2013-2014 წლების საერთაშორისო ფონდი ‘კურაციოს’ სახელობის სტიპენდია ანა პეტრიაშვილმა მოიპოვა. იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მისი მომავალი ინტერესის სფერო ფსიქიკური ჯანდაცვაა. სამაგისტრო ნაშრომის მომზადებასაც ამავე თემაზე აპირებს.
‘ვფიქრობ, რომ კვლევის მიზანი, რომელიც დაგეგმილი მაქვს, იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისის ‘აქტიური სათემო თერაპიის’ ეფექტურობის შეფასება არსებულ ამბულატორიულ მომსახურებასთან შედარებით. შევისწავლი მის სოციალურ ფუნქციონირებას და ხარჯთეფექტურობას’- ამბობს იგი.
ანა მოხალისედ მუშაობდა ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაში – ჰოსპისში. ასევე მოხალისედ, 2011 წელს მუშაობდა აშშ-ში მერილენდის შტატში ორგანიზაციის ‘People Encouraging People’ (PEP) მიერ წარმოებულ სათემო ფსიქიატრიულ პროგრამაში. გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსი, სხვადასხვა ეტაპზე, ჰქონდა შესაძლებლობა და ინტერესი, აქტიურად ჩართულიყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებში, რომელთაგან ერთ-ერთია ნარკოტიკებით მიყენებული ზიანის შემცირება.
როგორც თავად ამბობს, კურაციოს სახელობის სტიპენდია მისთვის დიდი მოტივაციაა.
‘ჩემთვის კურაციოს სტიპენდიანტობა ერთდოულად დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მონაწილეობა მივიღე სასტიპენდიო კონკურსში და გავიმარჯვე. პირადად ჩემთვის ამ პროგრამაში გამარჯვება არის სტიმული, რომ მეტი მონდომებით და მაღალი ხარისხით განვაგრძო მუშაობა. ვფიქრობ ჩემს მიერ არჩეულ კვლევაზე მუშაობის პროცესში ძალიან დამეხმარება კურაციოს ექსპერტების გამოცდილება და რეკომენდაციების მიღება. ეს სტიპენდია საშუალებას მაძლევს უფრო სრულყოფილად გავაკეთო სამაგისტრო ნაშრომი საქართველოში აქტიური სათემო ფსიქიატრიულ მომსახურებაზე.’ – ამბობს ანა.
კურაციოს სახელობის სტიპენდიის პროგრამის 2012-2013 წლების გამარჯვებულიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო სკოლის სტუდენტი იყო.