვალოდ აორთქლდეს; მეორე, ჯანდაცვის სისტემების ადეკვატურობა – რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემას უნდა შეეძლოს მომავლის საჭიროებების განჭვრეტა და ახალი შესაძლებლობების გათვალისწინება. სისტემა ახალი შესაძლებლობების გამოყენებას უნდა ცდილობდეს, იქნება ეს სოციალური მედია თუ ახალი საინფორმაციო თუ ბიოტექნოლოგიები. დაბოლოს, ჯანდაცვის სისტემები უნდა განვიხილოთ, როგორც ინოვაციების ინკუბატორი – ეს იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური მიდგომების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ საჭიროებებისთვის თვალის გასწორება, რაც ერთნაირად ეხება ცალკეულ ინდივიდებს, მთავრობებს და ზოგადად, ჯანდაცვის სფეროს და არა მხოლოდ დღეს, არამედ მომავალშიც.
მთავარი ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ვერც ერთი ეს სამი მიზანი ვერ მიიღწევა, თუკი არ არსებობს კვლევები, თუკი არაფერი დათვლილა, გაანალიზებულა, თუკი მხოლოდ კერძო შემთხვევებს ვაკვირდებით და არსად ჩანს სისტემური ტენდენცია, თუკი ეფექტის გაზომვა და დროში შედარება შეუძლებელია.
გიორგი გოცაძე ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაგვთანხმდა.
– მოგესალმებით, ბატონო გიორგი. მსურს, ჩვენი საუბარი გლობალური ჯანდაცვის სისტემების მთავარი გამოწვევებით დავიწყოთ. რა დგას დღეს ყველაზე მწვავედ გლობალური ჯანდაცვის დღის წესრიგში?
პირველი გამოწვევა ტექნოლოგიური ინფლაციაა, ანუ ტექნოლოგიური პროგრესი, რომელიც, ერთი მხრივ, არის სრულიად ფანტასტიკური, იმიტომ რომ ყოველი ახალი მიღწევა- გამოგონება აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობას, უფრო მეტ და მეტ დაავადებას ვამარცხებთ და უფრო მეტ ადამიანს ვუხანგრძლივებთ სიცოცხლეს. მაგრამ ამავე დროს, ეს გამოწვევაც არის, რადგან მნიშვნელოვნად აძვირებს ჯანდაცვის მომსახურებას. მეორე გამოწვევა მთელ მსოფლიოში დემოგრაფიული ცვლილება – მოსახლეობის დაბერებაა, რაც პირდაპირ კავშირშია პირველ გამოწვევასთან – მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესი ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ამდენად, მუდმივად იზრდება მოთხოვნა ჯანდაცვის მომსახურებაზე, ამას კი მეტი თანხა და რესურსი სჭირდება ეკონომიკიდან. მესამე გამოწვევა პოლიტიკურ ამბიციას უკავშირდება, რომელიც ბევრ ქვეყანას – განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს – საკმაოდ მწვავედ უდგას: ეს ჯანდაცვის საყოველთაობის მიღწევაა, რომ მოსახლეობის დიდ ფენას ან სრულად ყველას მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის მომსახურებაზე. მაგრამ რადგან ჯანდაცვა ყოველდღიურად სულ უფრო ძვირი სიამოვნება ხდება, ამიტომ ეს უკვე დიდი გამოწვევაა: შეძლებენ კი ქვეყნის ეკონომიკები ამ ფინანსური ტვირთის ზიდვას?
წაიკითხეთ მეტი ფორბსის ვებ-გვერდზე >>
ან ნახეთ ინტერვიუს ვიდეო: