Designup

Category: ბლოგი

Your blog category

  • გამოცემა 'ლიბერალი' – რატომ ვიხდით წამალში ხუთჯერ მეტს? 2012

    გამოცემა ‘ლიბერალის’ ანალიტიკური სტატია “რატომ ვიხდით წამალში 5-ჯერ მეტს?” ავტორი: ეკა ჭითანავა

  • კურაციოს სახელობის 2012-2013 სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებულის დაჯილდოება

    25 დეკემბერს, სამშაბათს, 17:30 საათზე, საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ სტიპენდიანტის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებულს ანა კასრაძეს დააჯილდოვებს.

    ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის სკოლაში (ადმინისტრაციული შენობა, სართული 4, აუდიტორია: 417) გაიმართება.

    სტიპენდიის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის მეორე კურსის მაგისტრანტი ანა კასრაძეა.

    დაწესებული სტიპენდია 250 ლარს შეადგენს.

    გარდა სტიპენდიისა, ანა კასრაძემ საერთაშორისო ფონდ ‘კურაციო’-ში სტაჟირების შესაძლებლობითაც ისარგებლა

  • უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის შეფასება

    ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა 2007 წელს ამოქმედდა და საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი მოიცვა. ამ პროგრამით, სახელმწიფო მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯანდაცვის მომსახურების დანახარჯებს მნიშვნელოვნად უმცირებს.

    მოცემული კვლევა აფასებს, თუ რა გავლენა ჰქონდა უმწეოთა დაზღვევის პროგრამას და შეისწავლა, თუ რამდენად სამართლიანია უმწეოებისა და არაუმწეოებისთვის ჯანდაცვის ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებისგან ფინანსური დაცვა.

    დოკუმენტში აღწერილია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის წარმატებები და ხარვეზები, რაც აღნიშნული პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლინდა. მოკლე პოლიტიკური ცნობარი განიხილავს პოლიტიკის წინადადებებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის სამომავლო განვითარების კუთხით.

    კვლევა განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

    კვლევის შედეგები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები ნახეთ პოლიტიკური ცნობარის დოკუმენტებში (ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე):

    სამედიცინო დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის: გავლენა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე საქართველოში.

    სამედიცინო დაზღვევა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის: არსი, პროცესი, აქტორები.

    ნახეთ კვლევის სრული ანგარიში (დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე).

  • საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ პროექტის ‘გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე’ პარტნიორებს შორის მოხვდა

    პრესრელიზი

    ორგანიზაციამ „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ ფარგლებში მეორე გრანტი მიიღო, რომელიც გლობალური ფონდის გრანტის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, შემდგომი ხუთი წლის მანძილზე მიიღონ ტექნიკური დახმარება შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად.

    კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, 16 ოქტომბერი, 2012 – ორგანიზაცია „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (Management Sciences for Health (MSA)) მოხარულია გაცნობოთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს ორგანიზაციამ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის საფუძველზე იგი გააგრძელებს პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ განხორციელებას 25 პარტნიორთან ერთად. არსებობს სამწლიანი კონტრაქტის კიდევ ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობა. კონტრაქტის მაქსიმალური ღირებულება $99.9 მილიონს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ბენეფიციარებს სწრაფი მოკლევადიანი ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს, ისევე, როგორც ეს პირველი ხუთწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ხდებოდა. ამას გარდა, იგი ორ დამატებით ამოცანას შეასრულებს.

    პირველი ამოცანის შესასრულებლად პროექტი „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ ხელს შეუწყობს ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმების გაძლიერებას და 150-მდე ქვეყანაში დახმარებას გაუწევს გლობალური ფონდის გრანტის მფლობელ ძირითად ბენეფიციარებს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლაში, მართვის გაუმჯობესებაში, სისტემის მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორებისა და ხარვეზების აღმოფხვრაში. გლობალური ფონდიდან გრანტის მიმღებ ქვეყნებს (აშშ-ს მთავრობის მიერ „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში შეყვანილი ქვეყნების გარდა) შეუძლიათ ტექნიკური დახმარების მოთხოვნა; მოთხოვნას განიხილავს მრავალი სააგენტოს წარმომადგენელისგან შემდგარი კომისია, რომელსაც აშშ-ს შიდსის გლობალური კოორდინატორის ოფისი ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ და 25 პარტნიორის საშუალებით ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმების მართვისა და ლიდერობის ოთხ სფეროში გაგრძელდება დახმარება: პროგრამების მართვა; საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზაციული და ფინანსური მართვა; ფარმაცევტული და სამედიცინო საქონლის შესყიდვებისა და მიწოდების მართვა; გრანტების მონიტორინგი და მათზე ანგარიშგება.

    პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ მეორე ამოცანას რეგიონული საკონსულტაციო ორგანოებისა და მენეჯმენტის კონსულტანტების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ფინანსებისა და ადამიანური რესურსების უკეთესად მართვისა და გლობალურ ფონდთან დაკავშირებული ტექნიკური უნარების გაუმჯობესების მიზნით. პროექტის მეორე ეტაპის ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაციის „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ ექვსი მთავარი პარტნიორი მონიტორინგს გაუწევს პირველ ნაკადში შემავალ ექვს რეგიონულ პარტნიორს; მეორე ნაკადის ექვსი რეგიონული ორგანიზაცია პროექტის მიმდინარეობის მეორე წელს შეირჩევა.

    პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ მესამე ამოცანაა შეიმუშავოს, დოკუმენტურად გააფორმოს და გადასცეს ტექნიკური დახმარების რამდენიმე ენაზე გადათარგმნილი ინსტრუმენტები და საუკეთესო გამოცდილება გლობალური ფონდის ტექნიკური დამხარების სხვა სააგენტოებსა და დაინტერესებულ მხარეებს.

  • ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგები გამოქვეყნდა

    საერთაშორისო ფონდი ‘კურაციო’ ფარმაცევტული კვლევის მეოთხე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიზანს წარმოადგენდა 2009 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის შესწავლა მედიკამენტთა ხელმისაწვდომობაზე და ფასზე 2009-2012 წლებში.

    კვლევისთვის შერჩეული მედიკამენტთა ნუსხა მოიცავდა 52 ორიგინალ ბრენდ მედიკამენტს და მათ ექვივალენტ დაბალფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტს.

    თბილისში, იმერეთში, კახეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში და სამეგრელოში გამოკვლეულ იქნა პსპ/ავერსი/ჯიპისის სააფთიაქო ქსელები, დამოუკიდებელი აფთიაქები, ფარმადეპო/ფარმაცენტრი.

    კვლევა ცხადყოფს, რომ 2012 წელს ხელმისაწვდომობა გაუარესდა. კვლავ პრობლემად რჩება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის რეგიონული უთანასწორობა.

    ანგარიში მოიცავს კვლევის ძირითად მიგნებებს და გამოწვევებს. დასკვნით ნაწილში კი რეკომენდაციებს გვთავაზობს.

    ნახეთ პრეზენტაცია (ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე) და კვლევის მოკლე დოკუმენტი (ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე).

  • სტაჟირების შესაძლებლობა საერთაშორისო ფონდ 'კურაციოში'

    საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს იწვევს სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

    2002 წლიდან, ფონდში სტაჟირება გაიარეს სტუდენტებმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან, როგორიც არის ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, იელი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა და ა.შ.

    2012-2013 წლებში ინტერნებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საერთაშორისო ფონდ ”კურაციო”-ს მიერ განხორციელებულ მიმდინარე კვლევებში.

    სტაჟირების ვადები:

    • სტაჟირება ზამთრის პერიოდში (დეკემბერი- თებერალი) 2-დან 6 კვირამდე;

    • ზაფხულის პერიოდში (ივნისი-სექტემბერი) 1-დან 4 თვემდე.

    სტაჟირების პირობები:

    სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, თუმცა ინტერნებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი პირობებით:
    • ინტერნეტითა და საოფისე მოწყობილობით სარგებლობა ფონდის ოფისში;
    • ხელმისაწვდომობა ონლაინ ბიბლიოთეკაზე, რომელიც მოიცავს 8000-ზე მეტ საინფორმაციო მასალას 30 სხვადასხვა ენაზე;
    • სტაჟირების კოორდინატორი, რომელიც ინტერნებს გაუწევს მუდმივ დახმარებას და ზედამხედველობას კვლევის თემაზე მუშაობის პროცესში. უცხოელ ინტერნებს უწევს დახმარებას საქართველოში მათი ყოფნის პერიოდში და გამგზავრებისას, ასევე სამეცნიერო ნაშრომის მომზადებისას

    უცხოელი ინტერნებისთვის:

    • ლოგისტიკური მხარდაჭერა საქართველოში ჩამოსვლის, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის და გამგზავრებისას, რაც მოიცავს სამგზავრო ვიზის მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საცხოვრებელი ადგილის მოძიებას და ა.შ; 

    • საგრანტო თანხა 500 აშშ დოლარის ოდენობით.

    პროგრამაში მონაწილეობის წამახალისებელი ფაქტორები:

    – შესაძლებლობა, რომ სტაჟორებმა გამოიყენონ მიღებული თეორიული ცოდნა და კვლევის უნარები პრაქტიკაში;

    – შეიტანონ საკუთარი წვლილი და წარმოჩნდნენ სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორებად, რომელიც გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში;

    – ჰქონდეთ მუდმივი ურთიერთობა მაღალი დონის პროფესიონალებთან და ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავებისთვის მტკიცებულებების შექმნის პროცესში.

    შემოდგომის კონკურსზე საბუთების შემოტანის ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი, 2012.

    ნახეთ დეტალური აღწერა (ინგლისურ ენაზე) ინფორმაციის მისაღებად სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მიღების პროცედურებისა და კვლევის თემების შესახებ.

  • საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ 2012-2013 წლის სტიპენდიანტი გამოავლინა

    კურაციოს სახელობის სტიპენდია სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჯანდაცვის სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა ანა კასრაძემ მოიპოვა.
    ანა კასრაძე 2011 წლიდან მუშაობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. იგი მუდმივად მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. 2011 წელს გაიარა ფლორიდის უნივერსიტეტის ონლაინ სასერტიფიკაციო პროგრამა ეპიდემიოლოგიასა და ბიოსტატისტიკაში.

    ანას მომავალი ინტერესის სფერო განსაკუთრებით საშიში ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიაა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო წარმოადგენს განსაკუთრებით საშიში ინფექციის ენდემურ კერას, აღნიშნული სფერო უფრო საინტერესოდ და პერსპექტიულად მიაჩნია.

    ანა ფიქრობს, რომ მიღებულ სტიპენდია სწავლის გაგრძელებასა და პროფესიულ ზრდაში დაეხმარება:

    ანა კასრაძე: ‘საერთაშორისო ფონდ „კურაციო“-ს სტიპენდიის პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა ჩემი, როგორც მომავალი ეპიდემიოლოგის ცოდნის გაღრმავებისათვის. ჩემი მიზანია ავაგო მომავალი კარიერა წარსულ მიღწევებსა და მიღებულ ცოდნაზე, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ. სტიპენდია კი საშუალებას მომცემს ვუზრუნველყო ჩემი მომავალი სწავლა ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაში.’

    სტიპენდიანტის დაჯილდოების ღონისძიება სასწავლო წლის დასაწყისში მოეწყობა.

  • გლობალური აივ/შიდსის ინიციატივების გავლენა ჯანდაცვის სისტემებზე პოსტსაბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში

    2010 წლის იანვრიდან ივლისამდე საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის აივ/შიდსის პროგრამების გავლენის შესწავლას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში.

    კვლევის პროცესში ორგანიზაციამ გააანალიზა სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირების საქმიანობა, რომელიც აივ/შიდსის რეფორმირებას, წამალდამოკიდებულების პოლიტიკასა და მათ განხორციელებას უკავშირდება პოსტსაბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში. შესწავლის პროცესში ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუები საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. გამოკითხულ იქნა 49 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და 22 გადაწყვეტილების მიმღები პირი.

    4 ივლისს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაგეგმარება“ სახელწოდებით „გლობალური ფონდის მხარდაჭერის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში- შედეგიანი ჩართულობა თუ საუბარი არაფერზე?“

    როგორც კვლევის შედეგებმა ცხადყო, გლობალური ფონდის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების კვალიფიკაციის გაუმჯობესებას და ნდობის გაზრდას ხელისუფლების მხრიდან; უფრო ეფექტური გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლენა აივ/შიდსთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე.

    რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ გლობალური ფონდის მიერ ადვოკატირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება არასაკმარისი და არაპირდაპირი იყო; გარდა ამისა, ხშირად ჰქონდა ადგილი დაფინანსების შეწყვეტას. გლობალური ფონდისგან დაფინანსების მოპოვების მცდელობა კონკურენტულ პირობებს ქმნიდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა კოლექტიური საქმიანობის ჯანსაღ გარემოში წარმართვას. ამის შედეგად, ერთობლივი ადვოკატირებაც ნაკლებად ეფექტური იყო.

    კვლევა განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით.

    ნახეთ სტატია ონლაინ ან გადმოტვირთეთ. (ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე).

  • ახლოვდება საბუთების მიღების ბოლო ვადა კურაციოს სახელობის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

    საერთაშორისო ფონდი ”კურაციო” (www.curatiofoundation.org) აცხადებს სტიპენდიის პროგრამას 2012-2013 წლებისთვის. საბუთები მიიღება 15 ივნისამდე.

    ვის შეიძლება მიენიჭოს?

    სტიპენდია მიენიჭება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე.

    რა დაფინანსდება და რა სახით:

    • სტიპენდია გაიცემა ერთ სტუდენტზე, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით 10 სასწავლო თვის მანძილზე

    როდის დაიწყება სტიპენდიის გაცემა:

    • სტიპენდიის გაცემა დაიწყება 2012 წლის პირველი აკადემიური თვიდან

    სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის სხვა წამახალისებელი ფაქტორები სტუდენტისთვის:
    • საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის სიგელი;
    • სტიპენდიის პერიოდის წარმატებულად გავლის შემთხვევაში სტაჟირების შესაძლებლობა კურაციოში;
    • კურაციოს ექსპერტების გამოცდილებისა და ცოდნის, ასევე რეკომენდაციების მიღება არჩეულ კვლევაზე მუშაობის პროცესში.

    წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

    • თანდართული განაცხადის ფორმა

    • პროფესიული ავტობიოგრაფია- CV

    • სამოტივაციო წერილი- მაქსიმუმ 1000 სიტყვა, რომელშიც კონკრეტულად არის აღწერილი სტუდენტის სურვილი სტიპენდიის მიღების შესაძლებლობაზე, მისი ხედვა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვისა საქართველოში: რა პრობლემებს ხედავს და რას
    გააუმჯობესებდა, სტუდენტის ინტერესები და სფერო, რომელშიც მომავალში აპირებს მუშაობას.

    შენიშვნა: სამოტივაციო წერილის განხილვისას, უპირატესობა მიენიჭება იმ სტუდენტს, რომელსაც უკვე აქვს გამოკვეთლი ინტერესის სფერო და დაახლოებით მაინც აქვს შერჩეული მომავალი სადიპლომო თემა. ამ შემთხვევაში სტუდენტმა უნდა აღწეროს თუ რატომ არის საინტერესო მისთვის შერჩეული თემა და როგორ ხედავს მის განხორციელებას.

    • 3 სარეკომენდაციო წერილი: ერთი სამუშაო ადგილიდან (თუ ასეთი არსებობს), ორი- არსებული უმაღლესი სასწავლებლიდან.
    (ინსტრუქციისათვის იხ. თანდართული განაცხადის ფორმა)

    • აკადემიური მოსწრება პირველადი უმაღლესი სასწავლებლიდან

    • აკადემიური მოსწრება მიმდინარე უმაღლესი სასწავლებლიდან- თუ სტუდენტს დახურული აქვს პირველი აკადემიური კურსი და თუ ქულა ცნობილია

    • ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების დოკუმენტი

    კონკურსის გამოცხადების ვადები:

    განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 15 ივნისი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ დალუქულ კონვერტში შემდეგი წარწერით: კონკურსანტის სახელი, გვარი, საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” სახელობის 2012-2013 წლების სტიპენდიის პროგრამა.

    შერჩევის პროცესი და ვადები:

    1. განაცხადების გადარჩევა- 22 ივნისი

    2. გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან-30 ივნისამდე
    3. გადაწყვეტილების მიღება და შერჩეულის სტუდენტის ინფორმირება- 5 ივლისამდე.

    ჩამოტვირთეთ განაცხადის ფორმა და სარეკომენდაციო ფორმა.

    დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

    სოფო მამალაძე
    საერთაშორისო ფონდი ”კურაციო”, ჭავჭავაძის გამზ. 37დ, ტელ: +995 32 253104
    ელ. ფოსტა: scholarships@curatio.com
    დამატებითი ინფორმაციისათვის საერთაშორისო ფონდ კურაციოს შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს www.curatiofoundation.org

  • უმწეოთა დაზღვევის გავლენა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე

    საქართველოში ჯანდაცვის მომსახურება ხელმისაწვდომი ძალიან მდიდრებისთვის და/ან ძალიან ღარიბებისთვისაა- ამ დასკვნის გაკეთების საფუძველს ახალი კვლევის შედეგები იძლევა, რომელიც შეისწავლის უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გავლენას სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე. კვლევა განახორციელა საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის საფუძველზე „კურაციომ“ გამოაქვეყნა მოკლე დოკუმენტი, ე.წ. პოლიტიკური ცნობარი, რომელშიც აღწერილია კვლევის შედეგები.

    ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამა 2007 წელს ამოქმედდა და საქართველოს მოსახლეობის ერთი მეხუთედი მოიცვა. ამ პროგრამით, სახელმწიფო მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯანდაცვის მომსახურების დანახარჯებს მნიშვნელოვნად უმცირებს.

    კვლევამ შეაფასა რა გავლენა ჰქონდა ჯანდაცვის დაფინანსების ახალ ინიციატივას. კერძოდ, შესწავლილ იქნა თუ რამდენად სამართლიანია უმწეოებისა და არაუმწეოებისთვის ჯანდაცვის ბაზისურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვასთან დაკავშირებული ხარჯებისგან ფინანსური დაცვა.

    დოკუმენტში, ასევე, აღწერილია კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობის წარმატებები და ხარვეზები, რაც აღნიშნული პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლინდა. მოკლე პოლიტიკური ცნობარი განიხილავს პოლიტიკის წინადადებებს და კონკრეტულ რეკომენდაციებს უმწეოთა სამედიცინო დაზღვევის პროგრამის სამომავლო განვითარების კუთხით …

    კვლევის შედეგები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები ნახეთ პოლიტიკური ცნობარის სრულ დოკუმენტში (დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე).

    ნახეთ კვლევის სრული ანგარიში (დოკუმენტი ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე).