საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ მე-15 საიბულეო წლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დაასახელა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მართვის ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული სტუდენტი.
18 დეკემბერს, საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ დააჯილდოვა პირველი წარმატებული სტუდენტი ფონდის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილ „კურაციოს“ სახელობის სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში. იღბლიანი სტუდენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი ლედი ბიჭიკაშვილი აღმოჩნდა.
დონორი ორგანიზაციებიდან, სახელმწიფო და კერძო სექტორიდან, პარტნიორი ორგანიზაციებიდან მოწვეულმა 100-მდე სტუმარმა და ფონდის წარმომადგენლებმა ერთად აღნიშნეს წარმატებით განვლილი 15 წელი სასტუმრო „Radisson SAS ივერიაში“.
მისასალმებელ სიტყვაში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა ქეთევან ჩხატარაშვილმა და დირექტორმა გიორგი გოცაძემ აღნიშნეს ორგანიზაციის ძირითადი მიღწევები და მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას ამდენი წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ორგანიზაციის მმართველმა გუნდმა ხაზი გაუსვა სტიპენდიის პროგრამის მნიშვნელობას: „ჩვენი სამუშაო მიმართულია ხალხის კეთილდღეობისკენ. ჩვენ მთელ რესურსებს და ძალისხმევას ბავშვების, ზრდასრული და სოციალურად დაუცველი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ვახმართ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს პროფესიონალი ჯანდაცვის სპეციალისტები სჭირდება. გადავწყვიტეთ ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს და წავახალისოთ ისინი მათ მიერ არჩეულ საქმეში ნამდვილი პროფესიონალები გახდნენ“,- განაცხადა გიორგი გოცაძემ.
“მსურს დიდ მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიმართ. ეს საუკეთესო ინიციატივაა. როდესაც გავიგე, რომ აღნიშნულ პროგრამაში გავიმარჯვე ჩემი მოტივაცია ათმაგად გაიზარდა. მე მესმის რამდენად დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“, ჩემი უნივერსიტეტის, კურსელების და აქ დამსწრე საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა წარმატებულმა სტუდენტმა.
საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“ თვითონაც დაიმსახურა ჯილდო. ალექსანდრე კვიტაშვილმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით აღიარების სერტიფიკატი გადასცა ფონდს საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
„მე შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ საქართველოში არცერთ ორგანიზაციას ისეთი დიდი გავლენა არ მოუხდენია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმებზე, როგორც საერთაშორისო ფონდმა“, – განაცხადა მან.