Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • გამოცემა 'ლიბერალის' სტატია "სახიფათო ნარჩენები 2011

    ეკა ჭითანავას სტატიაში “სახიფათო ნარჩენები” საუბარია ნაგვის უტილიზაციასთან დაკავშირებულ რისკებზე. კონტეინერებში გადაყრილი შპრიცებით, ტამპონებითა და წვეთოვანებით ადამიანების ჰეპატიტითა და შიდსით დაინფიცირების საფრთხის შესახებ. ავტორი ცდილობს გაერკვეს როგორ იცავენ თბილისის საავადმყოფოები ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს.

  • გამოცემა 'ლიბერალის' სტატია სახიფათო ნარჩენები 2011

    ეკა ჭითანავას სტატიაში “სახიფათო ნარჩენები” საუბარია ნაგვის უტილიზაციასთან დაკავშირებულ რისკებზე. კონტეინერებში გადაყრილი შპრიცებით, ტამპონებითა და წვეთოვანებით ადამიანების ჰეპატიტითა და შიდსით დაინფიცირების საფრთხის შესახებ. ავტორი ცდილობს გაერკვეს როგორ იცავენ თბილისის საავადმყოფოები ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებს.

  • რამდენად უსაფრთხოა ინექციების პრაქტიკა საქართველოს ჯანდაცვის ობიექტებში?!

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2000 წლის დაავადებათა გლობალური ტვირთის შეფასების კვლევის თანახმად, დაბინძურებული ინექციები მსოფლიოში ყოველწლიურად B ჰეპატიტით ინფიცირების 21 მილიონ, C ჰეპატიტით ინფიცირების 2 მილიონ და აივ-ინფექციით ინფიცირების 260 ათას შემთხვევას იწვევს. სამედიცინო პერსონალს შორის B და C ჰეპატიტით ინფიცირების 40% პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება[1].

    ქვემოთ მოცემულ საჯარო პოლიტიკის ცნობა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ ჩატარებული კვლევის მიზნებსა და შედეგებს გვაცნობს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა:

    1. განსაზღვრულიყო, რამდენად ხარისხიანად სრულდება სამედიცინო დაწესებულებებში საინექციო პროცედურები, ხდება თუ არა საინექციო აღჭურვილობის გამოყენება, სამედიცინო მასალების და ნარჩენების მართვა იმ რეკომენდაციების თანახმად, რომლებიც შემუშავებულ იქნა საუკეთესო პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე;

    2. გამოვლენილიყო პაციენტის, მედპერსონალისა და საზოგადოებისათვის საფრთხის შემცველი ქცევის პრაქტიკა

    3. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებულიყო რეკომენდაციები შესაბამისი ინტერვენციების დასაგეგმად და მათ განსახორციელებლად.

    კვლევის შედეგებს და რეკომენდაციების დეტალურად გასაცნობად იხილეთ პოლიტიკის ცნობა (Policy brief) და კვლევის ანგარიშის სრული ვერსია.

    [1] Mathers CD, Stein C, Ma Fat D, Rao C, Inoue M, Tomijima N et al. Global Burden of Disease 2000. Version 2, methods and results. GPE Discussion Paper No. 50. Geneva: World Health Organization, 2002

    ნახეთ შესაბამისი სტატია, რომელიც კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდა: სახიფათო ნარჩენები, ჟურნალი ”ლიბერალი”, ავტორი: ეკა ჭითანავა, 14 აპრილი, 2011.

  • კვლევის შედეგები მედიკამენტების ფასებსა და მათ ხელმისაწვდომობაზე საქართველოში

    საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა“. მოცემული კვლევის პირველი ეტაპი მსოფლიო ბანკის, მეორე კი ღია საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა.
    კვლევა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამყარებით მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

    კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით და მოიცვა ლიცენზირებული აფთიაქების 70%. საქართველოს ოთხ რეგიონში, 146 აფთიაქში განხორციელებული გამოკვლევის შედეგად შეფასდა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის დინამიკა 2010 წლის პირველი 6 თვის მანძილზე. შესწავლილ იქნა ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა, ფასები და ფასნამატის მარჟები 52 მედიკამენტზე. განხორციელდა საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ფასების შედარება ევროპის სხვა ქვეყნების ფასებთან.

    იხილეთ კვლევის სრული ანგარიში.

  • კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა და მომხმარებელთა კმაყოფილება

    კორპორაციული ჯანდაცვის დაზღვევის მომსახურების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა მიზნად ისახავს სადაზღვევო კომპანიების კორპორაციული კლიენტების კმაყოფილების დონის განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას კორპორაციული სადაზღვევო მომსახურების შემდგომი დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით. ფინანსური ხელმისაწვდომობა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, რომელიც ხელს უშლის პონტენციურ მომხარებელს სადაზღვევო პროგრამაში ჩაერთოს. ყველა მოქალაქეს არ აქვს კორპორაციული დაზღვევის მომსახურების მიღების გარანტირებული შესაძლებლობა.

    კვლევა ჩატარდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო ჯანდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგის ინიციატივის მხარდაჭერით. კვლევა, რომელიც საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ექსპერტების მარინე ეგუტიას, ნათია რუხაძის და თამარ გოცაძის მიერ მომზადდა, შეისწავლის სადაზღვევო ბაზრის ტენდენციებს, დაზღვევის სახეობათა წილს ბაზარზე და მომხმარებლების კმაყოფილების დონეს.

    უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სადაზღვევო სისტემა ახალია, შეინიშნება ბაზრის სწრაფი ზრდის უდავო ნიშნები. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2009 წელს სადაზღვევო ბაზარი წინა წელთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა. დაზღვევის სახეობებს შორის ჯანმრთელობის დაზღვევას ყველაზე დიდი წილი უკავია და სადაზღვევო ბაზრის 68.6 პროცენტს შეადგენს.

    2007 წელს საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების რეფორმის შემდეგ სადაზღვევო კომპანიების ბაზრის წილი იზრდება. კერძო სადაზღვევო კომპანიებმა მოახერხეს სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი წილის მოზიდვა. სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებს სახელმწიფოს მიერ უზრუნვეყოფილი დაფინანსების ფარგლებში აფინანსებენ. 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პარალელურად, შეინიშნება კორპორაციული დაზღვევის განვითარების ნელი ტემპი. აღნიშნული დაზღვევის ტიპით სარგებლობენ სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საცალო დაზღვევა ბაზრის 1 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის 76 პროცენტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების ზემოქმედების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

    იხილეთ ანგარიშის სრული ვერსიამ პოლიტიკის ცნობა ან პრეზენტაცია.

  • გულის ქრონიკული უკმარისობის (გქუ) ხარისხიანი მკურნალობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების შესახებ პროვაიდერების და პაციენტების მოსაზრების კვლევა უზბეკეთსა და საქართველოში

    გულის ქრონიკული უკმარისობის (გქუ) ხარისხიანი მკურნალობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების შესახებ პროვაიდერების და პაციენტების მოსაზრების კვლევა უზბეკეთსა და საქართველოში
    პროექტის ფარგლებში ჩატარდება ხარისხობრივი კვლევა იმ ფაქტორების დასადგენად, რომლებიც ხელს უშლის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: უზბეკეთსა და საქართველოში. პროექტს აფინანსებს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსი (AHPSR). წამყვანი მკვლევარები არიან: დოქტორი ჯუდით გრინი, ლონდონის ჰიგიენის და ტროპიკული მედიცინის სკოლა; დოქტორი მოჰირ აჰმედოვი, ტაშკენტის სამედიცინო აკადემია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა; დოქტორი გიორგი გოქსაძე, საერთაშორისო ფონდი „კურაციო“.

    კვლევა იმ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც იკვლევს ხარისხობრივი პრინციპების გამოყენების შესაძლებლობას (როგორც ჯგუფური ისე ინდივიდუალური ინტერვიუსთვის) ყოფილი საბჭოთა კავშირის დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, უზბეკეთსა და საქართველოში ხარისხობრივი კვლევების ჩატარების საშუალებით. პროექტი მიზნად ისახავს შეისწავლოს ხარისხობრივი მეთოდოლოგიის გამოყენების შესაძლებლობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში და აგრეთვე ჯანდაცვის სისტემების შედარებითი კვლევების ჩასატარებლად. აღნიშნული კვლევა მოიცავს ორ ქვეყანას და აქვს შედარებითი კვლევის ფორმატი. თითოეულ კვლევაში გამოყენებული იქნება ხარისხობრივი მეთოდები (ინდივიდუალური იტერვიუები და ჯგუფური განხილვები) ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული იმ პრობლემის გამოსავლენად, რომელიც აქტუალურია ორივე ჯანდაცვის სისტემაში. ინტერვიუების საშუალებით გაირკვევა ის ფაქტორები, რომლებიც ექიმების და პაციენტების აზრით ხელს უშლის გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.

    პროექტისთვის აღნიშნული თემა მთელი რიგი ფაქტორების გამო შეირჩა. პირველ რიგში იმიტომ, რომ განვითარებად ქვეყნებში არაგადამდებ დაავადებათა წილი ავადობის ტვირთში მუდმივად იზრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2001 წელს, არაგადამდები დაავადებები დაავადებათა ტვირთის 46%–ს შეადგენდნენ. 2020 წლისთვის მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის 56%–მდე გაზრდა. [2]

    მეორე ფაქტორი, რის გამოც ზემოთ აღნიშნული თემა შეირჩა, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დასავლეთში ჯანდაცვის პოლიტიკაში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე აქცენტის გადატანაა. განვითარებული ქვეყნების მაგალითს განვითარებადმა ქვეყნებმაც მიბაძეს. განვითარებადი ქვეყნების ინტერესი სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართ დროულად გაიზარდა, რადგან უკეთესი ხარისხის მომსახურება ხელს უწყობს პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას სამედიცინო შეცდომების და არასაჭირო მომსახურების მიწოდების შემცირების გზით, ასევე სათანადო მედიკამენტების და პროცედურების მზარდი გამოყენებით. შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ეფექტიანობა მთელი სისტემის მასშტაბით.

    გულის უკმარისობა (გუ) სიკვდიალიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და სამედიცინო ხარჯებში მნიშვნელოვანი წილი უკავია. დაავადების პრევალენტურობა მოსახლეობაში დაახლოებით 3-4%-ია. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მოწოდების ორ ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის პროტოკოლების არასათანადო გამოყენება და პაციენტების მიერ ექიმის დანიშნულების არასათანადო შესრულებაა. უზბეკეთსა და საქართველოში გულის უკმარისობის მკურნალობისას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების დამაბრკოლებელ ფაქტორებზე ექიმების და პაციენტების მოსაზრების გასაგებად მკვლევარები პირველ რიგში ინტერვიუს ჩაატარებენ ექიმებთან, რომლებიც მუშაობენ ნიმუშის სახით სპეციალურად შერჩეულ ქალაქის და სოფლის კლინიკებში. ხარისხიანი მომსახურების ნიშნად მიიჩნევა ACE ინჰიბიტორების და ბეტა-ბლოკატორების გამოწერა. ინტერვიუს დროს ექიმებს (რაოდენობა = 10-15 თითოეულ ქვეყანაში) სთხოვენ ისაუბრონ გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მკურნალობისადმი მათ მიდგომაზე. აღნიშნული ინტერვიუს დროს ასევე მოწმდება ექიმების მიერ ამ სფეროში არსებული რეკომენდაციების (გაიდლაინების) ცოდნა. ისინი განსაზღვრავენ მათ პრაქტიკაში ACE ინჰიბიტორების და ბეტა–ბლოკატორების გამოყენების ხელისშემშლელ ფაქტორებს. თითოეული კლინიკიდან საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ მოიწვევს 5-6 პაციენტს (რაოდენობა = თვითოეულ ქვეყანაში 4 ჯგუფი ) რათა მოაწყოს ჯგუფური განხილვა და გამოავლინოს მათი მოსაზრება გულის უკმარისობის მართვის, მკურნალობის რეჟიმის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის და გამოწერილი მედიკამენტების თაობაზე. გაკეთდება ყველა ინტერვიუს და განხილვის ვიდეო ჩანაწერი, მასალა გაიშიფრება და მოხდება მისი ხარისხობრივი ანალიზი. პროექტის შედეგებს ექსპერტები შეაფასებენ. კვლევის ფარგლებში განსაზღვრული, ორ ქვეყანაში გულის უკმარისობის მკურნალობისას ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების დამაბრკოლებელი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია დაიბეჭდება სპეციალურ პუბლიკაციებში და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმ მიმართულებების შესახებ, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. აღნიშნული კვლევა შეადგენს შედარებით დიდ კვლევის ნაწილს, რომელიც ხარისხობრივი მეთოდოლოგიის სხვადასხვა ქვეყნებში გამოყენებში გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს. მოცემული კვლევის შედეგად მოვიპოვებთ ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემების შედარებითი კვლევისთვის გამოსადეგი ხარისხობრივი მეთოდების შემუშავების შესახებ და შევქმნით ინტერნეტმასალებს, რომელიც დახმარებას გაუწევს ჯანდაცვის სისტემის სფეროში მომუშავე მკვლევარებს.

  • ბავშვთა სამედიცინო მომსახურება და მონაცემთა ხარისხის განსაზღვრა ტაჯიკეთში

    პროექტი ”ბავშვთა სამედიცინო მომსახურება და მონაცემთა ხარისხის განსაზღვრა ტაჯიკეთში” მიზნად ისახავდა ტაჯიკეთის მთავრობის და დონორების რეკომენდაციებით უზრუნველყოფას ბავშვთა დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის სისტემის გაუმჯობესებისა და პირველად ჯანდაცვის დონეზე ჯანდაცვის ხარისხის შეფასების მიზნით. პროექი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ხანგრძლივობა: 2010 წლის მაისი–2011 წლის ნოემბერი.

    პროექტი შემდეგ კომპონენტებს მოიცავდა:

    ნაწილი I: ხარისხობრივი კვლევა ბავშვთა დაბადებასა და გარდაცვალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებისა და პროცესის ეფექტიანად განხორციელებაში არსებული დაბრკოლებების შესახებ; მონაცემები შეგროვდება შერჩეულ რეგიონებში ჯანდაცვის სფეროს იმ წარმომადგენლებისგან და პერსონალისგან, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ დონეზე ჯანდაცვის სფეროს მონაცემებზე ანგარიშგებას ახდენენ (სამედიცინო დაწესებულებები, ადგილობრივი ხელისუფლება, რაიონები, ოლქები და ცენტრალური ხელისუფლება ) და (ii) აგრეთვე სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან (ქალები და მამაკაცები). მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება ბავშვთა დაბადების და სიკვდილის შემთხვევების რეგისტრაციის ხელის შემშლელი ფაქტორები. ანალიტიკურ ანგარიშში აისახება ბავშვთა სიკვდილიანობის მონაცემებში არსებული განსხვავებები. მასში მოცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები ჯანდაცვის პოლიტიკის თუ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, როგორც ხელისუფლებისთვის ასევე დონორებისთვის. კვლევის შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სემინარზე, რომელიც 2010 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

    ნაწილი II: პირველადი ჯანდაცვის ცენტრების კვლევა შერჩეულ რეგიონებში ბავშვთა დაავადებების ინტეგრირებული მართვის (IMCI) „სამედიცინო დაწესებულებების კვლევის“ გამოყენებით. კვლევამ უნდა მოიცვას 70 პირველადი ჯანდაცვის სერტიფიცირებელ ცენტრი, რომელთა თანამშრომლებს შესაძლოა ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ გავლილი საოჯახო მედიცინის კურსები. კვლევის ანგარიში გარდა შედეგებისა, მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს ჯანდაცვის პოლიტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ბავშვთა ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; კვლევის შედეგები და რემკომენდაციები ეროვნულ სემინარზე გახდება ცნობილი.

  • აივ/შიდსთან დაკავშირებული გლობალური ინიციატივები და ჯანდაცვის სისტემებზე მათი გავლენის კვლევა: გავლენა საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე უკრაინაში, ყირგიზეთსა და საქართველოში

    კვლევის მიზანია გაარკვიოს თუ რა გავლენას ახდენს გლობალური ფონდის აივ პროგრამები საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. კვლევა წარმოადგენს გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების ქსელის კვლევების შემდგომ საფეხურს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების გავლენა ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებზე. სახელდობრ, კვლევა შეაფასებს გლობალური ფონდის პროგრამების ზემოქმედებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრიორიტეტებზე, მიზნებზე და როლზე; კვლევა განსაზღვრავს გლობალური ფონდის აივ პროგრამების გავლენას საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის ურთიერთობაზე, აგრეთვე მათ ზემოქმედებას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობებზე. კვლევა ძირითადად დაეფუძნება ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუებს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან. ხანგრძლივობა: იანვარი-ივლისი 2010.

    ქვეყანაში განხორციელებული კვლევების მხარდაჭერას უზრუნველყოფს ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ქსელის დაფინანსებას უზრუნველყოფს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (DFID), ირლანდიის სახელმწიფო დახმარების ფონდი (Irish Aid) და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Danida).

    საქართველოში კვლევა განხორციელდება საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ წარმომადგენლების ქეთევან ჩხატარაშვილის და ნათია რუხაძის მიერ.

    მკლევარები უზრუნველყოფენ ინფორმაციას კვლევის ოქმის (მეთოდოლოგია) შესადგენად კვლევის დროს შესაბამის საფეხურებზე – ინტერვიუს ინსტრუმენტების და ნიმუშების შერჩევის სტრატეგიის შემუშავება, მონაცემების მეორადი წყაროების და საჭირო ლიტერატურის იდენტიფიკაცია და საველე სამუშაოების ჩატარება.

    კვლევის შედეგად სტატიები დაიბეჭდება სპეციალურ პუბლიკაციებში.

  • პრემიერული გათვლები უმწეოთა დაზღვევის პროგრამისათვის 2009

    2009 წელს, სადაზღვევო პროგრამას 900 000 მოქალაქე უნდა მოეცვა. 2009 წლის ბიუჯეტის უფრო ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, USAID დაფინანსებული CoReform პროგრამის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფმა და საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ’ ანალიზი და გათვლები წარუდგინეს განსახილველად ჯანდაცვის სამინისტროს . კერძოდ: ა) საშუალო პრემიუმად დადგინდა 12.64 ლარი ერთ სულ მოსახლეზე, რაც წელიწადში შეადგენს 151.68 ლარს; ბ) სხვა პრემიუმის კოეფიციენტები შეფასდა შემდეგი პარამეტრების გათვალისწინებით: 1. ასაკი და სქესი, 2. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები (0-49; 50-74;  75 და მეტი); 3. ასაკი, სქესი და ოჯახის ზომა; 4. ასაკი, სქესი და რაიონი.

    აღნიშნული პრემიერული გათვლები აისახა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის ბრძანებულებაში #32, სადაც საშუალო პრემიუმი ყოველთვიურად აჭარბებს  12.64 ლარს და უტოლდება15 ლარს, იმის გამო, რომ მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა დაზღვევის პაკეტის კიდევ უფრო გაფართოება უმწეოთათვის.

    ნახეთ დოკუმენტი, რომელიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:

    Premium Estimates for the 2009 State Health Care Benefit Program for the Poor (ENG)
    Premium Estimates for the 2009 State Health Care Benefit Program for the Poor (GEO)

  • 'რუსთავი 'აივ/შიდსის გავრცელება და ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, როგორც ინფიცირების რისკ ჯგუფი 2010

    სიუჟეტი მოგვითხრობს კურაციოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების შესახებ, რომელიც აივ ინფექციის გავრცელებას და ასევე, ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივით ინფიცირების რისკებს შეისწავლიდა.