Designup

განცხადება მედიის წარმომადგენლებისთვის – კვლევა ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების შესახებ დასრულებულია

ნარკოტიკების ინტრავენური მომხმარებლების მხოლოდ ¼ გადის აივ ტესტირებას, რის გამოც ისინი საკუთარ მეუღლეებს, მეგობარ გოგონებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას ეპიდემიის საფრთხის წინაშე აყენებენ.

საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ განცხადებით: “ ინფექციის პრევენციის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოტივირება, რომ გაიარონ ტესტირება”.
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ და საზოგადოებრივი კავშირი „ბემონის“ მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, ნარკოტიკების ინექციურმა მომხმარებლებმა შესაძლოა მათი რეგულარული პარტნიორები აივ ინფექციის გადადების საფრთხის წინაშე დააყენონ უსაფრთხოების ზომების იგნორირების გამო სქესობრივი ურთიერთობის დროს.

2009 წელს საქართველოს ხუთ სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი და გორი) კვლევის მიხედვით, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მხოლოდ 25%-ს გაუვლია აივ ტესტირება სიცოცხლეში – მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ტესტირება უფასოა და ფიზიკურად ხელმისაწვდომია.

ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს, განსაკუთრებით თბილისში, მიღებული აქვთ კარგი განათლება. მათი ნახევარი დაქორწინებულია. თბილისელი ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები ძირითადად სუბოტექსს მოიხმარენ, მაშინ როცა ბათუმის მაცხოვრებლები ჰეროინს ანიჭებენ უპირატესობას.

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან ინფექციის გადაცემის გზებზე, მაგრამ მაინც საკუთარი ქცევით რისკის ქვეშ აყენებენ მათ პარტნიორებს ისევე, როგორც სხვა ნარკოტიკების მომხმარებლებს, რომლებიც მათ მიერ გამოყენებული ნემსით სარგებლობენ.

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დაახლოებით ნახევარს შემთხვევითი სქესობრივი პარტნიორები ჰყავს, რომლებთანაც ყოველი მეორე მათგანი არ იყენებს დამცავ საშუალებას-კონდომს. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ რიგ შემთხვევებში, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები არ იყენებენ დამცავ საშუალებებს მეუღლეებთან და მეგობარ გოგონებთან.
ბათუმში მცხოვრებ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ ინფექციის გავრცელების და რისკის შემცველი ქცევის გაცილებით მაღალი დონე შეინიშნება, ვიდრე სხვა ქალაქებში.

„ტესტირების გავლის მსურველთა მცირე რიცხვის გამო ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების დიდი ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას მისი აივ სტატუსის შესახებ, რაც იწვევს მაღალი რისკის შემცველ ქცევას“, აცხადებს ქეთევან გოგუაძე, პროექტის მენეჯერი. „ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების მოტივირება, გაიარონ ტესტირება ამ ინფექციის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა“.
კვლევა ჩატარდა 2009 წელს გლობალური ფონდის მხარდაჭერით ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო ფონდი „კურაციოს“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში.