პრესრელიზი
ორგანიზაციამ „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ ფარგლებში მეორე გრანტი მიიღო, რომელიც გლობალური ფონდის გრანტის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, შემდგომი ხუთი წლის მანძილზე მიიღონ ტექნიკური დახმარება შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული პროექტების განსახორციელებლად.
კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, 16 ოქტომბერი, 2012 – ორგანიზაცია „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ (Management Sciences for Health (MSA)) მოხარულია გაცნობოთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს ორგანიზაციამ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის საფუძველზე იგი გააგრძელებს პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ განხორციელებას 25 პარტნიორთან ერთად. არსებობს სამწლიანი კონტრაქტის კიდევ ორი წლით გაგრძელების შესაძლებლობა. კონტრაქტის მაქსიმალური ღირებულება $99.9 მილიონს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ბენეფიციარებს სწრაფი მოკლევადიანი ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფს, ისევე, როგორც ეს პირველი ხუთწლიანი კონტრაქტის საფუძველზე ხდებოდა. ამას გარდა, იგი ორ დამატებით ამოცანას შეასრულებს.
პირველი ამოცანის შესასრულებლად პროექტი „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ ხელს შეუწყობს ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმების გაძლიერებას და 150-მდე ქვეყანაში დახმარებას გაუწევს გლობალური ფონდის გრანტის მფლობელ ძირითად ბენეფიციარებს შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლაში, მართვის გაუმჯობესებაში, სისტემის მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორებისა და ხარვეზების აღმოფხვრაში. გლობალური ფონდიდან გრანტის მიმღებ ქვეყნებს (აშშ-ს მთავრობის მიერ „ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების“ სიაში შეყვანილი ქვეყნების გარდა) შეუძლიათ ტექნიკური დახმარების მოთხოვნა; მოთხოვნას განიხილავს მრავალი სააგენტოს წარმომადგენელისგან შემდგარი კომისია, რომელსაც აშშ-ს შიდსის გლობალური კოორდინატორის ოფისი ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ და 25 პარტნიორის საშუალებით ქვეყნის საკოორდინაციო მექანიზმების მართვისა და ლიდერობის ოთხ სფეროში გაგრძელდება დახმარება: პროგრამების მართვა; საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზაციული და ფინანსური მართვა; ფარმაცევტული და სამედიცინო საქონლის შესყიდვებისა და მიწოდების მართვა; გრანტების მონიტორინგი და მათზე ანგარიშგება.
პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ მეორე ამოცანას რეგიონული საკონსულტაციო ორგანოებისა და მენეჯმენტის კონსულტანტების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ფინანსებისა და ადამიანური რესურსების უკეთესად მართვისა და გლობალურ ფონდთან დაკავშირებული ტექნიკური უნარების გაუმჯობესების მიზნით. პროექტის მეორე ეტაპის ხელშეწყობის მიზნით ორგანიზაციის „მართვის მეცნიერება ჯანდაცვისთვის“ ექვსი მთავარი პარტნიორი მონიტორინგს გაუწევს პირველ ნაკადში შემავალ ექვს რეგიონულ პარტნიორს; მეორე ნაკადის ექვსი რეგიონული ორგანიზაცია პროექტის მიმდინარეობის მეორე წელს შეირჩევა.
პროექტის „გადაწყვეტილებები გრანტების მართვის თაობაზე“ მესამე ამოცანაა შეიმუშავოს, დოკუმენტურად გააფორმოს და გადასცეს ტექნიკური დახმარების რამდენიმე ენაზე გადათარგმნილი ინსტრუმენტები და საუკეთესო გამოცდილება გლობალური ფონდის ტექნიკური დამხარების სხვა სააგენტოებსა და დაინტერესებულ მხარეებს.