Designup

კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა და მომხმარებელთა კმაყოფილება

კორპორაციული ჯანდაცვის დაზღვევის მომსახურების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა მიზნად ისახავს სადაზღვევო კომპანიების კორპორაციული კლიენტების კმაყოფილების დონის განსაზღვრას და რეკომენდაციების შემუშავებას კორპორაციული სადაზღვევო მომსახურების შემდგომი დახვეწის და გაუმჯობესების მიზნით. ფინანსური ხელმისაწვდომობა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, რომელიც ხელს უშლის პონტენციურ მომხარებელს სადაზღვევო პროგრამაში ჩაერთოს. ყველა მოქალაქეს არ აქვს კორპორაციული დაზღვევის მომსახურების მიღების გარანტირებული შესაძლებლობა.

კვლევა ჩატარდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის საერთაშორისო ჯანდაცვის ბიუჯეტის მონიტორინგის ინიციატივის მხარდაჭერით. კვლევა, რომელიც საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ექსპერტების მარინე ეგუტიას, ნათია რუხაძის და თამარ გოცაძის მიერ მომზადდა, შეისწავლის სადაზღვევო ბაზრის ტენდენციებს, დაზღვევის სახეობათა წილს ბაზარზე და მომხმარებლების კმაყოფილების დონეს.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სადაზღვევო სისტემა ახალია, შეინიშნება ბაზრის სწრაფი ზრდის უდავო ნიშნები. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2009 წელს სადაზღვევო ბაზარი წინა წელთან შედარებით 33 პროცენტით გაიზარდა. დაზღვევის სახეობებს შორის ჯანმრთელობის დაზღვევას ყველაზე დიდი წილი უკავია და სადაზღვევო ბაზრის 68.6 პროცენტს შეადგენს.

2007 წელს საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული ჯანდაცვის სფეროს დაფინანსების რეფორმის შემდეგ სადაზღვევო კომპანიების ბაზრის წილი იზრდება. კერძო სადაზღვევო კომპანიებმა მოახერხეს სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი წილის მოზიდვა. სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებს სახელმწიფოს მიერ უზრუნვეყოფილი დაფინანსების ფარგლებში აფინანსებენ. 2008 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 18 პროცენტი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პარალელურად, შეინიშნება კორპორაციული დაზღვევის განვითარების ნელი ტემპი. აღნიშნული დაზღვევის ტიპით სარგებლობენ სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საცალო დაზღვევა ბაზრის 1 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის 76 პროცენტი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების ზემოქმედების საფრთხის ქვეშ იმყოფება.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსიამ პოლიტიკის ცნობა ან პრეზენტაცია.