ჟურნალი PLOS ONE აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო ფონდი კურაციოს მკვლევარების ავტორობით, Population Size Estimation of Men Who Have Sex with Men in Tbilisi, Georgia;
ფონდმა 2014 წელს ჩაატარა პოპულაციის ზომის შეფასების კვლევა თბილისის მასშტაბით, მამაკაცებში, რომლებსაც სქესობრივი კონტაქტი აქვთ მამაკაცებთან. სტატიაში თბილისის კვლევის შედეგები შედარებულია ჩვენი რეგიონების სხვა ქვეყნებში მცხოვრები მსმ პოპულაციის მაჩვენებლებს. პოპულაციის ზომის შეფასების კვლევები ძალზედ მნიშვნელოვანია აივ პროგრამების წარმატებულად დაგეგმვისა და მონიტორინგისთვის, თუმცა ხშირად ვერ ხდება მათი ჩატარება.
მსმ პოპულაციის ზომის შეფასების „ოქროს წესის – სტანდარტის“ არ არსებობის გამო, კვლევა ჩატარდა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, როგორებიცაა: ქსელის ზომის განსაზღვრის მეთოდი (network scale-up), მრავლობითი კოეფიციენტების მეთოდი მობილური/ვებ აპლიკაციების მოხმარების, უნიკალური ნივთების და სერვისის მოხმარების ინფორმაციის გამოყენებით (mobile/web apps multiplier, service and unique object multiplier), ჩაჭერა-უკუჩაჭერის მოდიფიცირებული მეთოდი (network-based capture-recapture), ჰენდკოკის RDS-ზე დაფუძნებული მეთოდი (Handcock RDS-based) და ჯგუფის ცოდნის მეთოდი (Wisdom of Crowds). იმისთვის, რომ ყველა ეს მეთოდი გამოგვეყენებინა, კვლევა ჩატარდა ორ ეტაპად: პირველი შინამეურნეობების გამოკითხვა 1,015 ზრდასრულ ზოგად პოპულაციაში და მეორე გამოკითხვა რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდით 210 მსმ რესპონდენტთან. სტატიაში ასევე მოყვანილია მსმ პოპულაციის ზომის სავარაუდო მაჩვენებლები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩატარებული მსგავსი კვლევების შესახებ ლიტერატურის მიმოხილვას ეფუძნება.
კვლევის შედეგად მიღებული რიცხვი, რომელიც თბილისის მსმ პოპულაციის ზომას ადგენს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შორის მერყეობს. ეს მაჩვენებლები ღირებული ინფორმაციაა აივ-ის გავრცელების პრევენციული პროგრამების დაგეგმვის და შეფასებისთვის. მეტიც, ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი კვლევის შედეგები ნაწილობრივ შეავსებს არსებულ ინფორმაციულ ვაკუუმს, რომელიც რეგიონებში მსმ მოსახლეობის ზომის მაჩვენებლების ხელმისაწვდომობის მხრივ არსებობს.
სტატიის წასაკითხად, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე..