Designup

პროექტის დახურვა: ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება საქართველოში

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერების პროექტი საქართველოში. პროექტი დაფინანსდა „შევაჩეროთ ტუბერკულოზი“ პარტნიორობის მიერ „გამოწვევებთან ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის“ (CFCS) პროგრამის მე-7 რაუნდის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავდა სამოქალაქო-საზოგადოებრივი, როგორც ტუბერკულოზზე რეაგირების კომპლექსური სისტემის შემადგენელი ნაწილის, გაძლიერებას საქართველოში.

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ შეისწავლა თემის დონეზე პაციენტებზე ორიენტირებული ხარისხიანი ფთიზიატრიული დახმარების მიწოდებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის საკითხი და შექმნდა ტუბერკულოზის მიმართულებით მოქმედი იმ სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კატალოგი, რომლებიც ბოლო პერიოდში ახორციელებდნენ ტუბერკულოზთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო, პროფილაქტიკურ, მხარდამჭერ, მკურნალობისადმი დამყოლობის გასაუმჯობესებელ და პაციენტთა მოვლაზე ორიენტირებულ მომსახურებას ამა თუ იმ სამიზნე პოპულაციაში.

პროექტმა გამოავლინა რიგი მნიშვნელოვანი პრობლემებისა, რომელიც ზღუდავს ტუბერკულოზზე რეაგირებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საქართველოში:

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების შესაძლებლობათა შეზღუდულობა: დონორული დაფინანსება შეზღუდული მოცულობისაა, ხოლო საქართველოს მთავრობას არასდროს დაუფინანსებია ტუბერკულოზზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები მათ მიერ შესაბამისი პროფილის სერვისების მიწოდების მიზნით.

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა შეზღუდულობა: სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესწავლამ აჩვენა, რომ ამ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით კი  – ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივ ჯგუფებს, აკლიათ გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ორგანიზაციული მართვა ფონდების მოძიება, პროგრამის ფინანსური მართვა, ლიდერობისა და სხვ.

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება: ტუბერკულოზთან დაკავშირებული სერვისების მიწოდებაში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მცირე რაოდენობაა ჩართული და მათი უმეტესობა დედაქალაქ თბილისში მუშაობს. ადგილობრივი თემების დონეზე ტუბერკულოზზე რეაგირების სისტემა რეგიონებში არ არის განვითარებული და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რაოდენობა გეოგრაფიულად არ არის თანაბრად განაწილებული.

პროექტის განხორციელების  შედეგად აღინიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ზემოაღნიშნული პრობლემების საპასუხოდ:

  1. 2017 წლის 30 ოქტომბერს პაციენტთა კავშირი – „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ” დარეგისტრირდა, როგორც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია. ამან გააჩინა ახალი მოლოდინები წევრ ორგანიზაციებში და გაზარდა მათი მოტივაცია, გამხდარიყვნენ უფრო აქტიურები შესაბამის სფეროში.
  2. „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ” წევრ ორგანიზაციებს მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ყველა იმ ტრენინგში, რომელთა ორგანიზებაც მოხდა CFCS პროგრამის მე-7 რაუნდის ფარგლებში. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებს ჩაუტარდათ ინტენსიური ტრენინგები ორგანიზაციულ მართვასა და ლიდერობაში, პროექტის ციკლის მართვაში, პროგრამის დაგეგმვასა და ბიუჯეტის შედგენაში და კომუნიკაციასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებში.
  3. პაციენტთა კავშირმა ისტორიაში პირველად მიიღო ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის საგრანტო დაფინანსება. მასთან, როგორც საგრანტო დაფინანსების მესამე რიგის მიმღებთან გაფორმდა ხელშეკრულება სათემო ორგანიზაცია „ახალ ვექტორთან“ ერთობლივი კონსორციუმის შემადგენლობაში. 2017 წლის 9 ნოემბერს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრს, ადგილობრივ სათემო ორგანიზაცია – ახალ ვექტორსა და პაციენტთა კავშირს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას ფთიზიატრიული პაციენტების ანტიტუბერკულოზური მკურნალობისადმი დამყოლობის მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.
  4. ტუბერკულოზზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხილვადობა გაიზარდა CFCS ფარგლებში მათი კარტოგრაფირებისა და შეფასების შედეგების ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოსა და ეროვნულ საკონსულტაციო შეხვედრებზე გავრცელების გზით.

 

დაარსების შემდგომ კავშირმა „საქართველოს კოალიცია ტუბერკულოზის წინააღმდეგ” მონაწილეობა მიიღო რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაში. იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში პაციენტებზე ორიენტირებული ფთიზიატრიული დახმარების აქტუალურ პრობლემებზე მიმდინარე დისკუსიებში. ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სამოქალაქო სექტორისა და ტუბერკულოზის მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივი ჯგუფების ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში ჩართულობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე რჩება.

ტუბერკულოზის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების კატალოგი ხელმისაწვდომია ბმულზე.