Designup

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მეორე ტალღა

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომელშიც წარმოდგენილია ექსპერტული შეფასებები საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე და ცვლილებებზე.

“საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი” ეყრდნობა გამოკითხული 98 ექსპერტის შეფასებებს და მოიცავს 6 თვიან პერიოდს- 2013 წლის მაისიდან ოქტომბრამდე.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის მოსალოდნელ შედეგებზე, ჯანდაცვის სფეროში კერძო ინვესტიციებზე მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სავარაუდო გავლენაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე, ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ბარომეტრი პირველად 2013 წლის აპრილში გამოაქვეყნა. მეორე გამოკითხვისას მიღებული ზოგიერთი შეფასება უფრო ოპტიმისტური აღმოჩნდა, თუმცა ასევე წარმოჩინდა საკითხები სადაც პესიმისტურმა მოლოდინებმა იმატა.

კვლევის ძირითადი მიგნებები

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში მთავრობის მიერ გატარებული ინიციატივები ზოგადად ეფექტური იყო – ამ პერიოდში სკეპტიკოსთა წილი საგრძნობლად შემცირდა 52.4%-დან 33%-მდე;
მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ახლა უფრო მეტი რესპონდენტი მიიჩნევს ეფექტურად, თუმცა დარგის დაფინანსების მოცულობა შეფასებულია როგორც “ნაკლებად ადეკვატური”;
მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდისა, ექსპერტთა მოლოდინები, რომ ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდება და/ან ფასები დაიკლებს, მეორე ტალღაში უფრო მეტად პესიმისტური გახდა;
მეორე ტალღაში შემცირდა ოპტიმისტური მოლოდინები 38.8%-დან 25.5%-მდე, რომ მედიკამენტების ფასები შემცირდება, რაც ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ექსპერტების 47.3% თვლის რომ ფარმაცევტული ბაზრის მართვა-რეგულირების კუთხით ბოლო 6 თვეში მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა;
ექსპერტების შეფასებით, ისევე როგორც პირველ ტალღაში, კვლავაც პრობლემურად რჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო განათლების სისტემა;
სამედიცინო კადრის მომზადების სისტემა, ექსპერტების უმრავლესობის აზრით კვლავაც არ პასუხობს დღევანდელობის მოთხოვნებს და 69.8% აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯები ბოლო 6 თვეშიც არ გადადგმულა;
საყოველთაოდ ცნობილია, რომ დარგის განვითარებისთვის აუცილებელია საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ექსპერტების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე გატარებული პოლიტიკა ხელს შეუწყობს კერძო ინვესტიციების ზრდას სადაზღვევო ინდუსტრიაში (70.3%) თუ სამედიცინო დაწესებულებებში (61.6%);
ექსპერტები თვლიან რომ დარგში გატარებული პოლიტიკა გაზრდის სახელმწიფოს როლს სადაზღვევო კომპანიებში (54.9%) და სამკურნალო დაწესებულებებში (76.9%);
ექსპერტების მიერ პოზიტიურად აღქმული შედეგები და ტენდენციები, სავარაუდოდ, განაპირობა სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პრიორიტეტების მკაფიო ფორმულირებამ და კომუნიკაციამ პროგრამული და/ან სახელმწიფო დოკუმენტებით და მედიით. უარყოფით შედეგები კი სავარაუდოდ გამოწვეული იყო სახელმწიფოს მხრიდან განცხადებული პრიორიტეტების ან არარსებობით ან არასაკმარისი დეტალიზაციით.

მკვლევართა დასკვნით, მთავრობის მხრიდან დარგის პრიორიტეტების მკაფიოდ და გამჭვირვალედ ჩამოყალიბებამ და ადეკვატურმა კომუნიკაციამ შესაძლებელია პოზიტიური გავლენა იქონიოს დარგის მომავალზე და შესაბამისად საზოგადოებრივ აზრზე.

კვლევაში მონაწილე ექსპერტები წარმოადგენენ სამინისტროებს და სამთავრობო სტრუქტურებს, სამედიცინო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პროფესიულ ასოციაციებს, სადაზღვევო კომპანიებს და კვლევით ჯგუფებს.

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” ამგვარ კვლევას ყოველ ექვს თვეში ერთხელ ჩაატარებს, რათა დინამიკაში დააკვირდეს დარგში მიმდინარე მოვლენებს და ამ ცვლილებების მიმართ ექსპერტების დამოკიდებულებას.

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი 2013