ორი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ უმასპინძლებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ორ სტუდენტს სუდით რანადეს და მოლი ვერლიბს (Sudit Ranade Mollie Werlieb).
სტუდენტები პირველად გადიან სტაჟირებას საერთაშორისო ფონდ „კურაციოში“ და შესაბამისად დიდი მოტივაცია გააჩნიათ დაეხმარონ ორგანიზაციას ბიომარკერის კომპონენტით ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის შედეგების გაანალიზებაში და დაწერონ სტატია სამეცნიერო ჟურნალისთვის.
მოლი ვერლიბს არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია, როგორც აშშ-ში ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, კონკრეტულად კი რუსეთსა და უკრაინაში. მას განსაკუთრებით აინტერესებს ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორები. იგი ორიენტირებულია, რომ მიიღოს ინფორმაცია საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გამოიკვლიოს ხალხის დამოკიდებულება და მოსაზრება ჯანმრთელობის შესახებ. პროექტი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების შესახებ მისთვის განსაკუთრებული გამოწვევების შემცველია, რადგან მოლი ფიქრობს, რომ მათ შეიძლება შეიმუშაონ ეფექტიან ეპიდზედამხედველობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და გავლენა მოახდინონ ადეკვატური პოლიტიკის შემუშავებაზე.
სუდით რანადე ოჯახის ექიმია კანადაში და მუშაობს მაგისტრის ხარისხზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ საერთაშორისო ჯანდაცვაზე და ბავშვთა ჯანდაცვაზე. სტაჟირების საშუალებით ის გაიგებს თუ როგორ უმკლავდებიან საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ მსგავსი ორგანიზაციები დიდი მოცულობის მონაცემებს და როგორ იყენებენ მათ შემდგომ. “ჩვენ ყველა მონაცემის ანალიზზე ვმუშაობთ. გვსურს, რომ ანგარიში არამარტო სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების თვალსაზრისით იყოს მნიშვნელოვანი, არამედ პრაქტიკული გამოყენებაც ჰქონდეს. საინტერესოა როგორ იყენებენ ორგანიზაციები ასეთი სახის მონაცემებს მსოფლიო მოვლენებზე პოტენციური გავლენის მოსახდენად”.