2010 წლის იანვრიდან ივლისამდე საერთაშორისო ფონდმა “კურაციომ” ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად განახორციელა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა გლობალური ფონდის აივ/შიდსის პროგრამების გავლენის შესწავლას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების როლზე საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში.
კვლევის პროცესში ორგანიზაციამ გააანალიზა სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირების საქმიანობა, რომელიც აივ/შიდსის რეფორმირებას, წამალდამოკიდებულების პოლიტიკასა და მათ განხორციელებას უკავშირდება პოსტსაბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში. შესწავლის პროცესში ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუები საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში. გამოკითხულ იქნა 49 სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი და 22 გადაწყვეტილების მიმღები პირი.
4 ივლისს კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაგეგმარება“ სახელწოდებით „გლობალური ფონდის მხარდაჭერის გავლენა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში- შედეგიანი ჩართულობა თუ საუბარი არაფერზე?“
როგორც კვლევის შედეგებმა ცხადყო, გლობალური ფონდის მხარდაჭერამ ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების კვალიფიკაციის გაუმჯობესებას და ნდობის გაზრდას ხელისუფლების მხრიდან; უფრო ეფექტური გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლენა აივ/შიდსთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პოლიტიკაზე.
რესპონდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ გლობალური ფონდის მიერ ადვოკატირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება არასაკმარისი და არაპირდაპირი იყო; გარდა ამისა, ხშირად ჰქონდა ადგილი დაფინანსების შეწყვეტას. გლობალური ფონდისგან დაფინანსების მოპოვების მცდელობა კონკურენტულ პირობებს ქმნიდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა კოლექტიური საქმიანობის ჯანსაღ გარემოში წარმართვას. ამის შედეგად, ერთობლივი ადვოკატირებაც ნაკლებად ეფექტური იყო.
კვლევა განხორციელდა ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით.
ნახეთ სტატია ონლაინ ან გადმოტვირთეთ. (ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე).