Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • ქრონიკული დაავადებების მართვის შეფასება დაბალი შემოსავლის ქვეყნებში მულტიმეთოდური სწრაფი შეფასების მეთოდით

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ ჟენევის 2012 წლის ჯანდაცვის ფორუმზე წარადგინა კვლევის წინასწარი შედეგები, რომელიც აფასებს ჯანდაცვის სისტემებს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში დიაბეტის მართვის თვალსაზრისით. მულტიმეთოდური და სწრაფი შეფასების მეშვეობით შესწავლილ იქნა არაგადამდები დაავადებების (დიაბეტის) მართვა ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

    კვლევის მიზანია ძირითადი პრობლემების განსაზღვრა და პრაგმატული პოლიტიკური შეთავაზებების მომზადება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ხარვეზების გამოსწორებას. კვლევა ხორციელდება მე-7 ჩარჩო პროგრამის მხარდამჭერით მიმდინარე HITT-CIS პროექტის ფარგლებში.

    ავტორები: დინა ბალაბანოვა, მარტინ მაკკი, ივდითი ჩიქოვანი, ოქსანა ივანუტო. პრეზენტაცია წარადგინა ივდითი ჩიქოვანმა.

    ნახეთ ინფორმაცია ჟენევის ჯანდაცვის ფორუმის ვებგვერდზე.

  • პოსტერების წარდგენა აივ/შიდსის 2012 წლის კოპენჰაგენის საერთაშორისო კონფერენციაზე

    საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ კოპენჰაგენის 2012 წლის კონფერენციაზე ორი პოსტერი წარმოადგინა.

    ერთერთი პოსტერი მოიცავს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს შორის საქართველოს ხუთ ქალაქში 2008-2009 წ. აივ ინფექციაზე ქცევითი და ბიომარკერული კვლევის შედეგებს. კერძოდ, შესწავლილ იქნა ნარკომომხმარებლებს შორის ტესტირების დაბალი მაჩვენებელის განმაპირობებელი ფაქტორები.

    კონფერენციის მონაწილეებმა პოსტერი წარმოადგინეს სესიაზ: გაკვეთილები აივ-ზე ტესტირების სტრატეგიის განხორციელებისას.
    ავტორები: ივდითი ჩიქოვანი, ქეთევან გოგუაძე, ნათია რუხაძე, გიორგი გოცაძე.

    მეორე პოსტერი ეხმაურება აივ-ზე გვიანი დიაგნოსტირების თემას. შესწავლილ იქნა აივ/შიდსის ეროვნული მონაცემთა ბაზა 2000-2010 წლებისთვის და გამოვლინდა საქართველოში გვიანი დიაგნოსტირების მაღალი რისკის ჯგუფის მახასიათებლები.

    ავტორები: ქეთევან გოგუაძე, ივდითი ჩიქოვანი, ნათია რუხაძე, გიორგი გოცაძე.

    კვლევები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:

    ტესტირების დაბალი მაჩვენებელი და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებშ შორის

    აივ/შიდსზე გვიანი დიაგნოსტირების მაღალი რისკის ჯგუფები საქართველოში

  • მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ცვლილება 2009-2011 წლებში საქართველოში

    საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა”. კვლევა განხორციელდა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად.

    კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.

    სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებული აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე დაკვირვების საფუძველზე საერთაშორისო ფონდმა ”კურაციომ” შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული პრაქტიკა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება ჯანდაცვის სექტორის ფართო აუდიტორიას-პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო სექტორსადა სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

    კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ფასების და ფასნამატის მარჟების ანალიზი 52 დასახელების მედიკამენტზე ( ორიგინალი ბრენდი და მათი ექვივალენტი დაბალ ფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტი) თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ აფთიაქებში.

    კვლევაში ერთმანეთთან არის შედარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი ბრენდულ სააფთიაქო ქსელებში და დამოუკიდებელ აფთიაქებში. 2009-2010 წლებში კვლევაში ჩართულ სააფთიაქო ქსელებს (PSP, Aversi, GPC) 2011 წელს დაემატა ფარმადეპო და ფარმაცენტრი.

    კვლევაში ერთმანეთთან შედარებულია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა წლების მიხედვითაც. გაანალიზებულია 2009 წელს წამლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ზეგავლენა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და ფასზე საქართველოში. გაანალიზებულია ფასის ცვლილებების ზეგავლენა პაციენტების მკურნალობის ხარჯებზე სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებს შორის.

    კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

    • 2009 წლიდან ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც ალბათ გამოიწვია ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის შემცირება. ფასნამატის კლებამ მაქსიმუმს მიაღწია 2011 წელს;
    • 2011 წელს ხელმისაწვდომობა გაიზარდა როგორც ბრენდ, ასევე გენერიული დასახელებების მედიკამენტებზე;
    • მიუხედავად ხელმისაწვდომობის ზრდისა, გენერიული დასახელების მედიკამენტები ნაკლებადაა წარმოდგენილი ბაზარზე;
    • ხელმისაწვდომობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. ზოგიერთ რეგიონში ხელმისაწვდომობა კვლავ დაბალი რჩება, განსაკუთრებით გენერიული დასახელების მედიკამენტებზე;
    • ხელმისაწვდომობა ყველაზე მაღალია ფარმადეპო/ფარმაცენტრის აფთიაქთა ქსელში , მაშინ როდესაც დამოუკიდებელ აფთიაქებში ხელმისაწვდომობა ყველაზე დაბალია, რაც ალბათ მეტყველებს ამ აფთიაქების არახელსაყრელ კონკურენტულ პირობებში არსებობაზე;
    • მიუხედავად მედიკამენტთა ფასნამატის შემცირების ტენდენციისა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო გამოირჩევა მაღალი ფასნამატით, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიები გაცილებით მეტ თანხას ამატებენ მედიკამენტის ფასს ვიდრე ეს ევროპაშია, რაც შესაბამისად მეტ მოგებას უნდა განაპირობებდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ჯანმრთელობის ეროვნულ დანახარჯებში ფარმაცევტული დანახარჯები გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

    გავლენა სტანდარტული მკურნალობის ფასზე:

    • უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში აღინიშნება სტანდარტული მკურნალობის ფასის შემცირება;
    • 2011 წელს სტანდარტული მკურნალობის ფასი გაცილებით შემცირდა ორიგინალი ბრენდებით მკურნალობისას, ვიდრე გენერიული დასახელების

    მედიკამენტებით, თუმცა გენერიული დასახელების მედიკამენტებით მკურნალობა შეუდარებლად ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს მათი დაბალი საცალო ფასის გამო.

    მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის კვლევა საქართველოში 2009-2011 წლებში სამ ეტაპად განხორციელდა. კვლევის პირველ და მესამე ეტაპს აფინანსებდა მსოფლიო ბანკი, მეორე ეტაპს კი ღია საზოგადოების ინსტიტუტი.

    ნახეთ: კვლევის პრეზენტაცია, კვლევის მოკლე ანგარიში.

    ნახეთ ამ თემაზე სტატიები მედიაში:

    ჟურნალი ”ლიბერალი”-რატომ ვიხდით წამალში 5-ჯერ მეტს?

    ელექტრონული გაზეთი ”ნეტგაზეთი”-რამდენი იხარჯება წამალზე?

  • ინტერნეტგამოცემა 'ნეტგაზეთი': რამდენი იხარჯება წამალზე", 2011

    ინტერნეტგამოცემა ‘ნეტგაზეთის’ ჟურნალისტი ნინო კახიშვილი საქართველოს მოსახლეობის წამლებზე დანახარჯის მაღალ მაჩვენებელს აანალიზებს სტატიაში “რამდენი იხარჯება წამალზე”

  • მოსახლეობის ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების ანალიზი საქართველოში

    2011 წლის 26 ოქტომბერს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სემინარზე, რომელიც ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმებს მიეძღვნა, საერთაშორისო ფონდ„კურაციოს“ მკვლევარმა ნათია რუხაძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები: მოსახლეობის ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯების ანალიზი საქართველოში.

    კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. კვლევაში გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის 2006-2010 წლის მონაცემები. ანალიზის შედეგად, შესწავლილ იქნა შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების სტრუქტურა და მოცულობა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში. კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა სახელმწიფოს მიერ 2006-07 წლებში ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის, კერძოდ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის, გავლენა შინამეურნეობების დონეზე.

    იხილეთ კვლევის შედეგების ამსახველი პრეზენტაციის დოკუმენტი.

  • ჟურნალ BMC-ში გამოქვეყნდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ საქართველოში ჩატარებული რანდომიზებული კვლევა – „იმუნიზაციის პროგრამაზე მხარდამჭერი მეთვალყურეობის როლის შედეგები“ .

    ჟურნალ BMC-ის დანართში ”საერთაშორისო ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები 2009” საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საერთაშორისო ექსპერტების კვლევითი სტატია „არათანაბარი მოცვა: უთანასწორობის გამოვლენა იმუნზაციის დონის გასაუმჯობესებლად მტკიცებულების დახმარებით“გამოქვეყნდა. კვლევა ჩატარდა კანადის საერთაშორისო იმუნიზაციის ინიციატივის მეორე ეტაპის (CIII2) ფარგლებში – ოპერაციული კვლევების გრანტები.

    საქართველოში, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში მრავალი რეფორმა განხორციელდა, რომლის ნაწილიცაა იმუნიზაციის პროგრამის გასაძლიერებლად გადადგმული ნაბიჯები. აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი ზომები გატარდა იმუნიზაციის მენეჯერების საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, რათა მათ სამედიცინო ობიექტების პერსონალთან მუდმივი კავშირის საშუალებით გააუმჯობესონ პერსონალის მომზადების დონე იმუნიზაციის საკითხებში.

    კვლევა ასევე ეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა,ადამიანური რესურსები და მისი მართვა იმუნიზაციის დონის ასამაღლებლად. აღნიშნული მიზნად ისახავს საქართველოში რაიონების დონეზე იმუნიზაციის პროგრამაზე „მხარდამჭერი“ მეთვალყურეობის გავლენის დოკუმენტურად ასახვას.

  • სტაჟირების შესაძლებლობა საერთაშორისო ფონდ ”კურაციოში”

    სტაჟირების შესაძლებლობა საერთაშორისო ფონდ ”კურაციოში”
    საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს იწვევს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 2002 წლიდან, ფონდში სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორიცაა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, იელი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა და ა.შ.

    2011-2012 წლებში ინტერნებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საერთაშორისო ფონდ ”კურაციო”-ს მიერ განხორციელებულ მიმდინარე კვლევებში.

    სტაჟირების ვადები:
    • სტაჟირება ზამთრის პერიოდში (დეკემბერი- თებერალი) 2-დან 6 კვირამდე;
    • ზაფხულის პერიოდში (ივნისი-სექტემბერი) 1-დან 4 თვემდე.

    სტაჟირების პირობები:
    სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ინტერნებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი პირობებით:
    • ინტერნეტითა და საოფისე მოწყობილობით სარგებლობა ფონდის ოფისში;
    • ხელმისაწვდომობა ონლაინ ბიბლიოთეკაზე, რომელიც მოიცავს 8000-ზე მეტ საინფორმაციო მასალას 30 სხვადასხვა ენაზე;
    • სტაჟირების კოორდინატორი, რომელიც ინტერნებს გაუწევს მუდმივ დახმარებას და ზედამხედველობას კვლევის თემაზე მუშაობის პროცესში. უცხოელ ინტერნებს უწევს დახმარებას საქართველოში მათი ყოფნის პერიოდში და გამგზავრებისას, ასევე სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისას.

    უცხოელი ინტერნებისთვის:
    • ლოგისტიკური მხარდაჭერა საქართველოში ჩამოსვლის, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის და გამგზავრებისას, რაც მოიცავს სამგზავრო ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საცხოვრებელი ადგილის მოძიებას და ა.შ;
    • საგრანტო თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით.

    პროგრამაში მონაწილეობის წამახალისებელი ფაქტორები:
    – შესაძლებლობა, რომ სტაჟორებმა გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა და კვლევის უნარები პრაქტიკაში;
    – შეიტანონ საკუთარი წვლილი და წარმოჩნდნენ სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორებად, რომელიც გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში;
    – ჰქონდეთ მუდმივი ურთიერთობა მაღალი დონის პროფესიონალებთან და ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავებისთვის მტკიცებულებების შექმნის პროცესში.

    ნახეთ დეტალური აღწერა ინფორმაციის მისაღებად სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღების პროცედურებისა და კვლევის თემების შესახებ.
    დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

  • ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები

    ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები
    პროექტი “ჯანდაცვა გარდამავალ პერიოდში: დსთ-ს ქვეყნებში მოსახლეობის ჯანრმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის ტენდენციები” (“HITT-CIS”) ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება (DG Research – FP7).

    პროექტი ითვალისწინებს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევის განხორციელებას დსთ-ს ქვეყნებში, რომელიც ათ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შეისწავლის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის და დაავადებათა სოციო-ეკონომიკურ ტვირთის გრძელვადიან ტენდენციებს; ასევე საცხოვრებელ პირობებს, კვების პრაქტიკას, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკას და ჯანდაცვის სერვისებისადმი ხელმისაწვდომობას. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს დსთ-ს ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობის და ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას.

    პროექტის განხორციელების პერიოდი: 2009-2013 წლები. პროექტის მკვლევართა კონსორციუმი შედგება მკვლევართა ცამეტი გუნდისაგან, რომელიც დაკომპლექტებულია ევროკავშირის, დსთ-სა და კანადის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი კომპანიების წარმომადგენლებისაგან.

    პროექტის ფარგლებში საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან ერთად მკვლევართა კონსორციუმს ექსპერტულ პარტნიორობას უწევს.

    დამატებითი ინფორმაციისათვის ნახეთ პუბლიკაცია ან ეწვიეთ ვებგვერდს.

  • გამოქვეყნდა ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებს შორის

    აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო დაბალი პრევალენტობის მქონე ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება, მაგრამ არსებობს ეპიდემიის ფართომასშტაბიანი განვითარების მაღალი რისკი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება რჩება აივ-ის გავრცელების წამყვან გზად, მაგრამ, ამავე დროს, იზრდება ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის როლიც. ეროვნული ეპიდზედამხედველობის სისტემის მონაცემების მიხედვით, ჰომოსექსუალური კონტაქტის გზით დაინფიცირების შემთხვევები აივ-ის რეგისტრირებული შემთხვევების მცირე წილს შეადგენს.

    საერთაშორისი ფონდმა ”კურაციო”-მ და ასოციაცია ”თანადგომა”-მ გამოაქვეყნეს კვლევის ანგარიში ”ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებს შორის თბილისში”.

    კვლევა შეისწავლის აივ-ისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (B და C ჰეპატიტი, ქლამიდია, მე-2 ტიპის ჰერპეს ვირუსი) და აივ-თან დაკავშირებულ ძირითად სარისკო ქცევების გავრცელებას სამიზნე პოპულაციაში. კვლევა ში ჩართული იყო ჯამში 278 რესპონდენტი, რომელთაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ჰქონდათ ჰომოსექსუალური სქესობრივი კავშირი და იყვნენ 18 წლის და მეტი ასაკის. კვლევაში გამოყენებულ იქნა რესპონდენტზე ორიენტირებულლი შერჩევის ტექნიკა.

    აღსანიშნავია, რომ კვლევის მიგნებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყანაში არსებული აივ-ის ეპიდემიოლოგიური სურათი და გვიჩვენა, რომ ეპიდემია კონცენტრირებულია ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე მამაკაცებს შორის თბილისში.

    მოცემული კვლევა გვაწვდის რეკომენდაციებს ადვოკატორებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.კვლევა განხორციელდა აივ/შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ეხება აივ/შიდსის ეიპდზედამხედველობის სისტემის გაძლიერებას.

    ნახეთ ანგარიშის სრული ვერსია.

  • საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა

    მაისის თვეში საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, ფონდის სახელობის სტიპენდიას 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი მაია ხუციშვილი მიიღებს.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი მაიამ 1993 წელს დაამთავრა. ინტერნატურა და ორდინატურა გაიარა მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში. 1995-2001 წლებში მუშაობდა ექიმ-პედიატრად სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.

    გარდა კლინიკური გამოცდილებისა, მას გააჩნია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის სპეციფიკის კარგი ცოდნა. 2008-2009 წლებში გაიარა მენეჯერთა საბაზო პროგრამა ევროპის მართვის სკოლაში (ESM), ბიზნესის სკოლა). 2009 წლიდან კი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის სტუდენტია. ამჟამად მუშაობს, ფარმაცევტულ კომპანია ”ავერსში” სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

    მაიასთვის ინტერესის ძირითად სფეროს საზოგადოებრივი ჯანდაცვა წარმოადგენს, სადაც აპირებს მომავალი საქმიანობის გაგრძელებას.

    ”საერთაშორისო ფონდი “კურაციო”, ჩემთვის დიდი ხანია წარმოადგენს სასურველ ორგანიზაციას პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სურვილი მაქვს ჩემი საქმიანობა წარვმართო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი პრობლემებზე სამუშაოდ, როგორიცაა აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, ნარკომანია და სხვა, რომელთა შესახებაც “კურაციო” ატარებს აქტიურ და მრავალმხრივ კვლევებს.

    შესაბამისად სტიპენდიის მოპოვება ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი იძლევა ფონდში სტაჟირების, ფონდის ექსპერტების გამოცდილების და რეკომენდაციების გამოყენების საშუალებას სამომავლოდ კვლევის პროექტის განხორციელებისას. გარდა ამისა სტიპენდია ჩემთვის სერიოზული მატერიალური წახალისებაა, რასაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით დღევენდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.”-აღნიშნავს მაია.

    საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამა 2010 წელს მეორედ გამოცხადდა. სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჯანდაცვის მენეჯმენტზე ფოკუსირებით. სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად 250 ლარია.

    დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს ”სტიპენდიის პროგრამა”.