Designup

საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების ახალი პრინციპი

საერთაშირისო ფონდმა „კურაციომ“ ბრიტანეთი-საქართველოს პროფესიულ ქსელთან თანამშრომლობით მოაწყო სადისკუსიო კლუბი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობიერების ასამაღლებლად კანონპროექტის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 10 აგვისტოს იქნა მიღებული და 2009 წლის 15 ოქტომბრიდან ამოქმედდა. კანონპროექტი შემუშავდა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ტექნიკური მხარდაჭერით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებული პროექტის CoReform-ის ფარგლებში. კანონპროექტი ევროპაში მოქმედი პროცედურების საფუძველზე შემუშავდა. შესაბამისად იგი სრულიად ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების პროცედურების მიმართ საქართველოში. მოსალოდნელია, რომ ახალი რეგულირების გარემო გაადვილებს მედიკამენტების რეგისტრაციის პროცედურებს, გააუმჯობესებს უსაფრთხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის ზრდას.

კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ იმპორტირებულ მედიკამენტებს საქართველოს მედიკამენტების ბაზრის თითქმის 90% უკავია, შესაბამისად საქართველოს მთავრობისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო იმპორტის რეგულირებისთვის ყურადღება მიექცია და სათანადო ღონისძიებები გაეტარებინა. ამის გამო მედიკამენტებთან და ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებული პოლიტიკა 2007 და 2008 წლებში ყურადღების ცენტრში მოექცა. სადისკუსიო კლუბი აღნიშნული საკითხების შესახებ “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კვლევის მტკიცებულებების პოლიტიკის შემუშავებაში გამოყენების ხელშეწყობის მიზნით” პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია განავითაროს მთავრობის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მტკიცებულებების მიწოდების უნარი. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ მიერ. ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჯანდაცვის პოლიტიკის და სისტემების კვლევის ალიანსი (AHPSR) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“.

ბატონი ვახტანგ მეგრელიშვილი, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ წამყვანი ექსპერტი 2007-2008 წლებში, რომელიც საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევდა კანონპროექტის შემუშავებაში, პრეზენტაციით წარსდგა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე. პრეზენტაცია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა: ა) ძირითადი ინფორმაცია; ბ) რატომ გაჩნდა ფარმაცევტული ბაზარზე ახალი მარეგულირებელი გარემოს შექმნის საჭიროება; გ) საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ ექსპერტების მიერ საქართველოს მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები მედიკამენტების ბაზრის რეგულირების გაუმჯობესების მიზნით; დ) მთავრობის მიერ მიღებული და უარყოფილი რეკომენდაციები; დ) კანონპროექტის მოსალოდნელი გავლენა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გამოხატეს კანონპროექტის განხორციელების მონიტორინგში მონაწილეობის ინტერესი იმისათვის, რომ დააკვირდნენ რა გავლენას მოახდენს კანონპროექტი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე.