21 მაისს, საერთაშორისო ფონდმა ‘კურაციომ” თხუთმეტ ქართულ ანალიტიკურ ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტს. ეს დოკუმენტი სტანდარტების კრებულია, რომლის მიზანია ჩამოაყალიბოს უპირატესი პრინციპები და უზრუნველყოს ანალიტიკური ორგანიზაციების მიერ უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვა. ეთიკის ნაწილი აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებული მმართველობა ორგანიზაციაში, ხოლო ხარისხის სტანდარტების მოიცავს კვლევის ხარისხის, ანალიზის და ადვოკატირების პროცესს.
დოკუმენტი ანალიტიკური ორგანიზაციების ინიციატივით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის“ (G-PAC) მხარდაჭერით შემუშავდა.
სტანდარტები ეფუძნება აშშ-ში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მსგავსი სახის დოკუმენტებს. წინამდებარე სახელმძღვანელოს პრინციპების სამუშაო ვერსიას ასევე გაეცნენ არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ექსპერტები და თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს. ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად და საჯარო პოლიტიკის კვლევის სფეროში საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ქართული ანალიტიკური ორგანიზაციები საბოლოოდ ერთობლივად შეჯერდნენ და ხელი მოაწერეს ამ სახელმძღვანელო პრინციპებს.
ხარისხისა და ეთიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტის ხელმოწერით, ანალიტიკური ორგანიზაციები იღებენ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, განუხრელად დაიცვან ისინი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ ორგანიზაციების რეპუტაციის, სანდოობისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას.