Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ონლაინ სემინარი: მედიკამენტების ფასები და ხელმისაწვდომობა საქართველოში

    15 სექტემბერს,  13 საათზე საერთაშორისო ფონდი კურაციო ვებინარის* ფორმატით  წარადგენს მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის კვლევის შედეგებს, რომელიც 2016 წლის ივნისში გამოქვეყნდა.

    კვლევის პრეზენტაციას წარადგენს ფონდი კურაციოს აღმასრულებელი დირექტორი და ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი გიორგი გოცაძე.

    ვებინარის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება ორ მნიშვნელოვან საკითხზე : 1. როგორია გენერიული და ბრენდული მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა საქართველოში და რა გავლენა აქვს ამ ფაქტორს მოსახლეობის მკურნალობის ხარჯებზე; 2. როგორ უპასუხა ქართულმა ფარმაცევტულმა სექტორმა რეცეპტების შემოღების რეფორმას.

    ბოლო 30 წუთის განმავლობაში ბ-ნ გიორგი გოცაძე პასუხს გაგცემთ ონლაინ რეჟიმში დასმულ  შეკითხვებზე.

    ვებინარზე დასასწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე. 

    გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ კვლევას და მოგვწეროთ თქვენი ინტერესების შესახებ ან შეავსოთ გამოკითხვა ფეისბუკის გვერდზე.

    ვიდეო-კომენტარები კვლევის ირგვლივ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

     

    *ვებინარი – ონლაინ სემინარი. ვებინარის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

  • იუნისეფის პროგრამების შედეგების შეფასება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეაფასა  UNICEF-ის პროგრამების შედეგები 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობისა და ავადობის სტატისტიკის გაუმჯობესების მხრივ შემდეგ  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ხუთ ქვეყანაში: ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, სერბეთი და უზბეკეთი. ანგარიში აფასებს 12 წლიან პერიოდს 2000-დან 2012 წლამდე და მასზე მუშაობა 2014-2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

    შეფასებამ აქცენტი გააკეთა შემდეგ მიმართულებებზე: 1. პროგრამების გავლენა ბავშვების ჯანმრთელობაზე;  2. თანასწორობის და შესაბამისობის პრინციპები; 3. სისტემური ცვლილებები;  4. UNICEF-ის წვლილი; 4. მდგრადობის საკითხი.

    კვლევამ აჩვენა,
    რომ შეფასების პერიოდში შემცირებულია 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა და ავადობა, თუმცა არსებობს თანასწორობის ხარვეზები განსხვავებული  გეოგრაფიული მდებარეობის მქონე, გენდერული და სოციო-ეკონომიკური ჯგუფების წარმომადგენლებისთვის.  კვლევის შედეგებმა ცხადჰყო, რომ UNICEF-ის მიერ განხორციელებული პროგრამების მხარდაჭერით გადაიჭრა ახალშობილთა და 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის და ავადობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები. პროგრამების წვლილი წარმატებული აღმოჩნდა ასევე ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების მოსაგვარებელი ინტერვენციების იდენტიფიცირებისა და დანერგვის მიმართულებითაც.

    ძირითადი რეკომენდაციები

    შეფასების რეკომენდაცია იყო  ყურადღების გამახვილება თანასწორობის პრინციპის დაცვაზე, ბავშვთა სიკვდილიანობისა და ავადობის იმ მიზეზების აღმოფხვრაზე, რომელსაც წინა პერიოდში სრულად ვერ უპასუხა პროგრამებმა და ასევე, ჯანდაცვის სისტემის და სათემო დონეზე არსებული ხარვეზების მოგვარებაზე.

    მეტის გასაგებად ჩამოტვირთეთ ანგარიში.

    [vc_button url=”http://curatiofoundation.org/wp-content/uploads/2016/08/RKLA_6_MCE_report_CEECIS_2015-007.pdf” text=”ანგარიში” size=”” align=”left” type=”primary” outlined=”0″ icon=”” target=”_blank”]

     

  • კურაციოს მკვლევარები აივ-ინფექციისთვის მიძღვნილ გლობალურ კონფერენციაზე AIDS2016

    ივლისის თვეში საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარები, ლელა სულაბერიძე და ივდითი ჩიქოვანი აივ-ინფექციისთვის მიძღვნილ გლობალურ კონფერენციას AIDS2016 სტუმრობდნენ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ დურბანში ჩატარდა.  AIDS2016-ის ფარგლებში 18000-მდე დელეგატი შეიკრიბა, რათა ემსჯელათ აივ-შიდსის მიმართულებით განხორციელებულ წარმატებებსა და გამოწვევებზე და  სხვა გლობალური ეპიდემიოლოგიური ტენდენციებზე.

    ივდითი ჩიქოვანი IAEN -ის პრე-კონფერენციაზე  მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა  განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დონორების დახმარების შეწყვეტის საკითხზე. მოხსენების ფარგლებში აუდიტორიას გაეცნო კურაციოს მიერ შემუშავებული ჩარჩო (Framework), რომელიც აფასებს ქვეყნის მზაობას დონორული დახმარების შემდგომი პერიოდისთვის. მოხსენება აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური  აზიის რეგიონის 4 ქვეყნის მაგალითზე გაკეთდა. პრეზენტაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

    კონფერენცეიაზე კურაციოს მკვლევარებმა წარადგინეს ასევე 2 პოსტერი. ლელა სულაბერიძემ წარადგინა პოსტერი, რომელიც პოპულაციის ზომის განსაზღვრის ინოვაციური მეთოდის გამოყენებას ეხებოდა და განიხილავდა სირთულეებს, რომელიც სამიზნე პოპულაციის განსასაზღვრად ახალი მეთოდოლოგიის  გამოყენებისას იჩენს თავს. ელექტრონული პოსტერი ხელმისაწვდომია ბმულზე.

    მეორე პოსტერი კი აივ-ეპიდემიოლოგიის სურათს ასახავდა საქართველოს  მსმ პოპულაციაში. პოსტერი ხელმისაწვდომია ბმულზე.

     

  • უნივერსალური ჯანდაცვა 2030 – ალიანსი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისთვის

    100-მდე ჯანდაცვის ექსპერტი შეიკრიბა ჟენევაში ივნისის ბოლოს,  რათა მხარი დაეჭირათ ჯანდაცვის საერთაშორისო პარტნიორობიდან (The International Health Partnership (IHP+)) უნივერსალურ ჯანდაცვა 2030-ზე (Universal Health Coverage (UHC 2030)) გადასვლის პროცესისთვის და ემსჯელათ ახალი კონცეფციის თაობაზე.

    UHC 2030 იქნება პლათფორმა, რომელიც მრავალ დაინტერესებულ მხარეს გააერთიანებს. ეს იქნება სივრცე, სადაც თავს მოიყრის გლობალური ხედვა  ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისა და უნივერსალური ჯანდაცვის განვითარებისთვის.

     

    UHC 2030-ის მიზანია მხარი დაუჭიროს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრესს, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) ფარგლებში.

    ღონისძიებაში მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები UHC 2030-ის განვითარების შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციები, ჯანდაცვის სამთავრობო რგილი, როგორც დაბალი და საშუალო, ისე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო, აკადემიური და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

    საერთაშორისო ფონდი კურაციოს დირექტორმა გიორგი გოცაძემ მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში. როგორც მომხსენებელმა, ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე, ჯანდაცვის სისტემების განვითარების კუთხით. ამასთანავე გამოჰყო რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება, რითაც UHC2030 შეძლებს გააძლიეროს ჯანდაცვის სისტემების განვითარება უნივერსალური ჯანდაცვის კუთხით გლობალურად და განსაკუთრებით სამხრეთ ევროპისა და აზიის რეგიონში.

    „UHC 2030-ს შეუძლია მნიშვნელოვნად დაგვეხმაროს ენობრივი ბარიერის დანგრევაში, რათა მხარი დაუჭიროს ცოდნის ტრანზიციას. როგორც პროექტის კონცეფციაში ჩანს, ცოდნის გაზიარება UHC 2030-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ცოდნის გავრცელება მხოლოდ ინგლისურ ენაზე ხდება,  იშვიათად მოიაზრება ესპანური, ფრანგული, ჩინური ან რომელიმე სხვა ენა გაეროს ქვეყნების 6 ძირითადი ენიდან.“ განაცხადა გიორგი გოცაძემ. პლენარული შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი ხელმისაწვდომია ბმულზე.

    UHC 2030 განაგრძობს მუშაობას ქვეყნების მხარდასაჭერად, ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისა და უნივერსალური ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად.

     

  • ინტერვიუ: ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებები

    ვიდეო ინტერვიუ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა წამლის ფასის ზრდის მიზეზები საქართველოში, მედიკამენტების ფასები რეცეპტის ინსტიტუტის პირობებში, ფარმაცევტული სექტორის ქცევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში და სხვ.

    შენიშვნა: ინტერვიუ სულ ექვსი ნაწილისგან შედგება. ამჯერად ქვეყნდება პირველი ოთხი ნაწილი.

    ნაწილი 1: კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია

    ” ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მიზანია დავაკვირდეთ და შევაფასოთ მოსახლეობის მედიკამენტებთან ხელმისაწვდომობა. ამისთვის მედიკამენტები ორ ჯგუფად უნდა დავყოთ, პირველი ჯგუფია ბრენდული მედიკამენტები, რომლებიც მსოფლიოს ყველა ბაზარზე შედარებით ძვირი ღირს,  მეორე ჯგუფია შედარებით დაბალფასიანი გენერიული მედიკამენტები.  კვლევა აფასებს თუ რამდენად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტები, როგორც   ფიზიკური, ისე ფასების თვალსაზრისით.”

    ინტერვიუ გიორგი გოცაძესთან.

     

    კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

     

    ნაწილი 2: ბრენდული და გენერიული მედიკამენტები

    “საქართველოს რეალობაში მედიკამენტების უდიდეს ნაწილს პაციენტი თავად ყიდულობს და საყოველთაო ჯანდაცვის, თუ სხვა სახელმწიფო პროგრამები მას მნიშვნელოვნად ამ კუთხით არ ეხმარება, შესაბამისად მედიკამენტის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს კი ბაზარზე დაბალფასიან გენერიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა არაადეკვატურია და უარესდება წლიდან წლამდე,  ეს გარკვეულ წილად შემაშფოთებელი და ყურადსაღები ტენდენციაა.”

     

    კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

     

    ნაწილი 3: რეცეპტის ინსტიტუტი საქართველოში

    “რეცეპტი რომ საჭიროა აქ კითხვის ნიშანი არ დგას, […] კვლევამ აღმოაჩინა ის მოულოდნელი, ნეგატიური მოვლენები, რაც რეცეპტის შემოღებამ გამოიწვია. იგი აღწერს, თუ როგორ ისარგებლა ფარმაცევტულმა სექტორმა რეცეპტების შემოღებით.”

     


    კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

     

    ნაწილი 4: რამ გამოიწვია მედიკამენტებზე ფასების ზრდა საქართველოში

    “ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ,  რომ რეცეპტების შემოღებით ისარგებლა რა ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ,  მან დაიწყო ფასნამატების სხვა ტაქტიკითა და სტრატეგიით გამოყენება, კერძოდ უფრო გააძვირეს მედიკამენტები, რომლებიც სიაში მოხვდა და ნაკლებად გააძვირეს მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტის სიაში არ მოხვდა.”

     

    კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

    ნაწილი 5: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოსახლეობა და ფარმაცევტული სექტორი

    “საყოველთაო ჯანდაცვის შემოტანამ, ბევრი დანახარჯი შეუმცირა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ადრეც მიდიოდა სამედიცინო მომსახურების მისაღებ დაწესებულებაში და დღესაც მიდის. ისინი აღარ ხარჯავენ თავისი ბიუჯეტიდან ამ თანხას, სამაგიეროდ მათ გაზარდეს  თანხის ხარჯვა მედიკამენტების შეძენაზე.”

    კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

    ნაწილი 6: ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში

    “ძალიან ხშირად აფთიქარები ცდილობენ, მოგაწოდონ და შემოგთავაზონ ის მედიკამენტი, რომელიც ნაწარმოებია ამ კონკრეტული ფარმაცეფტული ქსელის მიერ საქართველოში. აქ უკვე ჩვენ გადავადვართ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ამ კომპანიებს  უზრუნველყონ ადგილობრივად ნაწამოები მედიკამენტების გაყიდვა უფრო მაღალ ფასში, ვიდრე იმპორტირებულის.”

    კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

     

    ნაწილი 7: რეკომენდაციები ფარმაცევტული სექტორის გასაუმჯობესებლად

    “პირველი ამოცანა სახელმწიფოსთვის უნდა იყოს ის, რომ გაზარდოს გენერიკების ხემისაწვდომობა ქართულ ბაზარზე და გაზარდოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც შემდგომში გაადვილებს მედიკამენტებს მოსახლეობისთვის. ამითვის საჭიროა მუშაობა ორი მიმართულებით, პირველი – მოსახლეობას განათლება, მეორე – გენერკიების ხარისხის კონტროლი. რათა მოსახლეობას ჰქონდეს რწმენა, რომ გენერიკები ზუსტად იგივე ხარისხის და ეფექტის არის, როგორც სხვა იმპორტირებული ბრენდული მედიკამენტები.”

    კვლევის ანგარიში იხილეთ ბმულზე

     

    დამატებითი ინფორმაცია კვლევის შესახებ

    კვლევა განხორციელდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რანდომულად შერჩეულ 6 რეგიონში (თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი) და მოიცვა როგორც დამოუკიდებელი, ასევე ქსელური აფთიაქები. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა  52 დასახელების ორიგინალი ბრენდი და მათი შესაბამისი დაბალფასიანი გენერიკი.

    ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვება საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2009 წლიდან დაიწყო. კვლევის სხვადასხვა ტალღები განხორციელდა 2010, 2011 და 2012 წლებში.

  • მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის კვლევა, მეხუთე ტალღა 2016 წ.

    საერთაშორისო ფონდი კურაციო ფარმაცევტული კვლევის მეხუთე ტალღის შედეგებს აქვეყნებს.

    კვლევა მიზნად ისახავს მედიკამენტების ფასებისა და ფიზიკური ხელმისაწვდომობის შეფასებას, ჯანდაცვის პოლიტიკის ინფორმირებას და მისი გაუმჯობესების ხელშეწყობას.

    წარმოდგენილი კვლევის ანალიზი ეფუძნება, როგორც მიმდინარე, ასევე წინა 4 ტალღის შედეგებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2009 წლიდან დღემდე განახორციელა.

    ამავე თემაზე: ინტერვიუ გიორგი გოცაძესთან ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ

    კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებები მოსახლეობისთვის საინტერესო ორ კითხვას სცემს პასუხს: 1. როგორია გენერიული და ბრენდული მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა საქართველოში და რა გავლენა აქვს ამ ფაქტორს მოსახლეობის  მკურნალობის ხარჯებზე; 2. როგორ უპასუხა ქართულმა ფარმაცევტულმა სექტორმა რეცეპტების  შემოღების რეფორმას.

    პასუხები ამ შეკითხვებზე იხილეთ კვლევის მიგნებებში და რეკომენდაციებში.

    კვლევის ძირითადი მიგნებები

    მედიკამენტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა

    • სადღეისოდ, გენერიკებთან შედარებით ორიგინალი ბრენდების ფიზიკური ხელმისაწვდომობა თითქმის ორჯერ უფრო მაღალია.
    • გენერიკების ფიზიკური ხელმისაწვდომობის კლების ტენდენცია შესაძლებელია განპირობებული იყოს რამდენიმე ფაქტორით:
      • გენერიკების შესახებ ცოდნის ან მათი ხარისხის მიმართ მოსახლეობაში ნდობის ნაკლებობა
      • მოსახლეობაში გენერიკებზე დაბალი მოთხოვნა
      • ფარმაცევტული კომპანიების შემოსავლების მაქსიმიზაციის სტრატეგია

    გენერიული და ბრენდული მედიკამენტების ფასების ტენდენციები და მიმდინარე მოვლენებთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირები 

    • ორიგინალ ბრენდებზე ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 2009-დან 2012 წლამდე იყო შენარჩუნებული, სავარაუდოდ წამლის შესახებ კანონში 2009 წლის ბოლოს განხორციელებულმა ცვლილებებმა განაპირობა. აღნიშნული ტენდენცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა და ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2016 წელს.
    • ორიგინალი ბრენდები დიდწილად იმპორტირებულია დასავლეთის ქვეყნებიდან, აქედან გამომდინარე, ბრენდულ მედიკამენტებზე 2016 წელს დაფიქსირებული ფასების ზრდა შესაძლოა ნაწილობრივ აიხსნას ეროვნული ვალუტის აშშ დოლარსა და ევროს მიმართ მნიშვნელოვანი გაუფასურებით, რაც დაიწყო 2014 წლის ბოლოს და გაგრძელდა მთელი 2015 წლის განმავლობაში. ორიგინალ ბრენდებზე ფასებმა მოიმატა ყველა სააფთიაქო ქსელსა და დამოუკიდებელ აფთიაქში.
    • სავარაუდოა რომ რეცეპტურის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტების არასაკმარისმა რაოდენობამ საშუალება მისცა ფარმკომპანიებს რეცეპტები ფინანსური მოგების გაზრდის მიზნით გამოეყენებინათ. ამას ცხადყოფს ის ფაქტი რომ თუკი 2012 წელს ფასნამატის დონე რეცეპტურული და ურეცეპტოდ გასაცემი წამლებისათვის შესადარისი იყო, 2016 წელს ამ მხრივ მნიშნელოვანი განსხვავებები იქნა გამოვლენილი. კერძოდ: ა) რეცეპტურულ ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის დონე 89%-ით მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე; ბ) რეცეპტურულ გენერიკებზე ფასნამატის დონე  210%-ით უფრო მეტია, ვიდრე ამავე კატეგორიის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებზე.
    • მოულოდნელად, ადგილობრივი წარმოების გენერიკები აღმოჩნდა იმპორტულ ანალოგებთან შედარებით უფრო ძვირი. მსხვილი სადისტრიბუციო ქსელების მარკეტინგული სტრატეგიების ფარგლებში ხდება იმპორტულ ანალოგებთან შედარებით ადგილობრივი პროდუქციის უპირატესი რეკლამირება. სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარზე კი ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ მწარმოებლებს, ეფექტურად გამოიყენონ საკუთარი საბაზრო ძალაუფლება.

    რეკომენდაციები გასატარებელი პოლიტიკის მიმართ

    მედიკამენტების ფასების შემცირება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება ცალკეული  ინტერვენციების გზით. საჭიროა მრავალმხრივი ინსტრუმენტების ერთობლივი გამოყენება სახელმწიფოს მიერ, რაც შეიძლება გამოიხატოს შემდეგში:

    1. გენერიკების ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მოსახლეობისთვის შეამცირებს მკურნალობის ხარჯებს, ანუ რეცეპტის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება და რეცეპტის, როგორც მექანიზმის გამოყენება ფარმაცევტულ ბაზარზე გენერიული მედიკამენტების  დასამკვიდრებლად. რაც გაძლიერებული უნდა იყოს დამხმარე ინსტრუმენტებით, როგორებიცაა: რეცეპტების ელექტრონული სისტემის დანერგვა და ადმინისტრაციული მექანიზმის გამართვა ადეკვატური მონიტორინგის განხორციელების მიზნით;
    2. ფარმაცევტულ ბაზარზე ეტალონური ფასწარმოქმნის სისტემის დანერგვა მსგავსად სხვა ევროპული და განვითარებული ქვეყნებისა;
    3. მკაცრი რეგულაციებისა და კონტროლის დაწესება მედიკამენტების მარკეტინგზე, რეკლამირებაზე, მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე;
    4. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის გაუმჯობესება სახელმწიფო პოლიტიკის ან მისი განხორციელების სუსტი მხარეების ადეკვატური კორექციის მიზნით.

    კვლევის სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე.

    დამატებითი ინფორმაცია კვლევის შესახებ

    კვლევა განხორციელდა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს რანდომულად შერჩეულ 6 რეგიონში (თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და ქვემო ქართლი) და მოიცვა როგორც დამოუკიდებელი, ასევე ქსელური აფთიაქები. კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა  52 დასახელების ორიგინალი ბრენდი და მათი შესაბამისი დაბალფასიანი გენერიკი.

    ფარმაცევტულ ბაზარზე დაკვირვება საერთაშორისო ფონდმა კურაციომ 2009 წლიდან დაიწყო. კვლევის სხვადასხვა ტალღები განხორციელდა 2010, 2011 და 2012 წლებში.

  • ინფოგრაფიკა: აივ ინფექციის გავრცელების სურათი საქართველოში

  • აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015

    აივ-თან დაკავშირებული სარისკო და უსაფრთხო ქცევები პატიმრებს შორის საქართველოში, 2015

    საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას.

    წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში პატიმრებს შორის ქცევაზე და ბიომარკერებზე ზედამხედველობის (Bio-BSS) კვლევის შემდგომ ტალღას. პირველი ასეთი კვლევა ჩატარდა 2008 წელს, მარტივი რანდომული შერჩევის  გამოყენებით.

    ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე სიფილისის პრევალენტობა პატიმრებში. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორი ორგანიზაციების – “საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის თანადგომასა” და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ.

    კვლევაში მარტივი რანდომული შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რეკრუტირებული იყო 300 პატიმარი 3 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში.

    კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

    კვლევის ძირითადი შედეგები:

    სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები

    • რეკრუტირებული პატიმრების მედიანური ასაკი იყო 34 წელი, 18-დან 78 წლამდე დიაპაზონით, განათლების დონის მიხევით, რესპონდენტების თითქმის სამ მეოთხედს (74.1%) მიღებული ჰქონდა საშუალო განათლება და პატიმრების ნახევარზე ნაკლები (46.8%) იყო დაქორწინებული.
    • პატიმრობის ხანგრძლივობის მედიანაა 1.5 წელი, დიაპაზონით 0.08-დან 19 წლამდე.

    სქესობრივი ქცევა

    • სქესობრივი კონტაქტები პატიმრებში არ არის გავრცელებული (35.2%). უმრავლესობა (95.3% ) ამბობს, რომ ეს იყო ჰეტეროსექსუალური კონტაქტი, 4-მა რესპონდენტმა აღნიშნა როგორც ჰეტეროსექსუალური, ისე ჰომოსექსუალური კონტაქტები და მხოლოდ ერთმა პატიმარმა აღნიშნა, რომ ჰქონდა ჰომოსექსუალური კონტაქტი.
    • რაც შეეხება კონდომის გამოყენებას ბოლო ანალური კონტაქტის დროს, 3-მა რესპონდენტმა 5-დან აღნიშნა, რომ გამოიყენა კონდომი, და სხვებმა კი არ გამოიყენეს, რის მიზეზადაც პარტნიორისადმი ნდობას ასახელებენ.

    ნარკოტიკების მოხმარება და დამატებითი რისკები

    • რესპონდენტების ნახევარზე ოდნავ მეტს (52.2%) ოდესმე მოუხმარია ნარკოტიკები. იმათგან, ვისაც ოდესმე მოუხმარია ნარკოტიკები, 87.9% ინექციურ მოხმარებას აღნიშნავს, ხოლო 68.8% – არაინექციურ მოხმარებას.
    • რესპონდენტების  10.3%-მა აღნიშნა ნარკოტიკის არაინექციური მოხმარება ბოლო 12 თვის განმავლობაში, და მხოლოდ 8 პატიმარმა აღნიშნა, რომ მოუხმარია ინექციური ნარკოტიკები. აღსანიშნავია, რომ არც ერთმა რესპონდენტმა არ აღნიშნა ნემსებისა და შპრიცების საზიარო მოხმარება ბოლო 12 თვის განმავლობაში.
    • აივ-ის მიმართ დამატებითი რისკები ასევე მცირე აღმოჩნდა. პატიმრების თითქმის ერთი მესამედი აღნიშნავდა პატიმრობის დროს ტატუირებას (31.6%). მხოლოდ ხუთმა პატიმარმა დააფიქსირა, რომ მოუხმარია საზიარო შპრიცები სამკურნალო მიზნით, ხოლო 3%-ს გამოყენებული ჰქონდა სხვის მიერ ნახმარი საპარსი. ალკოჰოლის მოხმარება ციხეებში ძალიან დაბალია – 3%-მა აღნიშნა მისი მიღება ბოლო 12 თვის განმავლობაში.

    ცოდნა აივ-ზე და აივ ტესტირების პრაქტიკა

    • რესპონდენტების უმრავლესობა (91.4%) აცხადებს, რომ სმენია აივ/შიდსის შესახებ.
    • აივ-ის შესახებ ცოდნა, გაზომილი აივ/შიდსის საპასუხო ღონისძიებების პროგრესის გლობალური ანგარიშის ინდიკატორით, დაბალია – რესპონდენტების 23.3%-მა შეძლო, სწორი პასუხი გაეცა აივ-ის შესახებ შეკითხვებისათვის.  აივ-ის შესახებ ცოდნა არ შეცვლილა 2011-დან 2015 წლამდე.
    • აივ-ზე ტესტირების შეთავაზება ციხეებში, ისევე, როგორც ტესტირების ჩატარება პატიმრების მიერ მომატებულია, რაც მეტყველებს პრევენციული პროგრამების მიერ პენიტენციურ სისტემაში დაარსებული ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების კაბინეტების წარმატებულობაზე.

    სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი)

    • სგგი-ის შესახებ გათვითცნობიერებულობა მაღალია, რესპონდენტების უმრავლესობას (91.0%) სმენია სგგი-ის შესახებ, პატიმრების ცოდნა და მკურნალობისათვის მიმართვის ქცევა არ შეცვლილა 2012 წლის შემდგომ.

    პრევენციული პროგრამებით მოცვა/მედია

    • რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა ტელევიზია დაასახელა აივ-სა და სგგი-იზე ინფორმაციის პირველ წყაროდ, მას მოჰყვება სპეციალური ბუკლეტები, სხვა პატიმრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
    • კვლევამ აღმოაჩინა სტატისტიკურად სარწმუნო ზრდა იმ რესპონდენტების პროპორციისა (25.2% 2015 წელს და 18.3% 2012 წელს, p<0.05), რომლებიც მოცული იყვნენ პრევენციული პროგრამით.

    აივ-ის და სიფილისის პრევალენტობა

    • საკვლევ შერჩევაში აივ ინფექციის პრევალენტობამ შეადგინა 2%. წინა კვლევაში პრევალენტობა იყო 0.3%. თუმცა, ის არ აღმოჩნდა სტატისტიკურად სარწმუნო.
    • სიფილისის პრევალენტობა დაბალია. სიფილისის გავრცელების შედარება 2012 წლის კვლევის მონაცემებთან გვიჩვენებს სტატისტიკურად სარწმუნო შემცირებას (p<0.001).

    სრული ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

  • ვაშინგტონი იმუნიზაციის ღირებულების თემაზე სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს

    17-18 მაისს, ვაშინგტონში EPIC immunization costing უმასპინძლებს სამუშაო სემინარს: იმუნიზაციის ღირებულების შესახებ, სახელწოდებით:  „რა ვისწავლეთ? რა შეგვიძლია ვაკეთოთ უკეთესად?“. საერთაშორისო ფონდი კურციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე და ბიზნესის განვითარების განყოფილების დირექტორი ქეთევან გოგუაძე სემინარის მონაწილეთა შორის არიან.

    18 მაისს შეხვედრის ფარგლებში გაიმართება  დისკუსია: მდგრად ინსტიტუციონალურ კავშირებსა და იმუნიზაციის პროგრამის განხორციელების გაუმჯობესების შესახებ, დისკუსიის ერთ-ერთი სპიკერი იქნება ფონდი კურაციოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოცაძე.

    ღონისძიების შესახებ: EPIC მხარს უჭერს საზოგადოებას, რომელიც აკვირდება იმუნიზაციის პროგრამის ღირებულებას და ფინანსურ დინებებს, ამ ინფორმაციის გამოყენებით  კი ცდილობს გააუმჯობესოს პროგრამის  მუშაობა და მოიძიოს საჭირო რესურსები.

    იმუნიზაციის პროგრამებში მსოფლიო მასშტაბით 300-მდე წევრია ჩართული, 50 სხვადასხვა ორგანიზაციიდან. წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ახალი მიდგომების შემუშავება, შეგროვება საშუალებას იძლევა გამოიყენონ ახალი მიდგომები ვაქცინის მიწოდების გასაუმჯობესებლად.

    სემინარი დაფინანსებულია ბილ და მელინდა გეითსების ფონდის ხელშეწყობით და ორგანიზებულია ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ.

  • ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს ორ ძირითად ქალაქში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან, 2015

    საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს აივ ინფექციის  გავრცელების შეფასებას ამ ჯგუფებში; აივ ინფექციასთან მიმართებაში ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას.

    წინამდებარე კვლევა წარმოადგენს ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის უახლეს ტალღას (ასეთი კვლევები ტარდება 2007 წლიდან) საქართველოში მამაკაცებს შორის, რომელთაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან (მსმ). ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე C ჰეპატიტის ვირუსისა და სიფილისის პრევალენტობა მსმ პოპულაციაში. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორი ორგანიზაციების – “საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის თანადგომა” და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მიერ.

    კვლევაში გამოყენებულია ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი.  რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რეკრუტირებული იყო 18 წელზე მეტი ასაკის 415 მსმ საქართველოს 2 ძირითად ქალაქში: თბილისსა და ბათუმში.

    კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

    კვლევის ძირითადი შედეგები:

    სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები

    • რეკრუტირებული მსმ-ების ასაკის მედიანა 28 წელია თბილისში და 29 – ბათუმში. უმრავლესობას მიღებული აქვს საშუალო განათლება, არასდროს ყოფილა დაქორწინებული. მსმ-ების დიდ ნაწილს აქვს მუდმივი სამუშაო და უმრავლესობის საშუალო თვიური შემოსავალი 500 ლარია.
    • კვლევას არ გამოუვლენია ალკოჰოლის პრობლემური (ყოველდღიურად) მომხმარებელთა და ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელთა დიდი რაოდენობა, იმის მტკიცებით, რომ მსმ-ებისა და ინმ-ების პოპულაციებს შორის არ არსებობს გადაფარვა.

    სქესობრივი ქცევა

    • მსმ-ებს ჰყავდათ  სხვადასხვა ტიპის მამაკაცი და ქალი პარტნიორები (რეგულარული, შემთხვევითი და კომერციული). მამაკაცი პარტნიორების (ანალური/ორალური პარტნიორები) მედიანური რიცხვი ბოლო 12 თვის განმავლობაში თბილისში შეადგენდა 6-ს, ხოლო ბათუმში – 5-ს. თბილისის მაჩვენებელი წინამდებარე კვლევით უფრო მეტია ვიდრე 2010 წლის კვლევის მონაცემებით იყო.
    • იმ მსმ-ებში რომლებსაც ანალური პარტნიორები ჰყავდათ ბოლო 12-თვეში 63.2%-მა გამოიყენა კონდომი ბოლო ანალური კონტაქტის დროს თბილისში, ხოლო ბათუმში – 78.8%-მა. 2015 წლის თბილისის მონაცემი უმნუშვნელოდ აღემატება 2010 წლის კვლევის მონაცემებს (61.7%).
    • ორივე ქალაქში მსმ-ების 50%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ ჰყავდა ქალი პარტნიორი (რეგულარული ან შემთხვევითი ან კომერციული) ბოლო 12 თვის განმავლობაში- 55.4% თბილისში და 53% ბათუმში. კვლევის მონაწილეთა ორ მესამედზე მეტმა (71.2% თბილისში და 65.9% ბათუმში) აღნიშნა ბოლო ქალ პარტნიორთან კონდომის გამოყენება. 2010 წლის შემდეგ აღინიშნება ამ მაჩვენებლის ზრდა თბილისში, ასევე, ეს მაჩვენებელი მაღალია ბათუმშიც.

    კონდომები და ლუბრიკანტები

    • აღინიშნება მცირედი ზრდა იმ მსმ-ების პროპორციისა, რომელთაც აღნიშნეს კონდომების მიღება პრევენციული პროგრამებიდან თბილისში ბოლო 12 თვის განმავლობაში 40.3%-დან 2010 წელს 43.5%-მდე 2015 წელს.
    • კონდომების შესახებ ინფორმირებულობის დონე მაღალი რჩება კვლავ მიმდინარე კვლევის მონაცემებით.
    • ინფორმირებულობა ლუბრიკანტების შესახებ მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისში და ასევე მაღალია ბათუმში. წინა კვლევებთან შედარებით, ეს ინდიკატორები მაღალია, რაც შესაძლებელია აიხსნას ლუბრიკანტების უფასო მიწოდებით მსმ-ებისათვის პრევენციული პროგრამების მიერ, რაც დაიწყო 2014 წელს.

    ცოდნა აივ-ზე და აივ ტესტირების პრაქტიკა

    • აივ/შიდსის საპასუხო ღონისძიებების პროგრესის გლობალური ანგარიშის აივ-ის შესახებ ცოდნის ინდიკატორის ანალიზმა აჩვენა სტატისტიკურად სარწმუნო ცვლილება თბილისში 19.9%-დან 2010 წელს 30.4%-მდე 2015 წელს

    (p – 0.00). ბათუმში ეს ინდიკატორი პირველად გაიზომა და იყო 35.2%.

    • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოვლინდა სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესება მსმ-ების გათვითცნობიერებულობის კუთხით იმაზე, თუ სად არის შესაძლებელი, საჭიროების შემთხვევაში, აივ-ზე ტესტირების ჩატარება

    (p – 0.00). ასევე სტატისტიკურად სარწმუნოდ არის გაზრდილი იმ მსმ-ების წილი, ვინც ჩაიტარა ტესტირება ბოლო 12 თვის განმავლობაში და იცის ანალიზის პასუხი. ეს შესაძლებელია აიხსნას სწრაფი (თითის ჩხვლეტა) აივ-ტესტის სტაბილური გამოყენებით გასვლითი სამუშაოების დროს პრევენციული პროგრამების ფარგლებში, რის შედეგადაც აივ-ტესტირება ადვილად ხელმისაწვდომია სამიზნე ჯგუფისათვის.

    • მკვლევარებმა ასევე გაზომეს ტესტირების ჩატარების ცვლილება 2012 წლიდან 2015 წლამდე, და ისიც სტატისტიკურად სარწმუნო აღმოჩნდა (p  – 0.07).

    ძალადობა

    • კვლევის მონაწილეებიაღნიშნავენ ძალადობის პრაქტიკას სექსუალური ორიენტაციისა თუ სქესობრივი ქცევის გამო ბოლო 12 თვის განმავლობაში თბილისში 31%, ხოლო ბათუმში 4.7% და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თბილისში 2012 წელთან შედარებით.

    პროგრამებით მოცვა / მედია

    • პრევენციული პროგრამებით მოცვა, რომელიც იზომება ინფორმირებულობით, თუ სად შეიძლება აივ-ზე ტესტის ჩატარება და ბოლო 12 თვის განმავლობაში კონდომების მიღებით, თბილისში გაიზარდა 20.9%-დან 2010 წელს 43.5%-მდე 2015 წელს. ეს ცვლილება სტატისტიკურად სარწმუნოა (p – 0.00). ბათუმში მოცვა უკვე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა – დაახლოებით 40%.
    • არასამთავრობო ორგანიზაციები, ინტერნეტი და მეგობრები წარმოადგენენ მთავარ და საუკეთესო გზას მსმ-ებისათვის შეტყობინებების გადაცემისათვის.

    აივ-ის, C ჰეპატიტის ვირუსის და სიფილისის პრევალენტობა

    • წარმოდგენილი კვლევის ყველაზე საგანგაშო მიგნება არის ის, რომ აივ ინფექციის გავრცელება თბლისიში გაიზარდა 6.4%-დან 2010 წელს 25.1%-მდე 2015 წელს . ბათუმშიც ძალიან მაღალია აივ-პრევალენტობა – 22.3%.
    • რაც შეეხება სიფილისს, მისი გავრცელება საკმაოდ მაღალია თბილისში- 35%, მაგრამ არ გამოვლინდა რაიმე ცვლილება 2010 წლის კვლევასთან შედარებით, ხოლო ბათუმში ეს მაჩვენებელი 24.6%-ს უდრის.
    • C ჰეპატიტის პრევალენტობა თბილისში 7%, და ბევრად მაღალი ბათუმში – 18.9%-ია.

    კვლევის დეტალურად გასაცნობად გთხოვთ, იხილოთ ბმული.