საერთაშორისო ფონდმა კურაციომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის (PRIMASYS) კვლევა განახორციელა. PRIMASYS-ის ანგარიში მიმოიხილავს პირველადი ჯანდაცვის სისტემის (პჯდ) ძირითად ასპექტებს, მათ შორის პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, დაფინანსებას, პირველადი ჯანდაცვის სერვისების ინტეგრირებას ჯანდაცვის სისტემაში, ხედვას, პჯდ სერვისების ხარისხს და მოცულობას, მმართველობას და ორგანიზებას, ასევე სისტემის მონიტორინგს და შეფასებას.
PRIMASYS-ის კვლევის ფარგლებში გამოყენებულია კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც აკვირდება, თუ როგორ მუშაობს პირველადი ჯანდაცვის სისტემა და რა ფაქტორები (როგორც კონტექსტუალური, ისე პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებული) ახდენს გავლენას პირველადი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ასევე ზოგადად, 1994 წლიდან დღემდე საქართველოში პირველადი ჯანდაცვის მუშაობაზე.
საქართველოში პირველადი ჯანდაცვაში განხორციელებული რეფორმების ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორების გასააზრებლად კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და ჩატარდა ჩაღრმავებული ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან.
საქართველოს PRIMASYS- ის კვლევა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე რადიკალური რეფორმების ციკლი გამოიარა, რაც დიდწილად ისეთი გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული, როგორიცაა პოლიტიკის ცვლილება, მაკროეკონომიკური ფაქტორები, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და შიდა პროცესები.
დღევანდელი პჯდ სისტემა ქვეყნის მოსახლეობას ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს, განსხვავებული საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის განსხვავებული შეღავათებით. თუმცა, სისტემა კვლავ საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს – საყოველთაოობას, უწყვეტი და ადამიანზე-ორიენტირებული მიდგომის საშუალებით.
საქართველოს PRIMASYS- ის კვლევა ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების კვლევის ალიანსის მხარდაჭერით და ბილ & მელინდა გეითსის ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდა. PRIMASYS-ის კვლევა მსოფლიოს 20 სხვადასხვა საშუალო და დაბალ-შემოსავლიან ქვეყანაში ჩატარდა, მათგან ერთერთს წარმოადგენს საქართველოს ანგარიში და იგი საფუძვლად დაედება პირველადი ჯანდაცვის სისტემების მრავალეროვნულ ანალიზს, რათა განისაზღვროს სისტემური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებს პირველადი ჯანდაცვის მუშაობაზე, პოლიტიკის შემუშავებაზე, სისტემების რეფორმირებასა და და ახალი ინტერვენციების დანერგვზე.
კვლევის სრულად გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.