Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების პოპულაციის ზომის შეფასება საქართველოში, 2015

     

    საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის და საერთაშორისო ფონდი კურაციოს ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში საქართველოში, 2015 წელს.

    კვლევით განისაზღვრა ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი პოპულაციის სავარაუდო ზომა, რომელიც სხვადასხვა მეთოდის გამოყენების საშუალებით განხორციელდა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მთავარი მიზანი ყველაზე მეტად სარწმუნო მონაცემის მიღება იყო. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევასთან ერთად ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში.

    კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

    ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე.

  • საქართველოს 7 ქალაქში ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით , 2015

    საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას.

    წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში (ინმ) ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის უახლეს ტალღას (ასეთი კვლევები ტარდება 2002 წლიდან). ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე C ჰეპატიტის ვირუსის პრევალენტობა ინმ პოპულაციაში. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორი ორგანიზაციების – საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით.

    კვლევაში გამოყენებულია ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი.  რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რეკრუტირებული იყო 18 წელზე მეტი ასაკის 2,037 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი საქართველოს 7 დიდ ქალაქში: თბილისში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

    კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

    კვლევის ძირითადი შედეგები:

    სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები
    • კვლევის შედეგები კვლავ მიუთითებს, რომ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი გააჩნიათ. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა უმუშევარია და გამოკითხულთა 51%-ის ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარზე ნაკლებია.
    • ნარკოტიკის პირველი მოხმარებისა და ინექციური ნარკოტიკის მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი არ შეცვლილა 2012 წლის შემდეგ და,  შესაბამისად, შეადგენს 15-16 წელს და 18-20 წელს.
    ნარკოსცენა და სხვა კონტექსტუალური ფაქტორები
    • არაინექციური ნარკოტიკების მოხმარებაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად მოიხმარენ ცნს-ის დეპრესანტებს და ჰალუცინოგენებს, თუმცა ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირებულია 2012 წელთან შედარებით.  არაინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი ახალგაზრდა ინმ-ების დაახლოებით მეოთხედმა აღნიშნა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ.
    • საინექციო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ყველაზე ხშირად მოხმარებად საინექციო ნარკოტიკად სახელდება ჰეროინი, შემდეგ კი – ბუპრენორფინი. ჰეროინის მოხმარება შემცირებული იყო 2012 წელს, ხოლო 2015 წელს კვლავ გაიზარდა და იმავე მაჩვენებელს მიაღწია, რაც იყო 2009 წელს (58.1%).  ასევე, 2012 წელს შემცირდა ბუპრენორფინის მოხმარება და 2014-2015 წლებში მოიმატა 26%-მდე. მეორე მხრივ, დაფიქსირდა კუსტარულად დამზადებული ოპიოიდის – დეზომორფინისა და ამფეტამინის ტიპის სტიმულანტების (ე.წ. „ვინტი“ და „ჯეფი“) მოხმარების შემცირება.
    ცოდნა აივ-ზე და აივ ტესტირების პრაქტიკა
    • აივ-ის გადაცემის გზების შესახებ ცოდნის მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალია. ყველა ქალაქში გაიზარდა აივ ინფექციაზე ტესტირების მაჩვენებელი. ინმ-თა 25% აქვს  ჩატარებული ტესტირება აივ-ზე ბოლო წლის განმავლობაში და იცის შედეგი.
    • სტერილური საინექციო საშუალებების გამოყენების მაჩვენებელი ვარირებს 69.4%-დან (თელავი), 86.5%-მდე (ქუთაისი).
    სქესობრივი ქცევა
    • მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტ ინმ-ს ჰქონდა დაცული სქესობრივი კავშირი შემთხვევით პარტნიორებთან კვლევის ზოგიერთ არეალში, სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული უსაფრთხო ქცევის მონაცემები  მაინც საგანგაშოდ დაბალ დონეზე რჩება და სპეციალურ ყურადღებას საჭიროებს.
    მკურნალობის/ზიანის შემცირების პროგრამების ხელმისაწვდომობა და სამკურნალო/პრევენციული პროგრამებით მოცვა
    • ინმ-ების უმრავლესობას არასოდეს მიუმართავს სამკურნალო დაწესებულებებისთვის ნარკოტიკის მოხმარების გამო.
    • პრევენციული პროგრამებით მინიმალური მოცვის მაჩვენებელი 24%-დან 32.4%-მდე გაიზარდა.
    • მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა შპრიცების გაცვლის პროგრამის შესახებ ინფორმირებულობის დონე თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში, ზოგადად ეს მაჩვენებელი მაინც დაბალ დონეზე რჩება და სასურველია გაუმჯობესდეს. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ინმ-ები გაცილებით უკეთ იცნობენ.
    აივ-ისა და C ჰეპატიტის ვირუსის პრევალენტობა
    • შვიდივე ქალაქის მონაცემების კომბინირებული ნაკრების ანალიზის მიხედვით აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 2015 წელს არის 2.2% (95% CI 1.53-2.99), რაც შეიძლება ითქვას რომ არ შეცვლილა 2012 წელთან შედარებით, როდესაც აივ პრევალენტობა იყო 3.0% (95% CI 2.20-4.04), ვინაიდან სარწმუნოობის ინტერვალები ერთმანეთის გადამფარავია.აივ პოზიტიური ინმ-ების პრევალენტობა ქალაქების მიხედვით მერყეობს: ყველაზე დაბალია რუსთავში – 0.9% და ყველაზე მაღალია ზუგდიდში 4.8%.
    • კვლევამ გამოავლინა C ჰეპატიტის ვირუსის საგანგაშოდ მაღალი გავრცელება (66.2% – შვიდივე ქალაქში).

    ანგარიშის სრულად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

  • სათემო საზოგადოების გაძლიერება ტუბერკულოზის მიმართულებით საქართველოში

    საერთაშორისო ფონდი კურაციო იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის მიზანია ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი  ჯგუფების/ორგანიზაციების გაძლიერება.

    პროექტის მთავარ ამოცანაა,  ჯანდაცვის სისტემის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის – ტუბერკულოზის საპასუხოდ შექმნას პაციენტზე ორიენტირებული, სახელმწიფოსა და თემს შორის მაღალ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული მჭიდრო კავშირი.

    პროექტის სამი ძირითადი ამოცანა შემდეგია:

    1. ტუბერკულოზის მიმართულებით წამოჭრილ პრობლემურ საკითხებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაუმჯობესებლად, სამართლებრივი და სოციალური გარემოს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ხარვეზებისა და საჭიროებების შეფასება;
    2. ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერება ტუბერკულოზის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისთვის;
    3. კავშირების, კოორდინაციისა და თანამშრომლობის დონის გაუმჯობესება ტუბერკულიოზის თემებზე მომუშავე სამოქალაქო/საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სახელმწიფოსა და სხვა ტიპის დაწესებულებებს შორის.

    ფონდი პერიოდულად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას აქტივობებისა და მიღწევების შესახებ პროექტის მიმდინარეობის პროცესში.

    თვალი ადევნეთ ჩვენი ფეისბუკის და ტვიტერის გვერდებს.

  • გამოცემა 'ლიბერალი' ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევაზე დაყრდნობით ინფორმაციულ გრაფიკას აქვეყნებს

    2014 წელს საერთაშირისო ფონდ კურაციოს მიერ ჩატარდა კვლევა, რომელმაც ფსიქიკური ჯანმ­რთელობის სისტემაში არსებული ფინანსური ბარიერები შეისწავლა. გამოცემა ‘ლიბერალმა’ კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით მოამზადა ინფორმაციული გრაფიკა. იხილეთ ბმული

    ინფოგრაფიკა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევაზე

  • 'ლიბერალი' ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებს აქვეყნებს

    ‘ლიბერალი; საუბრობს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღის ძირითად მიგნებებზე. იხილეთ ბმული

  • 'ნეტგაზეთი' ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებზე

    ნეტგაზეთის ჟურნალისტი ნინო კახიშვილი სტატიაში მიმოიხილავს ბარომეტრის ძირითად მიგნებებს. იხილეთ ბმული

  • ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღის შედეგებზე 'კურიერში' ისაუბრეს

    ‘კურიერში’ აქცენტები გაკეთდა რეცეპტების შემოღებაზე, ჯანდაცვის სერვისების მოხმარების ზრდის ტენდენციაზე და მოსალოდნელ რისკებზე. ზაზა სოფრომაძე პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვებს.

  • ბიზნესკურიერი ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეოთხე ტალღაზე

    ბიზნესკურიერმა აქცენტები ფასების ზრდაზე გააკეთა და ძირითადად წამლების ფასების ზრდის ტენდენციაზე ისაუბრა.  ექსპერტების განწყობების და მოლოდინების  ცვლილების შეფასება ბარომეტრის ოთხი ტალღის შედეგების შედარებით სცადეს.  წამლების ფასების ზრდაზე კომენტარი გააკეთა დავით სერგეენკომ, სტუდიაში მოწვეული სტუმარი ვალერი კვარაცხელია იყო.

  • ვიდეო კომენტარი ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღის შედეგებზე

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღის შედეგები 4 მარტს გახდა საჯარო. საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორი, გიორგი გოცაძე მოკლედ საუბრობს იმ მნიშვნელოვანი მიგნებების და გამოწვევების შესახებ, რაც ამ კვლევის შედეგად დაფიქსირდა.

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მიგნებები კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ნააზრევს ეყრდნობა და ამავდროულად დარდება სხვა (ანგარიშში მითითებული) წყაროების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

    კვლევა საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ა) ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა ჯანდაცვის სფეროში; ბ) მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; გ) ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა; დ) კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარების პერსპექტივები და ჯანდაცვის სფეროს სამომავლო მოლოდინები.

    კვლევის ანგარიში სრულად შეგიძლია იხილოთ ბმულზე. 

  • საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეექვსე ტალღა

    საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეექვსე ტალღაში აფასებს მიმდინარე მოვლენებს.

    ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მიგნებები კვლევაში მონაწილე ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების ნააზრევს ეყრდნობა და ამავდროულად დარდება სხვა (ანგარიშში მითითებული) წყაროების მიერ წარმოდგენილ სტატისტიკას, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე.

    კვლევა საუბრობს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ა) ბოლო 6 თვის მანძილზე განხორციელებული რეფორმების მიმდინარეობა ჯანდაცვის სფეროში; ბ) მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა; გ) ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა; დ) კერძო სამედიცინო დაზღვევის განვითარების პერსპექტივები და ჯანდაცვის სფეროს სამომავლო მოლოდინები.

    რეალური ტენდენციების წარმოსაჩენად, წარმოდგენილი ექსპერტებისა და დარგის სპეციალისტების მოსაზრებები, სადაც შესაძლებელი იყო,  შედარდა არსებულ ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს.

    ბარომეტრის მეექვსე ტალღის მთავარი მიგნებები ასეთია:

    • ექსპერტები და სპეციალისტები ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად C ჰეპატიტისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების უწყვეტად მიმდინარეობას ასახელებენ;
    • თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება და ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა უმთავრეს პრობლემად, ჯანდაცვის სფეროს გამოწვევად აღიარეს;
    • ბარომეტრის რესპონდენტთა მოსაზრებებით იმატა კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობამ, რაც ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებითაც დასტურდება: 2014 წლიდან სახეზეა კერძოდ დაზღვეულთა რიცხვის მნიშვნელოვანი მატება. 2015 წლის III კვარტლის ბოლოს დაზღვეულთა რაოდენობა – 533,711 ადამიანი იგივე ნიშნულს დაუბრუნდა, რაც 2013 წლის დასაწყისში იყო;
    • 2013 წლიდან სახეზეა სამედიცინო მომსახურებასა და განსაკუთრებით მედიკამენტებზე ფასების მაღალი ტემპით ზრდა, რომელიც მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს ზრდის. ამ ნაწილშიც ბარომეტრის რესპონდენტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები და ოფიციალური სტატისტიკის მონაცემები თანხვედრაშია. ფასების ამგვარი მატება ყოველწლიურად ამცირებს სახელმწიფო ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას და შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს;
    • ამასთანავე ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ბარომეტრის რესპონდენტებს შორის განუხრელად იზრდება პესიმისტური მოლოდინები.

    კვლევის შედეგები სრულად იხილეთ ბარომეტრის მეექვსე ტალღის ანგარიშში..

    წინა 5 ტალღის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე.