საერთაშორისო ფონდმა კურაციომ დაასრულა მუშაობა კვლევაზე: “საქართველოში მედიკამენტების ფასები, ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობა”. კვლევა განხორციელდა 2009-2011 წლებში სამ ეტაპად.
კვლევის მთავარი მიზანი მედიკამენტებზე მოსახლეობის ფინანსური და ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
სამი წლის მანძილზე საქართველოში არსებული აფთიაქებსა და სხვადასხვა სახის მედიკამენტებზე დაკვირვების საფუძველზე საერთაშორისო ფონდმა ”კურაციომ” შეისწავლა ფარმაცევტულ სექტორში არსებული პრაქტიკა, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც წარედგინება ჯანდაცვის სექტორის ფართო აუდიტორიას-პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო სექტორსადა სხვა დაინტერესებულ მხარეებს.
კვლევა ჩატარდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. სამი წლის განმავლობაში განხორციელდა ფასების და ფასნამატის მარჟების ანალიზი 52 დასახელების მედიკამენტზე ( ორიგინალი ბრენდი და მათი ექვივალენტი დაბალ ფასიანი გენერიული დასახელების მედიკამენტი) თბილისსა და მთელი საქართველოს მასშტაბით არსებულ ლიცენზირებულ აფთიაქებში.
კვლევაში ერთმანეთთან არის შედარებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ხარისხი ბრენდულ სააფთიაქო ქსელებში და დამოუკიდებელ აფთიაქებში. 2009-2010 წლებში კვლევაში ჩართულ სააფთიაქო ქსელებს (PSP, Aversi, GPC) 2011 წელს დაემატა ფარმადეპო და ფარმაცენტრი.
კვლევაში ერთმანეთთან შედარებულია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა წლების მიხედვითაც. გაანალიზებულია 2009 წელს წამლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ზეგავლენა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე და ფასზე საქართველოში. გაანალიზებულია ფასის ცვლილებების ზეგავლენა პაციენტების მკურნალობის ხარჯებზე სხვადასხვა დიაგნოზის მქონე პაციენტებს შორის.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ:
• 2009 წლიდან ბაზარზე კონკურენცია გაძლიერდა, რამაც ალბათ გამოიწვია ორიგინალ ბრენდებზე ფასნამატის შემცირება. ფასნამატის კლებამ მაქსიმუმს მიაღწია 2011 წელს;
• 2011 წელს ხელმისაწვდომობა გაიზარდა როგორც ბრენდ, ასევე გენერიული დასახელებების მედიკამენტებზე;
• მიუხედავად ხელმისაწვდომობის ზრდისა, გენერიული დასახელების მედიკამენტები ნაკლებადაა წარმოდგენილი ბაზარზე;
• ხელმისაწვდომობა განსხვავებულია რეგიონების მიხედვით. ზოგიერთ რეგიონში ხელმისაწვდომობა კვლავ დაბალი რჩება, განსაკუთრებით გენერიული დასახელების მედიკამენტებზე;
• ხელმისაწვდომობა ყველაზე მაღალია ფარმადეპო/ფარმაცენტრის აფთიაქთა ქსელში , მაშინ როდესაც დამოუკიდებელ აფთიაქებში ხელმისაწვდომობა ყველაზე დაბალია, რაც ალბათ მეტყველებს ამ აფთიაქების არახელსაყრელ კონკურენტულ პირობებში არსებობაზე;
• მიუხედავად მედიკამენტთა ფასნამატის შემცირების ტენდენციისა, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო გამოირჩევა მაღალი ფასნამატით, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიები გაცილებით მეტ თანხას ამატებენ მედიკამენტის ფასს ვიდრე ეს ევროპაშია, რაც შესაბამისად მეტ მოგებას უნდა განაპირობებდეს. აქედან გამომდინარე, საქართველოში ჯანმრთელობის ეროვნულ დანახარჯებში ფარმაცევტული დანახარჯები გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე ევროპის ქვეყნებში.
გავლენა სტანდარტული მკურნალობის ფასზე:
• უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში აღინიშნება სტანდარტული მკურნალობის ფასის შემცირება;
• 2011 წელს სტანდარტული მკურნალობის ფასი გაცილებით შემცირდა ორიგინალი ბრენდებით მკურნალობისას, ვიდრე გენერიული დასახელების
მედიკამენტებით, თუმცა გენერიული დასახელების მედიკამენტებით მკურნალობა შეუდარებლად ნაკლებ დანახარჯებს მოითხოვს მათი დაბალი საცალო ფასის გამო.
მედიკამენტების ფასებისა და ხელმისაწვდომობის კვლევა საქართველოში 2009-2011 წლებში სამ ეტაპად განხორციელდა. კვლევის პირველ და მესამე ეტაპს აფინანსებდა მსოფლიო ბანკი, მეორე ეტაპს კი ღია საზოგადოების ინსტიტუტი.
ნახეთ: კვლევის პრეზენტაცია, კვლევის მოკლე ანგარიში.
ნახეთ ამ თემაზე სტატიები მედიაში: