საერთაშორისო ფონდი კურაციო აგრძელებს ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების განხორციელებას აივ-ის გავრცელების თვალსაზრისით საკვანძო ჯგუფებში. კვლევა მიზნად ისახავს საკვანძო ჯგუფებში აივ ინფექციის გავრცელების შეფასებას; აივ ინფექციასთან მიმართებაში, ძირითადი სარისკო ქცევების განსაზღვრას და ადვოკატირებისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის მტკიცებულებების გენერირებას.
წინამდებარე კვლევა წარმოადგენს საქართველოში ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებში (ინმ) ბიომარკერის კომპონენტით ქცევაზე ზედამხედველობის კვლევის უახლეს ტალღას (ასეთი კვლევები ტარდება 2002 წლიდან). ამ ტალღაში შესწავლილ იქნა აგრეთვე C ჰეპატიტის ვირუსის პრევალენტობა ინმ პოპულაციაში. კვლევა ჩატარდა საერთაშორისო ფონდი კურაციოსა და პარტნიორი ორგანიზაციების – საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით.
კვლევაში გამოყენებულია ჯვარედინ-სექციური კვლევის დიზაინი. რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით, რეკრუტირებული იყო 18 წელზე მეტი ასაკის 2,037 ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელი საქართველოს 7 დიდ ქალაქში: თბილისში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.
კვლევა ჩატარდა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის ძირითადი შედეგები:
სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლები
- კვლევის შედეგები კვლავ მიუთითებს, რომ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებს დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი გააჩნიათ. რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა უმუშევარია და გამოკითხულთა 51%-ის ყოველთვიური შემოსავალი 300 ლარზე ნაკლებია.
- ნარკოტიკის პირველი მოხმარებისა და ინექციური ნარკოტიკის მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი არ შეცვლილა 2012 წლის შემდეგ და, შესაბამისად, შეადგენს 15-16 წელს და 18-20 წელს.
ნარკოსცენა და სხვა კონტექსტუალური ფაქტორები
- არაინექციური ნარკოტიკების მოხმარებაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად მოიხმარენ ცნს-ის დეპრესანტებს და ჰალუცინოგენებს, თუმცა ეს მაჩვენებელი ოდნავ შემცირებულია 2012 წელთან შედარებით. არაინექციური ნარკოტიკების მომხმარებელი ახალგაზრდა ინმ-ების დაახლოებით მეოთხედმა აღნიშნა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ.
- საინექციო ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული სურათი მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ყველაზე ხშირად მოხმარებად საინექციო ნარკოტიკად სახელდება ჰეროინი, შემდეგ კი – ბუპრენორფინი. ჰეროინის მოხმარება შემცირებული იყო 2012 წელს, ხოლო 2015 წელს კვლავ გაიზარდა და იმავე მაჩვენებელს მიაღწია, რაც იყო 2009 წელს (58.1%). ასევე, 2012 წელს შემცირდა ბუპრენორფინის მოხმარება და 2014-2015 წლებში მოიმატა 26%-მდე. მეორე მხრივ, დაფიქსირდა კუსტარულად დამზადებული ოპიოიდის – დეზომორფინისა და ამფეტამინის ტიპის სტიმულანტების (ე.წ. „ვინტი“ და „ჯეფი“) მოხმარების შემცირება.
ცოდნა აივ-ზე და აივ ტესტირების პრაქტიკა
- აივ-ის გადაცემის გზების შესახებ ცოდნის მაჩვენებელი კვლავ საკმაოდ მაღალია. ყველა ქალაქში გაიზარდა აივ ინფექციაზე ტესტირების მაჩვენებელი. ინმ-თა 25% აქვს ჩატარებული ტესტირება აივ-ზე ბოლო წლის განმავლობაში და იცის შედეგი.
- სტერილური საინექციო საშუალებების გამოყენების მაჩვენებელი ვარირებს 69.4%-დან (თელავი), 86.5%-მდე (ქუთაისი).
სქესობრივი ქცევა
- მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტ ინმ-ს ჰქონდა დაცული სქესობრივი კავშირი შემთხვევით პარტნიორებთან კვლევის ზოგიერთ არეალში, სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული უსაფრთხო ქცევის მონაცემები მაინც საგანგაშოდ დაბალ დონეზე რჩება და სპეციალურ ყურადღებას საჭიროებს.
მკურნალობის/ზიანის შემცირების პროგრამების ხელმისაწვდომობა და სამკურნალო/პრევენციული პროგრამებით მოცვა
- ინმ-ების უმრავლესობას არასოდეს მიუმართავს სამკურნალო დაწესებულებებისთვის ნარკოტიკის მოხმარების გამო.
- პრევენციული პროგრამებით მინიმალური მოცვის მაჩვენებელი 24%-დან 32.4%-მდე გაიზარდა.
- მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა შპრიცების გაცვლის პროგრამის შესახებ ინფორმირებულობის დონე თელავში, ბათუმსა და ზუგდიდში, ზოგადად ეს მაჩვენებელი მაინც დაბალ დონეზე რჩება და სასურველია გაუმჯობესდეს. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს ინმ-ები გაცილებით უკეთ იცნობენ.
აივ-ისა და C ჰეპატიტის ვირუსის პრევალენტობა
- შვიდივე ქალაქის მონაცემების კომბინირებული ნაკრების ანალიზის მიხედვით აივ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 2015 წელს არის 2.2% (95% CI 1.53-2.99), რაც შეიძლება ითქვას რომ არ შეცვლილა 2012 წელთან შედარებით, როდესაც აივ პრევალენტობა იყო 3.0% (95% CI 2.20-4.04), ვინაიდან სარწმუნოობის ინტერვალები ერთმანეთის გადამფარავია.აივ პოზიტიური ინმ-ების პრევალენტობა ქალაქების მიხედვით მერყეობს: ყველაზე დაბალია რუსთავში – 0.9% და ყველაზე მაღალია ზუგდიდში 4.8%.
- კვლევამ გამოავლინა C ჰეპატიტის ვირუსის საგანგაშოდ მაღალი გავრცელება (66.2% – შვიდივე ქალაქში).
ანგარიშის სრულად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.