Designup

საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა

მაისის თვეში საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამის გამარჯვებული გამოვლინდა. ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, ფონდის სახელობის სტიპენდიას 2011 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი მაია ხუციშვილი მიიღებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედიატრიის ფაკულტეტი მაიამ 1993 წელს დაამთავრა. ინტერნატურა და ორდინატურა გაიარა მიხეილ გურამიშვილის სახელობის პედიატრიულ კლინიკაში. 1995-2001 წლებში მუშაობდა ექიმ-პედიატრად სხვადასხვა წამყვან კლინიკებში.

გარდა კლინიკური გამოცდილებისა, მას გააჩნია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის სპეციფიკის კარგი ცოდნა. 2008-2009 წლებში გაიარა მენეჯერთა საბაზო პროგრამა ევროპის მართვის სკოლაში (ESM), ბიზნესის სკოლა). 2009 წლიდან კი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრატურის სტუდენტია. ამჟამად მუშაობს, ფარმაცევტულ კომპანია ”ავერსში” სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

მაიასთვის ინტერესის ძირითად სფეროს საზოგადოებრივი ჯანდაცვა წარმოადგენს, სადაც აპირებს მომავალი საქმიანობის გაგრძელებას.

”საერთაშორისო ფონდი “კურაციო”, ჩემთვის დიდი ხანია წარმოადგენს სასურველ ორგანიზაციას პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სურვილი მაქვს ჩემი საქმიანობა წარვმართო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისეთი პრობლემებზე სამუშაოდ, როგორიცაა აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, ნარკომანია და სხვა, რომელთა შესახებაც “კურაციო” ატარებს აქტიურ და მრავალმხრივ კვლევებს.

შესაბამისად სტიპენდიის მოპოვება ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც იგი იძლევა ფონდში სტაჟირების, ფონდის ექსპერტების გამოცდილების და რეკომენდაციების გამოყენების საშუალებას სამომავლოდ კვლევის პროექტის განხორციელებისას. გარდა ამისა სტიპენდია ჩემთვის სერიოზული მატერიალური წახალისებაა, რასაც არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით დღევენდელი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.”-აღნიშნავს მაია.

საერთაშორისო ფონდ ”კურაციოს” სახელობის სტიპენდიის პროგრამა 2010 წელს მეორედ გამოცხადდა. სტიპენდიის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტს, რომელიც სწავლობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე ჯანდაცვის მენეჯმენტზე ფოკუსირებით. სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად 250 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს ”სტიპენდიის პროგრამა”.