Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • დიარეული დაავადებების კონტროლი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში

    პროექტი განხორციელდა 2007 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: დაავადებათა კონტროლის და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრი, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული განყოფილება. პროექტი დააფინანსა ორგანიზაციამ PATH. პროექტი მიზნად ისახავდა დიარეული დაავადებების კონტროლის ინიციატივის გაძლიერებას საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარებას მათ მიერ დიარეული დაავადებების კონტროლის ეროვნული გეგმების განხორციელებაში.

    აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში აღინიშნება დიარეული დაავადებების გავრცელების და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე.

    ახალი ინტერვენციები, როგორიც არის როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ცინკის პრეპარატებით მკურნალობა, ორალური რეჰიდრატაციული სითხე, არსებულ მიდგომებთან ერთად, მაგ.: ორალური რეჰიდრატაციული თერაპია, ძუძუთი ექსკლუზიური კვება და გაუმჯობესებული სანიტარია და ჰიგიენა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაავადების გავრცელების და სიკვდილიანობის დონის შემცირებას ბევრ ქვეყანაში. აღნიშნული ახალი ინტერვენციების დანერგვას ხელს უშლის დაბალი გათვითცნობიერებულობა და დიარეულ დაავადებათა კონტროლის დაბალი პრიორიტეტულობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად PATH-მა შეიმუშავა დიარეულ დაავადებების კონტროლის ინიციატივა. ინიციატივის მიზანია დიარეული დაავადებების კონტროლის პრიორიტეტად ცნობა და დიარეულ დაავადებების კონტროლის ეროვნული გეგმების შემუშავება ან გადახედვა ახალი პრევენციული და სამკურნალო ზომების მიღების და არსებული ინტერვენციების გამოყენებისთვის ხელშეწყობის მიზნით.

    ამ მიზნით, PATH-ის და საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ხელმძღვანელობით, სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა საქართველოში დიარეული დაავადებების კონტროლის გასაუმჯობესებლად (აქცენტი გაკეთდა 5 წლამდე ასაკის ბევშვებზე) 2008-2010 წლებში. პროექტის ფარგლებში 2008 წლის 23-24 იანვარს გეგმის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალურ სემინარზე „როტავირუსი და დიარეული დაავადებების კონტროლი“. სემინარში მონაწილეობდა 50 ადამიანი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, გაეროს ბავშვთა ფონდიდან და ვაქცინების და იმუნიზაციის გლობალური ალიანსიდან (GAVI). სემინარის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია არსებული მტკიცებულებების შესახებ და განსაზღვრეს დაინტერესებული მხარეების ინტერესის დონე, საჭიროებები და პრიორიტეტები. სემინარში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთის რესპულიკა, მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. სემინარს ესწრებოდნენ შემდეგი სფეროების წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პირები: ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურება, ინფექციური დაავადებების ეპიდზედამხედველობა და კონტროლი და იმუნიზაცია.

    პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

    ნაწლავთა ინფექციურ დაავადებებეზე ხარისხის უზურუნველყოფის ეროვნული სახელმძღვანელოს შემუშავება ლაბორატორიებისთვის. სახელმძღვანელოში შედის შემდეგი დაავადებები: სალმონელეზი, ბაქტერიული დიზენტერია, ნაწლავური ინფექცია, კამპილობაქტერიოზი, ქოლერა, ადენოვირუსი, არა პოლიო ენტეროვირუსი, როტავირუსი, ნოროვირუსული ინფექციები, ა ჰეპატიტი, ამებიაზი. ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო არსებობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
    ძუძუთი კვების ეროვნული მაჩვენებლების მიმოხილვა და რეკომენდაციების შემუშავება;
    ადგილობრივი მწარმოებლების ინფორმირება მკურნალობის ახალ მეთოდებზე (ახალი შემადგენლობის ორალური რეჰიდრატაციული სითხე, ცინკის პრეპარატები) შესაბამისი მასალების უზრუნვლყოფით, ურთიერთობების დამყარებაში დახმარება ახალი პროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე შემოტანის მიზნით;
    დიარეული დაავადებების კონტროლთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციების შეტანა საოჯახო მედიცინის და პედიატრიის რეზიდენტურის კურსის სასწავლო პროგრამაში;
    ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ფინანსური მართვის ინსტრუმენტის განახლება, რომელიც როტავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის რუტინული იმუნიზაციის პროცესში დანერგვის ხარჯების შეფასების საშუალებას იძლევა.

  • შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის გავლენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე

    შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის გავლენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე
    ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსის (HPSR) მიერ დაფინანსებული პროექტი განხორციელდა 2006 – 2008 წლებში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ. კვლევა წარმოადგენს საქართველოში 2004 წელს განხორციელებული საბაზისო კვლევის გაგრძელებას, რომელიც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაზე გლობალური ფონდის აივ/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის პროექტის (GFATM) გავლენის შესახებ SWEF კვლევის პროტოკოლის შესაბამისად განხორციელდა. კვლევისთვის გამოყენებული იქნა უკვე შემუშავებული პროტოკოლი და ინსტრუმენტები. GFATM -ის გავლენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე შეფასდა შემდეგი საკითხების კვლევის საშუალებით:

    • პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული პროცესები;
    • ადამიანური რესურსები;
    • მედიკამენტებით და საქონლით მომარაგების სისტემა;
    • სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა;
    • მომსახურების ხელმისაწვდომობა აივ ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, ასევე ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის.

    კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების რეფორმების გატარებისას გათვალისწინებული უნდა იყოს ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ პირველადი ჯანდაცვის დონეზე ინტეგრირებული მომსახურების მიწოდების საჭიროება.

    აგრეთვე შედეგებმა განამტკიცეს საერთაშორისო დონეზე მოპოვებული მტკიცებულება GFATM-ის შესაძლო გავლენაზე ზოგადად ჯანდაცვის სისტემაზე. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია, მათი საშუალებით გადაწყვეტილებების მიმღები პირები იღებენ ინფორმაციას საქართველოში GFATM-ის დადებითი და სუსტი მხარეების შესახებ და ამ უკანასკნელთა აღმოფხვრის გზებზე, აგრეთვე ეროვნული ჯანდაცვის სისტემის საქართველოს ჯანდაცვის სისტემასთან არსებულ მსგავსებებზე. კვლევის შედეგები ხელს უწყობს მტკიცებულებათა ბაზის ჩამოყალიბებას SWEF კვლევის ქსელის მიერ.

  • კონტროლის გაძლიერება, საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების და შესყიდვების დაგეგმვა საქართველოში ფრინველის გრიპთან საბრძოლველად

    პროექტი დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის წარმომადგენლობამ და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანდაცვის შესაბამისი ტექნოლოგიის პოგრამასთან (PATH) ერთად. პროექტის ძირითადი პარტნიორები იყვნენ: შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი (DPH), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი, მსოფლიო ბანკი, საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანთა უფლებების დეპარტამენტი/აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (HHS/CDC), სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტი AgVantage. პროექტის მიზანი იყო საქართველოს მთავრობის დახმარება ინფორმირებულობის, განათლების და კომუნიკაციის (IEC) დონის ამაღლებაში და შესყიდვების განხორციელებაში წინასწარი გაფრთხილების სისტემის გაძლიერებისა და შესაძლო პანდემიაზე ადეკვატური რეაგირების მიზნით.

    პროექტი მიზნად ისახავდა კონტროლის/წინასწარი გაფრთხილების სისტემის გაძლიერებას, შესყიდვების დაგეგმვას და საქონლის შესყიდვას გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, აგრეთვე ინფორმირებულობის, განათლების და კომუნიკაციის დონის გაზრდას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – კონტროლი მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: არსებული პრაქტიკის, საჭიროებების და სისტემის შეფასება, კონტროლის სტანდარტების, პროტოკოლების და სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების და სამედიცინო პერსონალის ტრენინგი, ადგილზე ტექნიკური დახმარება, უკვე არსებული მეთოდების, შედეგების და მიღებული გაკვეთილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. პროექტის მეორე კომპონენტი იყო შესყიდვები. იგი მოიცავდა გადაუდებელ შეფასებას მთავრობასთან, ძირითად დონორებთან/პარტნიორებთან კონსულტაციის გზით და მსოფლიო ბანკთან და საფრთხის შემცირების სააგენტოსთან (DTRA) თანამშრომლობით; აუცილებელი საქონლის შესყიდვას და მიწოდებას; პანდემიური გრიპის კონტროლისთვის საჭირო საქონლის ინვენტარიზაციის გეგმის შემუშავებას. მესამე კომპონენტი IEC ეროვნული კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებაში დახმარებას გულისხმობდა. იგი მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: საზოგადოებისთვის მისაწოდებელი ძირითადი ინფორმაციის განსაზღვრა; სემინარები მედიის წარმომადგენლებისთვის; შეხვედრები მრგვალ მაგიდასთან ოფიციალურ პირებთან; ჯანდაცვის მუშაკებისთვის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ.

    პროექტის განხორციელებისას 2006 წლის ივნისიდან 2007 წლის აპრილამდე PATH-ი და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მჭიდროდ თანამშრომლობდნენ საქართველოს მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

    პროექტის ძირითადი პარტნიორები:

    • შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო;
    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტმანეტი და რეგიონული და რაიონული ცენტრების ქსელი;
    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (CPH);
    • დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC);
    • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია/ევროპის რეგიონი (WHO/EURO), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა;
    • გაეროს ბავშვთა დაცვის ფონდი;
    • მსოფლიო ბანკი;
    • აშშ-ს საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA);
    • აშშ-ს ჯანდაცვის და ადამიანთა უფლებების დეპარტამენტი/აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (HHS/CDC);
    • სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
    • პროექტი AgVantage.

    პროექტის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები განხორციელდა:

    • საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების და ჯანდაცვის პროფესიონალების ტრენინგი ზედამხედველობის ახალი პროცედურების და ადამიანებში ფრინველის გრიპით დაინფცირების კონტროლის ღონისძიებების სწავლების მიზნით;
    • რეკომენდაციების შემუშავება ფრინველის გრიპის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით („სასაუბრო თემები“ და შეტყობინებები); ინფორმაციის მიმწოდებელი პირების და მედიის წარმომადგენლების ტრენინგი;
    • კონტროლის და ლაბორატორიული აღჭურვილობის შეძენა და მიწოდება;
    • ინვენტარიზაციის და პროგნოზირების ინსტრუმენტის შექმნა ლაბორატორიების მოსამზადებლად; შესაბამისი ლაბორატორიული მოწყობილობის და ინდივიდუალური დაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

  • პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაძლიერება აზერბაიჯანში

    პირველადი ჯანდაცვის მომსახურების გაძლიერების პროექტი განხორციელდა 2005 წლის სექტემბრიდან – 2007 წლის სექტემბრამდე ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, რომელსაც სათავეში საერთაშორისო სამედიცინო კორპუსი ედგა. პროექტი განხორციელდა Abt. Associates Inc.-თან, საერთაშორისო ფონდ„კურაციოსთან“ და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კომუნიკაციის პროგრამების ცენტრთან თანამშრომლობით. პროექტის ფარგლებში აზერბაიჯანის მთავრობას გაეწია ტექნიკური დახმარება ქვეყნის პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში.

    პროექტი შედგებოდა ოთხი კომპონენტისგან:

    პირველადი ჯანდაცვის მომსახურების და მისი მიწოდების სისტემის განმსაზღვრელი პოლიტიკის და სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება;
    პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დაფინანსების გაუმჯობესება;
    პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
    ცალკეულ ადამიანებში და ოჯახებში პირად ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის გაზრდა.
    პროექტის ზოგადი მიზნები:

    მიმართვიანობის და მომსახურების გამოყენების მოდელების შემუშავება მოსახლეობაში ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებულ მდგომარეობებთან დაკავშირებით;
    ოჯახის ჯანდაცვის ხარჯების შეფასება კვარტალური ოჯახის ბიუჯეტის კვლევის მონაცემების შესასწორებლად, რომელიც სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მიერ განხორციელდა;
    მონაცემების მოპოვება პროექტის განხორციელებამდე და მის შემდეგ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების (საპილოტო რეგიონებში) და ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმის მონიტორინგისთვის და შესაფასებლად;
    ინსტრუმენტების შემუშავება და პირველადი მონაცემების მოპოვება (მინიმუმ ერთ საპილოტო რაიონში) საპილოტო რაიონებში ჯანდაცვის სისტემის გენერალური გეგმის შესამუშავებლად;
    აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ჯანდაცვის მომსახურების გამოყენების შესახებ შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით.
    პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანის მთავრობის დახმარებაზე ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკაში და დაფინანსებაში ძირეული ცვლილებების შეტანაში. განხორციელდა მნიშვნელოვანი ინტერვენციები ცალკეულ ობიექტებში და შერჩეულ საპილოტო რაიონებში. პროექტის ღონისძიებები, როგორც ეროვნულ ისე რაიონულ დონეზე, მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის პროექტთან (Health II). პროექტის ფარგლებში ყურდღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის პროექტის სამიზნე რაიონებში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების და ორგანიზაციული მოდელის დემონსტრირებაზე. მსოფლიო ბანკის პროექტი ითვალისწინებს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის რაციონალიზაციას და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციას საპილოტო რაიონებში, რაც ამ რაიონებში ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის სისტემის მოდერნიზაციისთვის საჭირო ინვესტიციების ჩადების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა საბაზისო კვლევამ (ა) მოამზადა ნიადაგი მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინტვერვენციებისთვის და (ბ) შექმნა პირველადი მონაცემების წყარო ჯანდაცვის მომსახურებით უზრუნველყოფის სისტემის რაციონალიზაციის დაგეგმისთვის (გენერალური გეგმის მომზადება).

  • თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა

    პროექტი „თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევა“ დააფინანსა იაპონიის სოციალური განვითარების ფონდმა და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ 2003 წლის სექტემბრიდან – 2007 წლის სექტემბრამდე. პროექტის მიზანი იყო თემზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამების განხორციელების შესაძლებლობის და ეფექტიანობის შემოწმება.პროგრამები საქართველოში შერჩეულ თემებში განხორციელდა.

    კერძოდ, პროექტის მიზანი იყო:

    • საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურების საშუალებით ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის ღარიბი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების დაფინანსების უზრუნველყოფა;
    • დასავლეთ საქართველოს შვიდი საპილოტო პროგრამის გამეორება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მინიმუმ 36 სხვა თემში;
    • იმ მიკრო პროგრამების (მიკრო-დაზღვევა) დაკავშირება, რომლებიც ზრდის „რისკების პულინგის“ (რისკების გაერთიანება) მოცულობას და იძლევა ეკონომიკურ ეფექტს სადაზღვევო პროგრამების მართვის საშუალებით.

    აღნიშნული გრანტი წარმოადგენდა პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის საკრედიტო ხელშეკრულების (კრედიტის N 702 GE) დამატებას. ხელშეკრულება გაფორმდა 2002 წლის 8 ნოემბერს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის (IDA) პირველადი ჯანდაცვის განვითარების პროექტის განხორციელებისთვის ხელშეწყობის მიზნით.

  • საქართველოში ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის გაუმჯობესებაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის გავლენა

    პროექტი დააფინანსა კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, საერთაშორისო განვითარების კვლევითმა ცენტრმა (CIDA/IDRC) და განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. პროექტის ხანგრძლივობა 2004 წლის ივლისი – 2006 წლის მარტი.

    კვლევა მიზნად ისახავდა „მხარდამჭერი მეთვალყურეობის“ იმუნიზაციის პროგრამის განხორციელებაზე გავლენის დოკუმენტურად ასახვას საქართველოში რაიონულ დონეზე.

    ინტერვენციის პაკეტი შემდეგი ქმედებებისგან შედგებოდა: სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება, ტრენინგი რაიონულ დონეზე, უწყვეტი მეთვალყურეობა და მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დაფინანსება ინტერნვენციების პაკეტის განხორციელების მიზნით (მგზავრობის და კომუნიკაციის ხარჯები). მხარდამჭერი მეთვალყურეობა, რომელიც ინტერვენციების პაკეტის მთავარ საკითხს წარმოადგენდა, ეფუძნებოდა განახლებულ სამუშაო აღწერილობას დოკუმენტურად განსაზღვრული მეთვალყურეობის სფეროების, კომუნიკაციის და უნარების გაუმჯობესებას, მეთვალყურეობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების და ინსტრუმენტების დანერგვას, მუშაობის მიმოხილვას და მონიტორინგს და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მოქმედების გეგმის შემუშავებას. ყოველივე ეს ეხმარება ჯანდაცვის მუშაკებს იმუნიზაციის მომსახურების უკეთესად მიწოდებაში.

    ინტერვენციის პაკეტის ეფექტიანობა განისაზღვრა პრე/პოსტ-ექსპერიმენტული კვლევის მეთოდის საშუალებით. ინტერვენციების პაკეტი განხორციელდა ქვეყნის 67 რაიონიდან შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 15 რაიონში. შემდგომი 15 რაიონი შეირჩა, როგორც საკონტროლო რაიონი. მაჩვენებლები შეფასდა საწყის ეტაპზე და ერთ-წლიანი ინტერვენციის შემდგომ, გამოყენებული იქნა რაოდენობრივი, ხარისხობრივი კვლევის მეთოდები და საფოსტო გამოკითხვა მონაცემების მოსაპოვებლად და დასკვნების გამოსატანად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმუნიზაციის პროგრამა საგრძნობლად გაუმჯობესდა ინტერვენციის შედეგად. საკონტროლო რაიონებისგან განსხვავებით, იმ რაიონებში სადაც ინტერვენცია განხორციელდა მნიშვნელოვნად გაიზარდა დყტ-3 იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი, შემცირდა უკუჩვენებები, იმუნიზაციაზე უარის თქმის შემთხვევები და ვაქცინის დანაკარგი საწყის და შემდგომ სტადიებზე.

  • ჯანმრთელი ქალები საქართველოში

    პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და განახორციელა ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტმა (JSI) საერთაშორისო ფონდ „კურაციოსთან“, პროექტთან „გადავარჩინოთ ბავშვები“ და საქველმოქმედო ფონდ „ორთოსთან“ თანამშრომლობით. პროგრამა მიმდინარეობდა 2003 წლის სექტემბრიდან – 2006 წლის ივლისამდე.

    პროექტი მიზნად ისახავდა ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საქართველოში. პროექტი „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ განხორციელდა იმერეთის რაიონის შერჩეულ ობიექტებში, აგრეთვე ათ ამბულატორიაში პირველადი ჯანდაცვის დონეზე. პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის ობიექტებისთვის და სოფლის მოსახლეობისთვის მომზადდა ინფორმაცია და კონსულტაციები ქალის ჯანმრთელობაზე ზრუვნის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ რაიონის ჯანდაცვის და ამბულატორიული მომსახურების პროვაიდრები, აფთიაქარები და საკრებულოს ხელმძღვანელები.

    პაციენტებისთვის და კლიენტებისთვის შეიქმნა „მშობელთა სკოლა“ სამ რაიონულ ჯანდაცვის ობიექტში ინფორმაციის და კონსულტაციების ოფიციალური კურსების საშუალებით მიწოდების მიზნით. პროექტის „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა თანატოლთა განათლების სისტემა მოზარდებისთვის სკოლებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პროექტის წარმომადგენლები სოფლებში დაუკავშირდნენ ქალებს, რომლებიც არ ცხადდებოდნენ ჯანდაცვის ობიექტებში.

    საქართველო აბორტების რიცხვით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. პროგრამამ „ჯანმრთელი ქალები საქართველოში“ ხელი შეუწყო ოჯახის დაგეგმვის მიზნით კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც აბორტის უსაფრთხო და ეფექტიან ალტერნატივას წარმოადგენს.

    პროექტის მიზნები:

    მდგრადი, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის, ქალებზე ორიენტირებული მომსახურების მიწოდება ჯანდაცვის ობიექტებში (სამშობიარო სახლი, ქალთა საკონსულტაციო ცენტრი და რეპროდუქციული ჯანდაცვის კაბინეტი) რეგიონულ და რაიონულ დონეზე ქუთაისში, ზესტაფონსა და ჭიათურაში;
    ქალებისთვის ჯანდაცვის საკითხებზე ინფორმაციის, კონსულტაციის და მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება, მშობიარობამდელი კონსულტაციის და კონტრაცეფციის ჩათვლით; ოჯახის დაგეგმვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე ათ ამბულატორიაში, რომლებიც ორი ჯანდაცვის ობიექტის დაფარვის ზონაში მდებარეობენ ზესტაფონში და ჭიათურაში; პირველადი ჯანდაცვის ობიექტებიდან მეორადი ჯანდაცვის ობიექტებისთვის მიმართვის პროცედურების შემუშავება; ჯანდაცვის პროვაიდერების წახალისება მოიცვან სოფლის ობიექტებიც;
    რეგიონული, რაიონული და პირველადი ჯანდაცვის ობიექტის დაფარვის ზონაში მცხოვრებ ქალებთან, მამაკაცებთან, მოზარდებთან (პაციენტები/კლიენტები, „გამოტოვებულები“ და ისინი, ვისაც არასდროს მიუმართავთ ჯანდაცვის ობიექტებისთვის) დაკავშირება; ჯანდაცვის საკითხებზე მათი ცოდნის გაღრმავება და მათ ქცევებზე ზემოქმედების საშუალებით ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება;
    თანამედროვე კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობის და მათი გამოყენების გაზრდა აბორტების მაღალი რიცხვის შემცირების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების აღკვეთის და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით;
    ჯანდაცვის პროვაიდერების ცოდნის და უნარების გაუმჯობესება ქალთა ჯანდაცვის საკითხებზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების და საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებული მტკიცებულების საფუძველზე.

  • სათემო ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი

    „სათემო ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი“ დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“ქეა ინტერნეიშენალმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის დეკემბრამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: “ქეა ინტერნეიშენალი“, “კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი” (ICCN), „ტექნიკური დახმარება საქართველოში“ (TAG), კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პასუხს აგებდა ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენინგზე სოფლის ამბულატორიებში (ექიმები და ექთნები) სხვადასხვა ჯანდაცვის საკითხებზე, მაგ.: ორსულობის დროს მეთვალყურეობა, იმუნიზაცია, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გერიატრიული ცვლილებები და ა.შ. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა ტრენინგები საზოგადოების წევრებისთვის პირველადი დახმარების და მოხუცების ფსიქო–სოციალურ დახმარების საკითხებზე. ფონდმა ჩამოაყალიბა მოხუცებისთვის ფსიქო-სოციალური დახმარების ქსელი და თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების გეგმები. მან აგრეთვე შეიმუშავა და განახორციელა საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანია ქრონიკული დაავადებების აღმკვეთ ზომებზე, ასევე სგგდ/აივ ინფექცია/შიდსზე და ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებაზე. საინფორმაცია მასალები დაიბეჭდა და დაურიგდა საზოგადოების წევრებს.

  • სათემო ინვესტირების პროგრამა – აღმოსავლეთი

    „სათემო ინვესტირების პროგრამა – აღმოსავლეთი დააფინანსა „ბრიტიშ პეტროლიუმმა“/“მერსი ქორმა“. პროგრამა განხორციელდა 2003 წლის მარტიდან 2005 წლის თებერვლამდე შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით: „მერსი ქორი“, ელკანა, ორგანიზაცია „ტექნიკური დახმარება საქართველოში“, კონსტანტა და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ პასუხს აგებდა ჯანდაცვის სპეციალისტების ტრენინგზე სოფლის ამბულატორიებში (ექიმები და ექთნები) სხვადასხვა ჯანდაცვის საკითხებზე, მაგ.: ორსულობის დროს მეთვალყურეობა, იმუნიზაცია, ქრონიკული დაავადებების პრევენცია, გერიატრიული ცვლილებები და ა.შ. საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჩაატარა ტრენინგები საზოგადოების წევრებისთვის პირველადი დახმარების და მოხუცების ფსიქო–სოციალურ დახმარების საკითხებზე. ფონდმა ჩამოაყალიბა მოხუცებისთვის ფსიქო-სოციალური დახმარების ქსელი და თემზე დაფუძნებული ჯანდაცვის დაფინანსების სქემები. მან აგრეთვე შეიმუშავა და განახორციელა საგანმანათლებლო საინფორმაციო კამპანია ქრონიკული დაავადებების აღმკვეთ ზომებზე, ასევე სდდგ/აივ ინფექცია/შიდსზე და ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებაზე. საინფორმაცია მასალები დაიბეჭდა და დაურიგდა საზოგადოების წევრებს.

  • ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრი

    ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრი ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის ინფორმაციას ღარიბ მოსახლეობაზე ორიენტირებულ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, დაფინანსებაზე და მომსახურებაზე გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტს და საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებს. პროექტი განხორციელდა 2002–2005 წლებში. ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრის მომსახურებას უზრუნველყოფს შვიდი პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმი, რომელიც აერთიანებს კვლევებისა და მუშაობის შედეგად დაგროვილი ცოდნას ეროვნულ და საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებზე და სისტემის განვითარებაზე:

    • აღა ხანის ჯანდაცვის მომსახურება, საზოგადოებრივი განყოფილება, კენია;
    • Centre de Recherchers et d’Etudes pour le Developpement de la Sante (CREDES), France;
    • საერთაშორისო ფონდი „კურაციო“; საქართველო;
    • ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემების ჯგუფი; აშშ;
    • განვითარების კვლევების ინსტიტუტი, გაერთიანებული სამეფო;
    • ჯანდაცვის სექტორის განვითარების ინსტიტუტი, გაერთიანებული სამეფო;
    • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი (IPS). ჯანდაცვის სისტემის რესურსცენტრი მუშაობს ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო ინიციატივებზე ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს ღარიბი მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომას განვითარებად ქვეყნებში.

    იხილეთ დამატებითი ინფორმაცია.