Designup

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, პირველი ტალღა

25 აპრილს საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აქვეყნებს კვლევის “საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” შედეგებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და ცვლილებებს აფასებს და ჯანდაცვის ექსპერტთა სამომავლო მოლოდინებს აღწერს.

გამოკითხულ ექსპერტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე კვლევაში შეფასებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილის თვემდე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 91-მა ექსპერტმა.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის ეკონომიკურ შედეგებზე, მთავრობის მიერ ბოლო თვეებში გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელ გავლენაზე კერძო ინვესტიციებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე; ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

ექსპერტთა შეფასებით
  1. სამედიცინო მომსახურების ხარისხი კვლავაც რჩება დარგის ერთერთ საჭირბოროტო საკითხად, სადაც საგრძნობი ცვლილებები ჯერ არ გატარებულა;
  2. სამედიცინო განათლების გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. შესაბამისად ქვეყანაში არსებული სამედიცინო განათლების სისტემა ექსპერტთა აზრით არ არის ადეკვატური;
  3. ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ექსპერტების სკეპტიკურ შეფასებებს იმსახურებს. ექსპერტების 59% ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს ნაკლებად ადეკვატურად მიიჩნევს, ხოლო 25%-ს მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად არ იყო ადეკვატური. ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს დადებითად მხოლოდ ექსპერტთა 15 % აფასებს;
  4. ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების მოცულობებს ათიდან ცხრა ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამოყოფილი დაფინანსება ნაკლებად ან საერთოდ არ არის ადეკვატური;
  5. ექსპერტთა 66 %-ის აზრით, მოსალოდნელია რომ სახელმწიფო პოლიტიკა კერძო ინვესტიციებს ყველაზე მეტად შეაფერხებს სადაზღვევო ინდუსტრიაში. გამოკითხულთა 39 % ფიქრობს, რომ კერძო ინვესტიციები შეფერხდება საავადმყოფო/სამკურნალო დაწესებულებებშიც;
  6. ექსპერტთა 61 % ელოდება, რომ მთავრობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანრმთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კვლევაში მონაწილე ექსპერტები წარმოადგენენ სამინისტროებს და სამთავრობო სტრუქტურებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და კვლევით ჯგუფებს.

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” ამგვარ კვლევას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაატარებს, რათა დინამიკაში დააკვირდეს დარგში მიმდინარე მოვლენებს და ამ ცვლილებების მიმართ ექსპერტების დამოკიდებულებას. ფონდი იმედს გამოთქვამს რომ ამით საკუთარ წვლილს შეიტანს ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში.