Designup

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, მესამე ტალღა

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” აგრძელებს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და გთავაზობთ „საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის“, მესამე ტალღის შედეგებს, რომელიც მოიცავს ექვს თვიან პერიოდს 2013 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აპრილის ჩათვლით.

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი ტრადიციულად, ცდილობს შეაფასოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენები და მათი სავარაუდო გავლენები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

ბარომეტრის მესამე ტალღაში ყურადღება გამახვილებულია სახლემწიფო დაფინანსების ადეკვატურობაზე, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების ფასებზე, ასევე მოსახლეობის ფინანსურ დაცულობასა და კერძო სადაზღვევო სექტორში მიმდინარე ცვლილებებზე. სპეციალისტთა მოსაზრებები შედარებულია სახელმწიფოს ოფიციალურ მონაცემებსა და სფეროში არსებულ სხვა კვლევებს, რათა ნათელი გახდეს, რამდენად დაახლოებულია სპეციალისტთა მოსაზრებები დარგში მიმდინარე პროცესებთან. ბარომეტრში მონაწილე სპეციალისტები არიან სამინისტროების, სამთავრობო სტრუქტურების, სამედიცინო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციების, სადაზღვევო კომპანიების და კვლევითი ჯგუფების წარმომადგენლები.

ბარომეტრის ძირითადი მიგნებები
  • 2013 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო დანახარჯი ჯანდაცვაზე, რამაც ხელი შეუწყო მოსახლეობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას;
    • NDI-ს მიერ 2014 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”- თანახმად მოსახლეობის 40% აღნიშნავს სამედიცინო მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას
    • საქსტატის მონაცემებით, გაიზარდა ქალაქის მოსახლეობის ფინანსური დაცულობა. თუმცა, ფინანსური დაცულობის კუთხით სოფლის მოსახლეობის მდგომარეობა 2013 წელს წინა წელთან შედარებით გაუარესდა.
  • სრულად რომ დაფინანსებულიყო 2013 წლის „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ 48%-ით დაფინანსდა, საფიქრებელია, რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობის მხრივ, საზოგადოება ალბათ უკეთეს შედეგს მიიღებდა;
  • მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ კერძოდ დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდებოდა, 2012-2013 წლებში გატარებული პოლიტიკის შედეგად, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა 117,000 ადამიანით ანუ (20%-ით) შემცირდა და ეს ხალხი ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვა;
  • 2014 წლისთვის მნიშვნელოვნადაა გაზრდილი „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ რისკები, რადგან:
    • 117,000 ადამიანით არის გაზრდილი პროგრამის მოსარგებლეთა რაოდენობა იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ადრე კერძოდ იყო დაზღვეული და მოსალოდნელია, რომ კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდეს 2014 წელს და კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაფინანსება დააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს;
    • 2014 წლის აპრილის მონაცემებით, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობაზე ფასები გაიზარდა 7.1%-ით და მედიკამენტებზე 6.8%-ით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ამ პროგრამის 2014 წლის ბიუჯეტის მსყიდველუნარიანობას;
    • დაბოლოს, 2014 წლის ბიუჯეტი, რომელიც 12 თვეს მოიცავს 5.5%-ით ნაკლებია, ვიდრე იგივე პროგრამის 2013 არასრული წლის ბიუჯეტი, თუმცა იგი შესადარისია იმ დანახარჯისა, რომელიც მთავრობამ რეალურად დახარჯა 2013 წელს.

მეტი: იხილეთ ბარომეტრის ანგარიშში.